შეკრებას წინ უძღვოდა ნაკრების წევრებთან და კანდიდატებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც.
ცეცაძე საკმაოდ საინტერესო, თანამედროვედ მოაზროვნე სპეციალისტია და ახალგაზრდებთან მუშაობის საკმაო გამოცდილებაც აქვს.
რასაკვირველია, ასაკობრივი ნაკრების სათავეში ის საკუთარი ხედვითა და კონკრეტული პროგრამით მოვიდა. წინ კი პირველი და ძალიან სერიოზული გამოცდა ელის - ელიტრაუნდი.
"უპირველესად, ვფიქრობ, რომ იმ ნიჭიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ, წარმატების მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს.
რაც შეეხება იმას, თუ
მოკლედ, გუნდის შეტევას უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ და გავაძლიერებთ. თამაშის ასეთი სტილი განსაკუთრებით გვხიბლავს ქართველებს და მიმაჩნია, რომ სულაც არაა რთული გასაკეთებელი.
აქვე, მოსამზადებელ პერიოდზეც ვიტყვი, რომ მშვენივრადაა დაგეგმილი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი" - ამბობს ცეცაძე.
- ძალიან ხშირად გხედავდით სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშებზე. რამდენად კარგად იცნობთ იმ თაობას, რომელთა მთავარი მწვრთნელიც გახდით?
- მე მწვრთნელობა 12 წლის წინ დავიწყე და პირველი გუნდი, რომელიც მყავდა, იყო 1996 წელს დაბადებული ბავშვებით დაკომპლექტებული.
შემდეგ, გარდა იმისა, რომ სხვაგანაც მიწევდა მუშაობა, ამ თაობასთან მუდმივად მქონდა შეხება. ასე რომ, მათთვის მე უცხო არ ვარ. ძალიან კარგად ვიცი მათი შესაძლებლობები, მათი ნიჭიერება და შესაბამისად, ალბათ, კომფორტულადაც ვიმუშავებთ.
- ცხადია, რომ ამ ასაკობრივ ნაკრებში არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად ბირთვად მოიაზრებიან. რამდენად მიეცემათ გუნდში მოხვედრის შანსები ახალ სახეებს?
- მე ასე ვფიქრობ და ბიჭებსაც ვუთხარი, რომ ყველაზე მეტად, ნაკრებში თამაში ეკუთვნით იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი ელიტრაუნდამდე მიიყვანეს.
თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკრებში ვინმეს ადგილი აქვს გარანტირებული. მაისისთვის, ვინც ფორმის პიკში იქნება და უკეთესად წარმოაჩენს თავს, ელიტრაუნდში ის ითამაშებს.
ყველას ვუთხარი, რომ ამოსავალ წერტილად დაისახონ ელიტრაუნდი და მაისამდე თავიანთ კლუბებში იმუშაონ, იშრომონ, მოემზადონ...
თუმცა, კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, არიან ბიჭები, ვისაც ამ შესარჩევში რაღაც მიზეზების გამო არ უთამაშიათ, მაგრამ კობა ჟორჟიკაშვილის დროინდელ 17-წლამდელთა ნაკრებში იყვნენ და შანსი მათაც მიეცემათ და იმათაც, ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრება.
ამხანაგური თამაშები იქნება თუ პატარ-პატარა შეკრებები, ყველას დავაკვირდებით. სანამ დრო გვაქვს, ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად, სულ ვივლი პირველი ლიგის თამაშებზეც.
მონიშნული გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი და კიდევ დავაკვირდებით. ერთიცაა - ვინც ამ ნაკრების განაცხადში მოხვდება, ის აუცილებლად სტაბილურად უნდა თამაშობდეს თავისი გუნდის შემადგენლობაში.
გამორიცხულია ინგლისის, ბელგიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ისეთი ფეხბურთელის თამაში, ვინც საქართველოს ჩემპიონატის დუბლების პირველობაზე სკამზე ზის და თამაში არ უწევს...
რაც უნდა ნიჭიერი იყოს, ეს არანაირ საფეხბურთო წესსა და კანონში არ ჯდება. მოკლედ, ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული - ვინც თავს გამოიჩენს, ელიტრაუნდშიც ის ითამაშებს.
ბიჭებმა კარგად უნდა შეიგნონ, რომ დიდი კონკურენცია იქნება.
- ძალიან საინტერესო მწვრთნელები შეიკრიბეთ ისეთ საკვანძო ასაკობრივ ნაკრებებში, როგორებიცაა 17, 18 და 19-წლამდელთა გუნდები. თქვენც, ვასილ მაისურაძეც და გიორგი დევდარიანიც ხასიათდებით, როგორც საინტერესო ხედვის მქონე, თანამედროვე ახალგაზრდა სპეციალისტები. რა სახის კოორდინაცია იქნება თქვენს შორის?
- კოორდინაცია დიდი ხანია, არსებობს. გარდა იმისა, რომ ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთნაირი საფეხბურთო გემოვნებაც გვაქვს.
ასე რომ, ეგ თემა ყველაზე ნაკლებადაა მოსაწესრიგებელი, რადგან ეს ურთიერთობები წლებია, დალაგებულია და ამას ვერაფერი შეცვლის.
ჩვენ ნაკრებებში ვიმუშავებთ თუ არა, კოორდინაცია მაინც ყოველთვის გვექნება. თუ შევძლებთ, რომ ერთმანეთს რამეში დავეხმაროთ, ამით მე მხოლოდ ბედნიერი ვიქნები.
- რაც შეეხება ელიტრაუნდისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს - რა გრაფიკი დაგახვედრათ ფეხბურთის ფედერაციამ და როგორ გამოიყენებთ ელიტრაუნდამდე დარჩენილ დროს?
- უპირველესად, მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას, რომ ყველაფერში ანგარიში გამიწიეს და არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
მოგეხსენებათ, მაისამდე დაგეგმილია საზღვარგარეთ გასვლითი ამხანაგური თამაშები და ტურნირები.
იქიდან გამომდინარე, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში ჩვენ მხოლოდ უეფას დღეებში შეგვიძლია ფეხბურთელების გამოძახება და შეკრებების ჩატარება, ყველაფერი მაქსიმალურად გავთვალეთ და გავწერეთ.
ისედაც, პირველ შეკრებაზევე ავუხსენით ყველას ყველაფერი და ბიჭებმა კარგად იციან, რა გეგმას მივყვებით, როგორ ვთამაშობთ და ა.შ.
შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ფედერაციის შემუშავებული გრაფიკით 100 პროცენტით კმაყოფილი ვარ.
ეს უკვე აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, მწვრთნელად რომ დავინიშნე და ფედერაციის ტექნიკურმა განყოფილებამ გაწერილი გეგმა მაჩვენა, მეგონა, ჩემი დაწერილი იყო... ისღა დაგვრჩენია, საქმეს მივხედოთ და მეც და ბიჭებსაც ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ სერიოზულ მზადებას.
- ერთ საინტერესო თემასაც მინდა შევეხოთ. საბედნიეროდ, ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელმა წარმატებებმა მოიტანა ის, რომ მეტოქეების "ხმაურიანი" სახელების აღარ გვეშინია და ჩვენი ახალგაზრდები თამამად თამაშობენ ნებისმიერ მეტოქესთან. თქვენ რა მიმართულებით გექნებათ ყველაზე მეტი სამუშაო?
- გეთანხმებით. უპირველესად, საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეთ და ფსიქოლოგიურადაც ძლიერად უნდა იყვნენ მომზადებულნი.
ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს განწყობას და საბრძოლო სულისკვეთება უნდა იყოს მაღალი.
ამას მოჰყვება მერე სწორი სათამაშო სქემა, ტაქტიკა და სტრატეგია და მიმართული უნდა ვიყოთ შემტევ ფეხბურთზე.
ჩემი ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ თერთმეტი ფეხბურთელიდან ათი მეტოქის ნახევარზე იყოს.
თამაშის აწყობა დაცვიდან იწყება. ამიტომაც მე ასე მინდა, გავაკეთოთ, რომ ჩვენმა გუნდმა თავი დაიცვას მოწინააღმდეგის კართან მაქსიმალურად ახლოს.
ჩემს გუნდში დაცვა ცენტრფორვარდიდან დაიწყება. მე მგონია, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას ჩვენ წარმატებით შევძლებთ, რაც სათანადო შედეგებსაც მოიტანს.
რაც შეეხება ე.წ. ხმაურიან სახელებს, მე ვთვლი, რომ ჩვენი საფეხბურთო ნიჭი არაფრით ჩამოუვარდება იგივე ინგლისის, ბელგიისა თუ შოტლანდიელების შესაძლებლობებს.
თუმცა ამას გამოყენება უნდა და სისტემაში მოქცევა, რასაც ჩვენ თავგამოდებით ვცდილობთ ასაკობრივ ნაკრებებში და სამუშაო ძალიან ბევრია.
დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს ბიჭები ჩაუყრიან ამ ყველაფერს საფუძველს.
სულაც არ ვფიქრობ, რომ ინგლისის, ბელგიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდება.
პირიქით, მათ უფრო გაუჭირდებათ ჩვენნაირ გუნდთან. შიშის და მოკრძალების დრო დამთავრდა, არავისზე ნაკლები მებრძოლები ჩვენ არ ვართ...
gff.ge