საქართველოში UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩამოვიდა

AutoSharing Option
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პლატინის საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დახვდნენ.

როგორც აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას პლატინიმ აღნიშნა, თბილისში დაგეგმილი ტურნირი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე დეტალური ინფორმაცია მაქვს მთელ მოსამზადებელ ეტაპზე. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ თავი ყველაფერს კარგად გაართვა.

ეს გამოცდილება გამოგადგებათ 2015 წლის "სუპერთასის" ფინალის გასამართად", - აღნიშნა მიშელ პლატინიმ.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებად, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი
უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა. მათ შორის იქნებიან უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, კლუბების პრეზიდენტები.

ტურნირთან დაკავშირებით დიდია როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის დაინტერესება. აკრედიტაცია ასზე მეტმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა გაიარა.

ოთხთა ფინალის შეხვედრების ტრანსლაციებს "ეუროსპორტი" გადასცემს. გარდა ამისა, რეპორტაჟები იყიდეს რუსულმა და ესპანურმა ტელევიზიებმა. საქართველოდან ეს უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს.

UEFA-ს ფუტსალის თასისთვის 26 და 28 აპრილს იბრძოლებს ოთხი გუნდი: ქართული "იბერია სტარი", "დინამო მოსკოვი", "ბარსელონა" და ყაზახური "ქაირათი".

ტურნირი 26 აპრილს, 18:00 საათზე, მასპინძელი "იბერია სტარის" და "დინამო მოსკოვის" მატჩით გაიხსნება; 20:30 საათზე "ბარსელონა"-"ქაირათის" შეხვედრა დაიწყება.

28 აპრილს, 18:00 საათზე, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო 20:30 საათზე - ფინალი. ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება. დღიური ბილეთი 5 და 10 ლარი ღირს.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
ფუტსალის ოთხთა ფინალს თბილისში მიშელ პლატინი გახსნის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული