ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ არ მიუღიათ: რუსეთს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვს და ასეთი სპარინგები ჩვენს ჩემპიონს "ოთხთა ფინალამდე" აუცილებლად წაადგება.
საქართველოს დელეგაცია მოსკოვში 4 მარტს გაემგზავრა და იქ 11 მარტამდე დარჩება.
"იბერია სტარმა" პირველი საკონტროლო შეხვედრა 7 მარტს ჩაატარა. სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა კპრფ-სთან 1:1 ითამაშეს.
ჯერ მეტოქეზე:
გუნდში ორი ქართველია: მეკარე გიორგი ზამთარაძე და უნივერსალი გიორგი სომხიშვილი.
საქართველოს ჩემპიონი პირველ ტაიმში ბრაზილიელი ფუსტეს დარტყმით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში "კომუნისტებმა" წონასწორობა აღადგინეს და საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა. და ვინ გაგვიტანა? დიახ, სწორედ... სომხიშვილმა! ზამთარაძემ კი ჩვენი ჩემპიონის წინააღმდეგ პირველ ტაიმში ითამაშა.
ამასობაში გუნდის პრეზიდენტი ვახო წერეთელი და ვიცე-პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი რუსეთის მინი-ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ ალიევმა ოფისში მიიწვია. მათ აპრილში, თბილისში გასამართ "ოთხთა ფინალსა" და სხვა საკითხებზეც ილაპარაკეს, მათ შორის, მომავალ თანამშრომლობაზე.
მალე მოსკოვში კონსტანტინ ერიომენკოს სახელობის თასის ევრაზიული გათამაშება დაიწყება, რომლის ორგანიზატორიც რუსეთის ფუტსალის ასოციაციაა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს "იბერიას" პრეზიდენტი პოსტსაბჭოური ტურნირის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ.
გუნდის მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, წერეთელმა ალიევი თბილისში "ოთხთა ტურნირზე" დაპატიჟა:
"რუსული ფუტსალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ნამდვილად არ გვაწყენდა - რუსეთში უამრავი საკლუბო და სანაკრებო ტურნირი იმართება და მონაწილეობაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა.
გარდა ამისა, "იბერიას" პრეზიდენტი "ერიომენკოს თასზე" გამოსვლითაც დაინტერესდა.
საერთაშორისო ტურნირებზე ხშირად ვთამაშობთ, მაგრამ რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. ტურნირზე განაცხადის წარსადგენად აუცილებელ დოკუმენტაციას რუსულ მხარეს აპრილის შუა რიცხვებში გადავცემთ".
შეგახსენებთ, რომ უეფას თასის "ოთხთა ფინალის" მატჩებს თბილისის სპორტის სასახლე 25, 26 და 28 აპრილს უმასპინძლებს. ტიტულისთვის იბრძოლებენ: საქართველოს საუკეთესო კლუბი "იბერია სტარი", თასის ამჟამინდელი მფლობელი "ბარსელონა", რუსეთისა და ყაზახეთის ჩემპიონები - მოსკოვის "დინამო" და ალმათის "ქაირათი".
ტურნირისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტმა და პრესსამსახურმა მოხალისეების შესარჩევი კონკურსი დაიწყეს. ე. წ. ვოლონტიორები ტურნირის მიმდინარეობისას საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს დაეხმარებიან და "ოთხთა ფინალის" მედიაოფიცრის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმუშავებენ.
ნახევარფინალური შეხვედრების კენჭისყრა თბილისში, 27 მარტს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"