სერჟიო ბენატი და "იბერია სტარი" - მსოფლიოში მეხუთეები

AutoSharing Option
4 თებერვალს  ჟურნალმა "ფუტსალპლანეტმა" (სახეობაში ყველაზე პოპულარული გამოცემაა) ფუტსალში 2012 წლის მსოფლიოს საუკეთესო კლუბად "ბარსელონა" აღიარა.

ერთ-ერთი ნომინანტი საქართველოს ჩემპიონი და უეფას თასის მიმდინარე გათამაშების ოთხთა ფინალის მონაწილე "იბერია სტარი" იყო.

საბოლოოდ, მწვრთნელის დარად, "იბერიაც" მსოფლიოში მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში მე-3 კლუბად დაასახელეს.

დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, მსგავსი აღიარება არც ერთ ქართულ კლუბს არ ღირსებია.

საუკეთესოთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. "ბარსელონა" (ესპანეთი)
2. "კარლოს ბარბოსა" (ბრაზილია)
3. "დინამო" (რუსეთი)
4. "ორლანდია" (ბრაზილია)
5. "იბერია სტარი" (საქართველო)

წინა დღეს კი
"ფუტსალპლანეტმა" მსოფლიოს 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა გამოაცხადა. გამარჯვებული "ბარსელონას" მწვრთნელი მარკ კარმონა (276 ქულა) გახდა.

კატალონიელებმა 2012 წელს უეფას თასი (ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა) სწორედ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ "იბერია სტარის" მწვრთნელი სერჟიო ბენატი ასევე იყო დასახელებული მსოფლიოს 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის და საბოლოოდ, ხმების დათვლის შემდეგ, ის მეხუთე ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ ხუთეულში სამი მწვრთნელი ესპანელია, ორიც - ბრაზილიელი. საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1. მარკ კარმონა ("ბარსელონა", ესპანეთი)
2. დუდა ("ელპოსო", ესპანეთი)
3. ტინო პერესი ("დინამო", რუსეთი)
4. სიდაო ("ორლანდია", ბრაზილია)
5. სერჟიო ბენატი ("იბერია სტარი", საქართველო)

ამასობაში საქართველო აპრილში გასამართი ფუტსალის ოთხთა ფინალისთვის ემზადება. საქართველოს "ევროსპორტის" წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომელსაც ოთხთა ფინალის ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს. ტელეარხის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისის სპორტის სასახლე, შეხვდნენ საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელებსა და ტექნიკურ ჯგუფს.

აპრილამდე "ევროსპორტის" დელეგაცია კიდევ რამდენჯერმე ჩამოვა.

"იბერიას" მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე კი ტელეარხის ეთერში იტრიალებს ტურნირთან დაკავშირებული და გაცნობითი სახის სარეკლამო რგოლებიც, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოსა და თბილისს.

ასევე, გასულ კვირას უეფამ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით გამოაგზავნა - კრისტოფ ფონ ვოტენვილი, კიმო ბელმანი, ლორან მორელი, დავით პეტრიაშვილი და ენდრიუ სკოტი. მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ერთად, დეტალურად დაგეგმეს შესასრულებელი სამუშაოები.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტის სასახლის, სასტუმროების, კვების ობიექტებისა და ზოგადად, ქალაქში არსებული და მათთვის საინტერესო ადგილების დათვალიერება-შესწავლა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ქართულმა საორგანიზაციო ჯგუფმა ფეხბურთის ფედერაციისგან კონკრეტული დავალებები მიიღო, სფფ-ისა და უეფას საორგანიზაციო ჯგუფების მორიგი სამუშაო ვიდეოკონფერენცია კი მარტის პირველ დასაწყისში გაიმართება.

წერილს სანაკრებო ინფორმაციით დავასრულებთ: ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის ინფორმაციით, მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩვენს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს სპარინგი ოფიციალურად შესთავაზა.

ბალკანელები თამაშების თარიღად 25 და 26 თებერვალს ასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული