ავთანდილ ასათიანი: ხომ იცით, რას ნიშნავს გაუმართლებლობა?

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მალტაში, საერთაშორისო ტურნირზე, ორი შეხვედრა გამართა - 6 იანვარს საბერძნეთთან 2:4 წააგო, 7 იანვარს კი მასპინძელ მალტას 10:1 სძლია.

ამგვარად, ტურნირზე გამარჯვების მხოლოდ თეორიული შანსი დაგვრჩა, რადგან საბერძნეთმა ინგლისთან მეორე შეხვედრაც მოიგო (3:0) და ფაქტობრივად, გამარჯვებულია.

9 იანვარს დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართება: საქართველო ინგლისს შეხვდება, ელინები კი მასპინძლებს დაუპირისპირდებიან.

განვლილ თამაშებზე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს კომენტარი ჩამოვართვით:

"მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან 2:4 წავაგეთ, მე თამაშით კმაყოფილი დავრჩი. გადაუჭარბებლად ვიტყვი: რაც მე ნაკრებს ვავარჯიშებ, ასეთი კარგი ფეხბურთი
ჩვენ ბევრჯერ არ გვიჩვენებია.

1:1-ზე ბერძნების კართან შტურმი მოვაწყვეთ, მაგრამ მსგავს უიღბლობასაც ვერ ვიხსენებ: ისეთი მომენტები შევქმენით, რომელთა გამოუყენებლობაც არ გვეპატიებოდა და ასეც მოხდა: საფეხბურთო კანონი ამოქმედდა და ალოგიკური ბურთები გაგვიტანეს.

მეტოქესაც ვერ დავაკნინებ: ეს ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ადრინდელი შეხვედრებიდან მახსოვდა.

სხვათა შორის, გამიხარდა, მატჩის შემდეგ ბერძნების მწვრთნელმა თავად რომ აღიარა, შემთხვევით გავიმარჯვეთო.

მეორე შეხვედრა მალტასთან 10:1 მოვიგეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქედან ზარ-ზეიმი უნდა მოვაწყოთ. წინასწარ ვიცოდით, რა დონის გუნდი იყო და აუცილებლად უნდა მოგვეგო. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, საგოლე მომენტების რეალიზაცია გახლდათ. ბიჭებს წინასწარ ვთხოვე, რომ მომენტები მაქსიმალურად გამოეყენებინათ და გაფრთხილებოდნენ. ამ დაუდევრობისთვის ხომ საბერძნეთმა დაგვსაჯა.

საბედნიეროდ, ბიჭებმა ფხა გამოიჩინეს. გამიხარდა, რომ ახალწვეულები კარგად გამოიყურებიან და ნელ-ნელა იხსნებიან. ჩვენ მათ სამომავლოდ დიდ იმედებს ვუკავშირებთ.

ბოლო ტურში ინგლისს შევხვდებით, რომელიც ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. არადა, ადრე იოლად ვუგებდით. ასე რომ, ბრიტანელებთან საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველის.

საერთოდ კი, ტურნირით ძალიან კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ მალტაზე გამგზავრებით კარგი საქმე გაკეთდა.

შესარჩევ ეტაპამდე გუნდის შეთამაშება და ბიჭების ხასიათზე მოყვანა უნდა შევძლოთ. იქ კი ჩვენი მთავარი მეტოქე მოლდოვა იქნება, რომლის ძალაზეც წარმოდგენა უკვე გაგვაჩნია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაური რას ნიშნავს, მერაბ?
odala
12:16 09-01-2013
0

სიახლეები პოპულარული