საქართველოსა და მალტის გარდა, ოთხთა ტურნირზე საბერძნეთისა და ინგლისის ნაკრებები ითამაშებენ, მატჩები კი 5-11 იანვარს ლა-ვალეტაში გაიმართება.
ინგლისის ნაცვლად, მალტელებმა თავიდან დანია მიიპატიჟეს, მაგრამ უარი მიიღეს. ეტყობა, დანიის ასოციაციას სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან სპარინგების გამართვაზე ავიაბილეთების სიძვირის გამო თბილისში ჩამოსვლაზეც უარი თქვეს.
ჩვენი და კუნძულელთა მეგობრობა სათავეს 2007 წლის იანვრიდან იღებს, როდესაც ქართველი ფუტსალელები ლა-ვალეტას შესარჩევი ციკლის მატჩის ჩასატარებლად
ორი წლის შემდეგ უეფას შესარჩევი ციკლის ჩატარება ისევ მალტამ ითავა და მათ ჯგუფში კვლავ ჩვენები მოხვდნენ. მასპინძლებსაც კვლავ ვძლიეთ 3:1 და ელიტრაუნდშიც გავედით. მაშინ ნაკრებს ავთანდილ ასათიანი ბესო არველაძესთან ერთად ავარჯიშებდა.
მესამედ კუნძულელები გასულ წელს თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის მატჩში გავანადგურეთ - 8:0.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უარყოფითი ბალანსი არც ტურნირის სხვა მონაწილეებთან აქვს: საბერძნეთთანაც ორჯერ ვითამაშეთ - ერთი მოგება და ერთი წაგება. ინგლისს 3-ჯერ შევხვდით და სამივე მოვიგეთ: ორჯერ თბილისში ამხანაგურად (4:3 და 8:3), მესამედ კი მაკედონიაში - 4:0.
თბილისურ მატჩებში ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა (რომელიც მაშინ გუნდის კაპიტანი გახლდათ) ბრიტანელთა კარი რამდენჯერმე აიღო.
"2007 წელს მალტის ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯოზეფ მიფსუდმა სიტყვა მოგვცა, რომ ჩვენთან ითანამშრომლებდა და ასეც მოხდა.
მართალია, მიფსუდი დღეს კუნძულელთა ფედერაციის მმართველი აღარ გახლავთ, მაგრამ იქაურ საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტი აქვს.
ასევე ძალზედ დაგვეხმარა მალტის ფუტსალის ეროვნული ნაკრების ჰოლანდიელი მწვრთნელი ვიკ ჰერმანსი, რომელიც პარალელურად ფიფა-ში ფუტსალის ინსტრუქტორია", - ამბობს ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი ბექა კვიციანი.
ასათიანი საკონტროლო მატჩების დაგეგმვით კმაყოფილია:
"ჩემი აზრით, ოქტომბერში პორტუგალიასთან ორი ამხანაგური მატჩი და მალტის ტურნირზე სამი შეხვედრა ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებული გამოსვლის საწინდარი უნდა გახდეს.
სპარინგების კალენდარიც პროფესიონალურად დაიგეგმა. მართალია, პირველად გრანდს ვხვდებით, მაგრამ ეს ტესტი ჩვენს ნაკრებს აუცილებლად წაადგება".
ასათიანის გაწვრთნილებს აქვთ შანსი, მალტის ტურნირის მთავარი თასი თბილისში ჩამოიტანონ და უეფას შესარჩევი ციკლი კარგი განწყობით დაიწყონ. 4 დეკემბერს კენჭისყრაზე გავიგებთ, სად გაიმართება თამაშები და ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები.
აქვე ვიტყვით, რომ მსოფლიო ფეხბურთში გრანდი პორტუგალია 24-25 ოქტომბრის მატჩებისთვის თავისივე ხარჯით მეფურ პირობებს გვპირდება. იგივეს ვიტყვით მალტის ფეხბურთის ფედერაციაზეც - ახლა, მთავარია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ გზის ხარჯები გაწიოს.
არაა გამორიცხული, ნაკრებმა ნოემბერში თბილისშიც ითამაშოს: სავარაუდოდ, ამ დროს თბილისს იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პრინცი ალი ჰუსეინი (რომელიც არაბულ სამყაროში ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის მარჯვენა ხელია) ქვეყნის ფუტსალის ნაკრებთან ერთად ეწვევა და ავთანდილ ასათიანის შეგირდებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
იორდანიის ნაკრებების მენეჯერმა მოჰანად მაჰადინმა ქართველებთან გაჯიბრებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. საბოლოო პასუხი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ, მომავალ წელს საქართველოში საპასუხო სპარინგისთვის პორტუგალია გვესტუმრება. კონკრეტულ თვეს პირინეელთა ნაკრების თავკაცი ჟორჟ ბრაზი ტაილანდის მუნდიალის შემდეგ დაასახელებს. დეტალების შესათანხმებლად, სფა-ს თავკაცები მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფერნანდო გომეშს ოქტომბრის მატჩების დროს ლისაბონში შეხვდებიან.
გომეშმა წინასწარი თანხმობა უკვე თქვა, მისი ქვეყნის ნაკრები მომავალ წელს საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ რომ ესტუმროს - ქართულ მხარეს მარტო მათი დაბინავების ხარჯი დააწვება.
საქართველო-პორტუგალიის თამაშს მეტად დიდი ეშხი რომ ჰქონდეს, საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე ჩვენი ასოციაცია მოლაპარაკებას პორტუგალიური ფეხბურთის ვარსკვლავ ეუსებიოსთან აწარმოებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საერთაშორისო