ისევ საქართველო VS რუსეთი! - ამ შეხვედრის მოგებისთვის სიცოცხლეს მივცემთ!

AutoSharing Option
27 მარტს თბილისში, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" უეფას ფუტსალის თასის "ოთხთა ფინალის" წილისყრა გაიმართა. ღონისძიების წამყვანი უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია იყო.

საღამოს ესწრებოდნენ უეფას ფუტსალის კომიტეტის ხელმძღვანელი, "ოთხთა ფინალში" მონაწილე გუნდების ("ბარსელონა", ალმატის "კაირათი", მოსკოვის "დინამო") დელეგაციები.

წილისყრას შოთა და არჩილ არველაძეები გაუძღვნენ.

პირველი წყვილის პირველი ბურთულა შოთამ ამოიღო - "იბერია სტარი"! შემდეგ აჩიკოს ჯერი დადგა - მეორე წყვილის პირველი გუნდი "კაირატი" გახდა. დაძაბულობა მატულობდა, შემდეგი ბურთულა გაარკვევდა, ნახევარფინალში ვინ ვის დაუპირისპირდებოდა.

ისევ შოთა და "იბერიას" უეფას თასის წინა გათამაშების
ფინალისტი - მოსკოვის "დინამო" შეუწყვილდა, ყაზახებს კი "ბარსელონა" ერგოთ.

ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს გაიმართება, ფინალი და მე-3 ადგილისთვის შეხვედრა - 28 აპრილს.

წილისყრა დასრულდა და არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობოდა. რუსული და ქართული გუნდების ხელმძღვანელებს შორის მეგობრული დამოკიდებულებაა.

მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორი გალინა დანილკინა "იბერიას" პრეზიდენტს ვახტანგ წერეთელს გაეხუმრა: "ხულიგანო, ეს რა კენჭისყრა მოაწყვე?!"

წერეთელს ეცინება: "ამას რა ჯობია, ზღვა ხალხი მოვა".

"ლელომ" რუსული კლუბის წარმომადგენელს კომენტარი ჩამოართვა:

- რეალურად, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ევროპის ოთხი უძლიერესი კლუბიდან ვის შევხვდებოდით, რადგან ყველა ძალიან ძლიერი მეტოქეა. ყოველთვის ვამბობ, რომ მოედანზე უნდა გავიდეთ და ნებისმიერთან ვიბრძოლოთ.

მაგრამ ამჯერად წილად გვხვდა ბედნიერება, ქართულ გუნდს შევხვედროდით.

საერთოდ, გახარებული ვარ - ბოლოს და ბოლოს, თბილისში ჩამოსვლისა და თამაშის საშუალება რომ გაგვიჩნდა. ჩვენ ხომ ერთმანეთს ბოლოს 2004 წელს, პოლონეთში შესარჩევ ეტაპზე შევხვდით.

- გულახდილად გვითხარით - თქვენი გუნდის წევრები თბილისში ჩამოსვლას უფრთხიან?
- არ მგონია, ქვეყნებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებები დიდად აშინებდეთ. პირადად მე კი ჩემს ძვირფას კოლეგებთან და მეგობრებთან მოვდივარ. ეს კი არ მაშინებს, პირიქით, უზომოდ მახარებს, რადგან ქართველები და საქართველო ბავშვობიდან მიყვარდა.

ვახტანგ წერეთელი ("იბერიას" პრეზიდენტი):
- პირველი რეაქცია? არავის დაავიწყდეს, რომ "იბერიას" 10 ათასი მაყურებელი უქომაგებს და ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმული იქნება.

მე კენჭისყრის შედეგმა ძალიან გამახარა, რადგან რუსულ კლუბთან მატჩი მაყურებლისთვის დამატებითი სტიმული იქნება. მე ასე ვიტყვი - ჩვენი თითოეული მოთამაშე ამ შეხვედრაში სიცოცხლეს მისცემს!

- "იბერიას" დაკომპლექტება დასრულდა?
- დიახ, მალე "ოთხთა ფინალში" განაცხადს წარვადგენთ.

- გუნდს შეუთამაშებლობის პრობლემა ხომ არ აქვს? რა დასამალია, მოსკოვში ჩატარებულმა სპარინგებმა ძალიან დაგვაფიქრა.
- ასეთივე სიფრთხილე იგრძნობოდა პროგნოზებისას ელიტრაუნდის შეხვედრებამდე და მაშინაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ბენფიკას" დავამარცხებდით, მაგრამ საკუთარი მაყურებლის დახმარებით საოცრება მოვახდინეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო!!!
tony
22:03 28-03-2013
0

სიახლეები პოპულარული