ფუტსალის ჩემპიონატში ცვლილებაა: სეზონი 27 სექტემბერს გაიხსნება

AutoSharing Option
"ლელო" წერდა, რომ 23 სექტემბერს ფუტსალში საქართველოს XX ეროვნული ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო, თუმცა გეგმებში ცვლილებებია.

"ჩემპიონატი 27 სექტემბერს დაიწყება, კენჭისყრა კი 24 სექტემბერს გაიმართება. მონაწილეობას 7 კლუბი მიიღებს - "იბერია სტარი", თსუ, "იმერეთი" (ქუთაისი), "სოკარი", "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია", სტუ -თელასი, "თელავი". ტურნირი 4 წრედ ჩატარდება.

გადაწყდა, რომ ამიერიდან ჩემპიონატის სპონსორები იქნებიან "იბერია ბიზნეს ჯგუფი", "აჭარაბეთი" და "ბორჯომი", რაც ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან ცქიტიშვილის დამსახურებაა - სპონსორები სწორედ მან მოიზიდა.

მსაჯებს რაც შეეხება, ტურნირს ფიფას ფუტსალის მსაჯები მოემსახურებიან. ფუტსალის ასოციაციას გვერდში
უდგას მსაჯი მამუკა ურუშაძეც და თამაშებს ისიც განსჯის" - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა.

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ოქტომბერში პორტუგალიასთან საკონტროლო მატჩისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ზაქაიძე (თსუ), გაბუჩია ("თელასი"), ჯამბურია ("იბერია სტარი"), კეფაშვილი ("თელასი");

მოთამაშეები: ასათიანი, ბოკერია, კუბლაშვილი, ცნობილაძე, ცხომარია, შელეგია, ხოსრუაშვილი, სოზაშვილი ("თელასი"), კაკაბაძე, თოფურია, ჭანუყვაძე, ბობოხიძე, ჯაფარიძე, ლუკავა, კობაიძე (თსუ), ჯვარაშვილი, ალთუნაშვილი, ძაბირაძე ("იბერია სტარი"), მაყაშვილი, შერმადინი, ლუკავა, ტიკურიშვილი ("სოკარი").

ავთანდილ ასათიანი და მისი თანაშემწე ბესო არველაძე ეროვნული ნაკრების კანდიდატებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ. გასაგები მიზეზის გამო, თბილისში ჩამოსვლა და შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს ლეგიონერებმა - ბაქოს "ნეფთჩის" მოთამაშეებმა მაისაიამ და სებისკვერაძემ; აგრეთვე, კვიპროსის "ომონიას" ლიდერებმა, დევდარიანმა და თოთლაძემ.

"სანაკრებო თემას შევეხეთ და გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლოს თბილისში დანიასთან ორი ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გამოგვიგზავნეს წერილი, რომ ბილეთები ეძვირათ. ასე რომ, ოქტომბერში პორტუგალიასთან მატჩებით შემოვიფარგლებით.

აქვე ვიტყვი, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა უელსის ფედერაციასთან, რომელმაც ფუტსალის ორგანიზაცია ახლა ჩამოაყალიბა. ურთიერთობა ცნობილ უელსელ მეკარე ნევილ საუტჰოლთანაც მაქვს, რომელსაც კარდიფში დიდი ავტორიტეტი აქვს და ამხანაგურ შეხვედრებზე დახმარება აღმითქვა" - ამბობს კვიციანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მცირეოდენი შესწორება 29-30 სექტემბერი ჩემპიონატის პირველი ტური...
beka
15:21 21-09-2012
0

სიახლეები პოპულარული