კახა დევდარიანი: ვერაფრით გავაგებინე ზვიად სიჭინავას, რა არის ფუტსალი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

დევდარიანის თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფუტსალის განვითარებას გულგრილად ეკიდება...

- ჩემი პრეტენზია ძალიან მკაფიო და გამჭვირვალეა: ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დროს ათგუნდიანი ჩემპიონატი ექვს გუნდამდე შემცირდა, დაიკარგა რეგიონის კლუბები, ახლა მხოლოდ თბილისის და თელავის გუნდები მონაწილეობენ. ასე რომ, ფუტსალის არეალი შემცირდა, რამაც ჩვენ უდიდესი დარტყმა მოგვაყენა.

- ამაში სიჭინავა რა შუაშია?
- მის უგულო დამოკიდებულებას წავაწყდით. ეს იმაში გამოიხატება, რომ ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა, რომ ფაქტობრივად,
სახლ-კარის გარეშე ვრჩებოდით. ვამჩნევდი, დიდად ჩემი პიროვნება არ ახალისებდა და ნორმალურად არც გვისმენდა.

ბრიყვი არ ვარ და შევთავაზე ნებისმიერი პროფესიონალის მოყვანა, მე კი გადავდგებოდი.

ფაქტობრივად, ფუტსალმა სამი წელი დაკარგა, დაინგრა ბავშვთა სკოლა, ახალგაზრდული ნაკრები და ეროვნულმა გუნდმაც წარმატებას ვერ მიაღწია.

არადა, უსახსრობის მიუხედავად, ჩემი მოღვაწეობის დროს ფუტსალის ნაკრები ფიფას რეიტინგში 87-ე ადგილიდან 22-ეზე დაწინაურდა. ეს ბატონ ზვიადსაც ვუთხარი, მაგრამ შრომა მაინც უარყოფითად შეგვიფასა.

საინტერესო იყო ჩემ მიმართ მისი ნათქვამი ფრაზაც, რა ხდება ამ ფუტსალში, ბრეჟნევივით დიდხანს რომ არიან პოსტებზეო.

აბა, ამ განცხადებით გასაგები არ გახდა, რომ ჩემი გადაყენება სურდა? ამას ბრიყვიც არ დაუჯერებს და ასეც მოხდა, მოიყვანა თავისი ხალხი და წაგვართვეს "ქარიშხალა", რომელიც ფუტსალს ასულდგმულებდა.

მოკლედ, ფუტსალში ბევრი რამ უკან წავიდა, ახალგაზრდული ნაკრები აღარ გვყავს; ისე გამოდის, თბილისის ჩემპიონატს ვატარებთ. ბათუმი, გორი, ახალციხე, მცხეთა აღარ მონაწილეობენ და ფუტსალის არეალი შემცირდა.

ვერაფრით გავაგებინე ამ კაცს, რა არის ფუტსალი. არადა, ფუტსალი კლასიკური ფეხბურთის შვილობილია და ერთის განვითარება მეორეზეც დადებითად იმოქმედებს. ეს ელემენტარული საკითხი რომ არ გესმის, უნდა გადადგე.

- გულახდილად ვთქვათ, ფუტსალს სერიოზულად ბევრი პრეზიდენტი არ ეკიდებოდა და არა მხოლოდ სიჭინავა.
- საერთოდ, მთლიანად ქართული ფეხბურთის საქმე ძალიან ცუდად არის და ამიტომაც მხარს ვუჭერ "ჩვენი ფეხბურთის" პოზიციას, რომელიც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. საქართველოში ბევრი ადამიანი მეგულება, რომელიც საქმეში სიჭინავაზე უკეთ ერკვევა.

- რიგგარეშე არჩევნების საკითხი დროებით გაყინულია. უეფას აღმასკომის წევრმა გრიგორი სურკისმა პირდაპირ თქვა, რომ უეფა ხელისუფლების ყოველ შეცვლაზე ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის გადარჩევას არ მიესალმება.
- უეფა და ფიფა გიორგი ნემსაძის 15 წუთში ძალით გადაყენებას მიესალმა? საერთოდაც, ჩვენ სიმართლით და საკუთარი საჭიროებით უნდა ვიცხოვროთ და არა ვიღაცის რჩევებით, რომელიც ჩვენს ვითარებაში კარგად ვერ ერკვევა. მთავარია, ქართველმა არ თქვას, რა სტკივა და რას განიცდის და არა ის, იმან რა თქვა და ამან რა დაამატა.

ქართველი ფეხბურთის კატასტროფულ მდგომარეობასა და უსამართლოდ ჩატარებულ არჩევნებს განიცდის, იმ უცხოელისგან განსხვავებით.

ქვეყანაში უნდა დაფასდეს ცოდნა და გამოცდილება. არ შეიძლება ისეთი პრეზიდენტები ინიშნებოდნენ, რომელთა წარსული კარგად არ არის ცნობილი და ამის გამო ეს ინსტიტუტი გაუფასურდა. ასე არაფრიდან დარგის ხელმძღვანელი არ უნდა იბადებოდეს.

და კიდევ: აუცილებელია, რომ კონკურენცია პროფესიონალებს შორის წარმოებდეს. არ შეიძლება, ორი ვადით იყო და კონკურენტი არ გყავდეს. როდესაც არჩევნებში განაცხადის შეტანის სურვილი არავის აქვს, ეს არ არის თავისუფალი არჩევნები. თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, ეს როგორ ხდებოდა. ამიტომ უხერხულიც არის იმაზე ლაპარაკი, სიჭინავას პრეზიდენტად მოსვლის დროს იყო თუ არა ზეწოლა - რა თქმა უნდა, იყო.

- ამას რომ ამბობთ, კონკრეტულ მაგალითს მოგთხოვენ.
- არჩევნებში ბატონ სიჭინავას კონკურენტი არ ჰყავდა და მეტი რა მაგალითი გინდათ? ეს ის პოსტია, რომელსაც ძალიან ბევრი ეშურება და დავიჯეროთ, ისე მოვიდა, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო? ხომ ვიცით, რომ ეს ტყუილია. სანამ ამ ფარისევლობას ექნება ადგილი, ფეხბურთს არაფერი ეშველება.

დროა, ფეხბურთი ძველი პოლიტიკის გავლენებისგან განთავისუფლდეს. მე რომ გამიშვეს, სწორედაც რომ ზეწოლას ვგრძნობდი.

კონკრეტული მაგალითი ხომ გაინტერესებდათ? გეტყვით ფრაზას, რაც მაშინ მითხრეს - ჩვენს უკან ძალა დგასო! მაშინ გავეცი ის პასუხი, რაც კაცს შეშვენის, მაგრამ ეს საზოგადოებისთვის უცნობია. რას ნიშნავს, შენს უკან ძალა დგას, რა, ჩვენ კრიმინალები ვიყავით თუ ჩემი წვერები არ მოსწონდათ? იქნებ რამე არ გავაკეთეთ ქვეყნისა და ხალხისთვის?

ჩემი გადაყენების შემდეგ პირველი ტურნირი შსს-ს აკადემიაში ჩატარდა, რაც ყველას გაუკვირდა. შემდეგ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებიც იქ მივიღეთ. ეს რა მინიშნება იყო?

მეორეც: საფეხბურთო სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან კომფორმისტულ პოზიციას არ იკავებდა. იგივე კალაძის ამბავი ავიღოთ. ამ დროს, შენ რომ დუმხარ და მისი ნაკრებიდან წასვლის გამო არ წუხხარ და გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე არაფერს ამბობს, ეს არ არის გამართლებული.

ჩემთვის გაუგებარი იყო ლევან ყიფიანთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება, რომ სინდისში ჩაიხედა და იქ ვერაფერი დაინახა. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავში ხინჯს ხედავს და არა მგონია, ასეთი თავდაჯერებული განცხადება გამართლებული იყოს.

ყველა საკითხი ღია და საჯარო უნდა გახდეს და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ფედერაციის სუბიექტებმა თავად უნდა თქვან, რა უჭირთ, რა ულხინთ, რას ელიან და რა უნდა გავაკეთოთ ხვალ. ის რომ ააშენე, მხოლოდ ამაზე ლაპარაკი უხერხულია. თავისთავად ცხადია, სახელმწიფო სახსრებით რომ გეხმარება, უნდა ააშენო, მაგრამ მეტი უნდა გაკეთებულიყო.

* * *
...კახა დევდარიანის მოსაზრებას ეთანხმება ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტრე თაბუკაშვილი და ამბობს, რომ დევდარიანის გათავისუფლების დროს ფუტსალის სამყაროზე მართლაც იყო ზეწოლა და ბოლო სამ წელიწადში ფუტსალის ადგილობრივი პროექტები ჩაიშალა.

კახა დევდარიანის განცხადებაზე კომენტარისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფუტსალის ასოციაციასთან აქტიურად თანამშრომლობს და სრულად იზიარებს იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს.

ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არაერთხელ გამოუცხადა თანადგომა ფუტსალის ასოციაციას, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ბოლო სეზონში არაერთი პრობლემა ჰქონდა.

შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ ინფორმაციას ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ფუტსალთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

არსებობდა რეალური საფრთხე, რომ გასული სეზონის ჩემპიონატი უსახსრობის გამო ჩაშლილიყო. პირველობის სრული დაფინანსება და გუნდების ტრანსპორტირება ფეხბურთს ფედერაციამ უზრუნველყო.

ქართულმა მხარემ არაერთი საქმიანი მოლაპარაკება გამართა უეფას მაღალჩინოსნებთან ფუტსალის ოთხთა ფინალის თბილისში ჩატარებაზე.

ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საკლუბო გათამაშების მასპინძლად დასახელდა.

აპრილში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი უეფასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფუტსალის ასოციაციის აქტიურ თანამშრომლობაზე სრული ინფორმაცია თავად ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელობისგან შეგიძლიათ მიიღოთ",
- გვითხრა სფფ-ის პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ.

კახა დევდარიანი: ფუტსალს ზეწოლით ჩამომაშორეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული