სერჟიო ბენატი: "იბერია სტარს" ჯგუფში გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს

AutoSharing Option
11-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სპორტის სასახლე ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდის D ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ჯგუფში, საქართველოს ჩემპიონ "იბერია სტართან" ერთად, პორტუგალიური "ბენფიკა", იტალიური "ლუპარენსე" და უნგრული "დიორი ეტო" იასპარეზებენ.

გათამაშების ოთხთა ფინალში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის და საკლუბო ფუტსალის გრანდებთან უმძიმესი ბრძოლები გველის: "ბენფიკა" ფიფას რეიტინგს სათავეში უდგას, "ლუპარენსე" - მე-5 ადგილზეა, "დიორი ეტო" კი მე-17-ეზე.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო სახეობებში მოასპარეზე ქართულ კლუბებს შორის "იბერიას" საუკეთესო რეიტინგი გააჩნია და მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

10 ოქტომბერს სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონმა
სპორტული მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო ბენატიმ კი ელიტრაუნდის სამზადისზე იმედიანად ილაპარაკა:

"უძლიერესი მეტოქეები შეგვხვდა. ამის მიუხედავად, მგონია, რომ ჩვენ ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადეთ და ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.

საკუთარ კედლებში თამაში და კარგი მომზადება ის საფუძველია, რაც მაიმედებს.

მჯერა, რომ "იბერია" შეძლებს და პირველად გავა ოთხთა ფინალში. ჩვენ ამის საკმა
ოდ დიდი შანსი გვაქვს", - განაცხადა ბენატიმ.

ჩვენს ერთ-ერთ მეტოქეს, იტალიურ "ლუპარენსეს" ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ინტერნეტ-რეპორტაჟის გადაცემა სურს. სწორედ ამ მიზნით, კლუბის პრესსამსახური "ლელოს" დაუკავშირდა და დაინტერესდა, რომელიმე ქართული არხი მატჩების ტელეტრანსლაციას თუ აპირებდა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული რედაქციის პროდიუსერის, დავით მინაშვილის თქმით, რეპორტაჟები საქართველოს ჩემპიონის, "იბერიას" მონაწილეობით იგეგმება.

ფუტსალის უეფას თასი. ელიტრაუნდი. D ჯგუფი
თბილისი, სპორტის სასახლე

11 ოქტომბერი

ბენფიკა-დიორი ეტო 15:45
იბერია სტარი-ლუპარენსე 18:15

12 ოქტომბერი
ლუპარენსე-ბენფიკა 15:00
იბერია სტარი-დიორი ეტო 17:30

14 ოქტომბერი
დიორი ეტო-ლუპარენსე 15:45
ბენფიკა-იბერია სტარი 18:15

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული