ეროვნული ჩემპიონატი ფუტსალში: "იბერია სტარი" მოგებით და სერჟიო ბენატის გარეშე იწყებს

AutoSharing Option
10 ნოემბერს ფუტსალში საქართველოს XX ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. 6 გუნდი სამ წრედ ითამაშებს, ჩემპიონი კი მაისში გაირკვევა.

სპორტკომპლექს "არენაში" შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ბევრი გოლი იხილა. პირველად ერთმანეთის ეროვნული ნაკრების მოქმედი (ავთანდილ ასათიანი) და ყოფილი მწვრთნელის (პეტრე თაბუკაშვილი) კლუბები, "თელასი" და GIEC დაუპირისპირდნენ - მატჩი პირველის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონმა "იბერია სტარმა" თასის მფლობელს, თსუ-ს 7:4 მოუგო. ჩემპიონი თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმი 3:3 დასრულდა და მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნდა.

შესვენების შემდეგ უეფას თასის ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერიამ" უკეთ
ითამაშა და სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ სერჟიო ბენატის ნაცვლად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საასპარეზოდ ალიკ სარქისიანმა გაიყვანა. ბენატი ბრაზილიაშია და თბილისში მალე დაბრუნდება.

უნდა ითქვას, რომ თამაშმა იმედები გაამართლა და გამარჯვებულმაც და წაგებულმაც მოედანი აპლოდისმენტებით დატოვეს.

ბოლო მატჩში "სოკარმა" თელაველი სტუდენტები 13:3 გაანადგურა. მენავთობეების გუნდს სათავეში უდგანან რევაზ ალექსიძე და დავით სოლოღაშვილი, რომელთაც ქართული ფუტსალის ეროვნული ნაკრების ღირსება არაერთხელ, თანაც წარმატებით დაუცავთ.

პირველი წრის მე-2 ტური მომავალ შაბათს, 17 ნოემბერს კვლავ "არენაში" გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული