ავთანდილ ასათიანი: მოგვხედონ და მსოფლიო და ევროპა რეალური იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. ჰოლანდიაში გამართულ ელიტრაუნდში "ჯვაროსნებმა" ჩეხებთან (1:4) და მასპინძელ ჰოლანდიასთან (7:3) წააგეს, ბელორუსს (5:4) მოუგეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი მედიას შეხვდა და განვლილ თამაშებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ილაპარაკა:

- დასანანია, ევროპის ჩემპიონატის მიღმა რომ აღმოვჩნდით. თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ამიტომაც შეგხვდით.

7 თვეა, რაც ნაკრები ჩავიბარე და განვლილ პერიოდსაც შევაფასებ. ჩემი ხელმძღვანელობით ნაკრებმა სულ 12 შეხვედრა ჩაატარა - 5-5 მოგება და წაგება და 2 ფრე.
მათგან ხუთი ოფიციალური იყო, 7 - ამხანაგური. ოფიციალურებში 2-2 მოგება-წაგება და 1 ფრე დავაგროვეთ.

ელიტრაუნდში ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ გასვლის ამბიცია გვქონდა. სამწუხაროდ, იმედები არ აგვიხდა. ნუ დაივიწყებთ, რომ ჩეხეთი და ჰოლანდია ევროპის უძლიერეს ნაკრებებს შორის არიან და მათთან უეჭველ მოგებას ნურავინ მოგვთხოვს. ალბათ, გამარჯვების რწმენაც დაგვაკლდა.

ამის მიუხედავად, ფიფას რეიტინგში 13 ადგილით, 51-ე ადგილამდე დავწინაურდით.

სტატისტიკაც ადასტურებს, რომ მხოლოდ სხვების შეტევებს არ ვიგერიებდით. სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 201-ჯერ დავარტყით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. დამაიმედებელია ისიც, რომ ბოლო ტურში ფიფას რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფ ბელორუსს მოვუგეთ.

მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზაციასა და დაცვაში აშკარად მოვიკოჭლებთ - ეს კომპონენტები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

ამ 7 თვეში გუნდის ჩამოსაყალიბებლად სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და ახლა გაჩერება დაუშვებელია. გუნდს მეტი თამაში, შეკრება და სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება სჭირდება, მოთამაშეებს კი - პირადი პირობების.

და თუ ამას მოვახერხებთ და დღევანდელ ბირთვს შევინარჩუნებთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრა რეალური იქნება.

აქვე დავით ბობოხიძეზეც უნდა გითხრათ. კოჭის მყესები ჰქონდა დაწყვეტილი და ამის მიუხედავად, თავი არ დაზოგა.

Sportall.Ge
დავით ბობოხიძე (N13)
- სოციალურ ქსელებზე მოთამაშეებმა დაწერეს, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთო. ვინც შეასრულებდა, ისინი წაგეყვანათ...
- მე ამ ეტაპზე საუკეთესოები გამოვიძახე და თუ ვიღაც შეცდა, არ ნიშნავს, რომ მათ ხაზი უნდა გადავუსვათ.

- რუსეთს ფუტსალის უძლიერესი ლიგა აქვს, სადაც ბევრი ქართველი თამაშობს - მათ რატომ არ იწვევთ?
- მათთან დაკავშირებას აზრი არც აქვს, რადგან პოზიცია ვიცით - ყველას აქვს რუსეთის მოქალაქეობა, იქ ცხოვრობენ და ქართული პასპორტის აღებით აწყობილ ცხოვრებას დაინგრევენ. სიმართლე გითხრათ, ვერც ვამტყუნებ.

ლეგიონერები გვყავს კვიპროსზეც, მაგრამ დევდარიანი კლუბმა არ გამოუშვა.

- დიდი ფეხბურთიდან მოთამაშეთა დამატებაზე არ გიფიქრიათ?
- ფუტსალში ბევრად უფრო ინტენსიური მოძრაობებია საჭირო, რასაც შეუჩვევლები არიან და დრო სჭირდებათ. მაგალითად, ერთხელ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელების გუნდს ამხანაგურად შევხვდით და 6:1 მოვუგეთ.

მეორეც არის: მოვიდა ჩიკვილაძე, მაგრამ დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს და ფუტსალს მოსამზადებლად იყენებს.

აქ თუ ფული არ ჩაიდო, ეს ძალიან ძნელი იქნება. მომავალში მეტი თამაშები და შეკრებები გვჭირდება. სახელმწიფომაც უნდა მოგვხედოს, თორემ, ფუტსალის პრობლემებს მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებით. არადა, რესურსი არის და უნდა ავითვისოთ.

- თუ ფული არ იყო და არც არის, ფუტსალის ასოციაცია რას აკეთებს?
- ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სპორტის სამინისტრო დაგვეხმარება. ნეტავ, ნაკრების კანდიდატებს 100 კაციდან ვარჩევდე და არა დღევანდელივით 30-დან. დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი ნაკრები გვეყოლებოდა.

ავთანდილ ასათიანი: მიხედონ ამ ნიჭიერ ბავშვებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული