"იბერია სტარს" მინისტრი და მერი დაეხმარებიან?

AutoSharing Option
ყველასთვის ცნობილია "იბერია სტარის" პრობლემები. უეფას თასის ოთხთა ფინალის მონაწილე გუნდი ტურნირის შემდეგ ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს ჩემპიონის სპორტული დირექტორის, გიორგი დარჯანიას თქმით, გუნდის გადარჩენის იმედად, ათასგვარი კომპანია და დაწესებულება შეაწუხეს.

"სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში კონკრეტული არაფერი ისმოდა. არადა, მალე უეფაში ახალი გათამაშების განაცხადი უნდა შევიტანოთ და სირცხვილი იქნება, მონაწილეობაც რომ ვერ შევძლოთ.

ორიოდე დღის წინ "იბერიას" პრეზიდენტი ვახო წერეთელი სპორტის მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდა. ლაპარაკი გუნდის სატკივარს შეეხებოდა და ბატონმა ლევანმა ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა. მათ ყველა
მნიშვნელოვანი დეტალი განიხილეს და როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში მინისტრს სურს, კლუბს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს.

ყიფიანს გააზრებული აქვს, რომ ასეთი წარმატებული კლუბის დაშლა ქვეყნისთვის დიდი დანაკარგი იქნება.

ამავე დროს, პარასკევს თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასაც შევხვდით. იქაც ყველა დეტალი განვიხილეთ. დედაქალაქის მერი პირადად არის დაინტერესებული კლუბის მომავლით და სამსახურის უფროსი დაგვპირდა, რომ პრობლემების მოგვარებაში უახლოეს დღეებში შეგვეხიდებიან.

ასე რომ, იმედი გაგვიჩნდა, ამ ქვეყნისთვის სულ ერთი არ არის იმ კლუბის ბედი, რომელმაც საქართველო ასახელა",
- ამბობს დარჯანია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ფუტსალის ასოციაციის გენერალურ მდივანს, ბექა კვიციანსაც შეხვდა.

თავის დროზე, ამჟამინდელი მინისტრი ლევან ყიფიანი ჯერ ფუტსალის ნაკრების წევრი გახლდათ, შემდეგ მთავარი მწვრთნელი და სახეობის პრობლემებში კარგად ერკვევა. შეხვედრაზე ლაპარაკი მომავალ ეროვნულ ჩემპიონატში რეგიონების შესაძლო ჩართვას შეეხებოდა.

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს რამდენიმე ქალაქში ფუტსალის გუნდის შექმნის სურვილი გამოთქვეს. "ლელო" უკვე წერდა მომავალ სეზონში ჩემპიონატში 10-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების იმედის თაობაზე (ამჟამად 6 მონაწილეა). თამაშის სურვილი გამოთქვეს გორელებმა, ქუთაისის "ჯუნგლებმა"; დედაქალაქში კიდევ ორი კლუბი, "გრანდი" და "თბილისი" ყალიბდება.

სფა-ს საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი "სამცხეს" და გორელთა ხელმძღვანელობას შეხვდა - უახლოეს დღეებში ამ რეგიონების გამოსვლის საკითხიც გადაწყდება.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ სურვილი ნინოწმინდის გუნდმაც გამოთქვა. გუნდის ხელმძღვანელობის თქმით, რეგიონს გააჩნია სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იბერია სტარი" თბილისის "დინამოს" გაერთიანებას სთავაზობს
"იბერია სტარი" გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული