ტურნირისთვის მზადება დაიწყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც შევიდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ტურნირის დირექტორი დიმიტრი ბოკერია. ისინი არსებული პრობლემების მოგვარებას უეფასთან კოორდინაციით ცდილობენ.
უეფამ გაიზიარა ქართული მხარის ინიციატივა და ოთხთა ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 26 და 28 აპრილს (პარასკევი და კვირა) დანიშნა, რათა მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწროს.
უეფას სამუშაო ჯგუფის წევრები თბილისში 29 იანვარს გვეწვევიან, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას,
"იბერიას" მენეჯერი გიორგი დარჯანია გველაპარაკა, რა პრობლემებია მოსაგვარებელი:
"უეფა პარკეტის შეცვლას ითხოვს. ამჟამინდელი მაღალი ხარისხისაა, მაგრამ სხვადასხვა სახეობისთვის არის დახაზული, რაც ოთხთა ფინალის დროს უხერხულია.
მიღებული პრაქტიკაა, რომ შავი ფერის საფარზე ითამაშონ, რომელიც საგანგებოდ მხოლოდ ფუტსალისთვის დაიხაზება. საკითხს უეფას სპეციალისტები პარკეტის მწარმოებელი ინგლისური კომპანიის წარმომადგენლებთან შეათანხმებენ და სპეციალურ მასალას ჩამოიტანენ.
გასაფართოებელია ჟურნალისტთა ლოჟა. ადგილების რაოდენობა ვიპ-ლოჟაშიც არასაკმარისია, რადგან უეფადან და მონაწილე ქვეყნებიდან ძალიან ბევრ სტუმარს ველით. სატელევიზიო წერტილების საკითხი კი მხოლოდ "ევროსპორტის" წარმომადგენელთა ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.
დასადგენია, რა რაოდენობის სტუმარი ჩამოვა, რომ ყველა გუნდს იზოლირებული სექტორი დავუთმოთ და მათ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ.
ყველაზე ნაკლებად პრობლემა პარკირებაზეა, რადგან სპორტის სასახლის გარშემო არსებული 800-მდე ადგილი სრულიად საკმარისია. იგივეს ვიტყვი სპორტის სასახლის განათებაზეც, დღევანდელი მაჩვენებელი "ევროსპორტის" მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს.
მთავარია, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარებადია და პრობლემას ვერ შეგვიქმნის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"