კლუბების სკანდალური გადაწყვეტილება - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ჩაიშალა?

AutoSharing Option
ფოტოზე: ფუტსალის გუნდი "გრანდი"

21 იანვარს საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის მონაწილე 8 კლუბის (ჩემპიონატში სულ 9 გუნდი თამაშობს) ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და სკანდალური გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შესახებ "გრანდის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი შანიძემ გვაცნობა.

"დღეს შევიკრიბეთ "დიცის", "სამცხეთის", "აფენის", "გრანდის", "თელასის", "არმაზის", "ქვახვრელისა" და "როდოპოლისის" ხელმძღვანელები და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ უარი განვაცხადოთ ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ლეგიტიმურად მივიჩნევთ ლევან ცქიტიშვილის პრეზიდენტობას. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეს უკანონობა არ გამოსწორდება.

ასევე, მივიჩნევთ, რომ ჩემპიონატის მონაწილე ერთი კლუბის პრეზიდენტი არ უნდა
იყოს ასოციაციის პრეზიდენტი, რადგან ეს არის ყოვლად დაუშვებელი ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს და პროტესტის არც ერთი კანონიერი ფორმის გამოყენებას არ გამოვრიცხავთ.

მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციასა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს, რომ საკითხი დაუყოვნებლივ და სამართლიანად გადაიჭრას. ასევე, ვაპროტესტებთ ჩვენი გვერდის ავლით ჩატარებულ უკანონო არჩევნებს, სადაც ყრილობის მონაწილე დელეგატთა იურიდიული სტატუსი არ დასტურდებოდა. ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება, ვინაიდან ნებისმიერ სპორტის სახეობაში დაუშვებელია მსგავსი გადაცდომა.

ეს არის უმაღლესი ლიგა და არა ეზოს ტურნირი. საქართველოს ჩემპიონატი არ უნდა იქცეს ვიღაცის კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებელ ტურნირად. საჭიროა დებულების დაცვა.

შეკრებაზე ასევე გავაპროტესტეთ ოკუპირებული ტერიტორიის გუნდის, ჩემპიონატის ყველაზე ღარიბი მონაწილის, "დიცის" გათამაშებიდან მოხსნა და მას გვერდში ვუდგავართ", - ამბობს შანიძე.

კომენტარისთვის მეორე მხარეს დავუკავშირდით.

გიორგი დარჯანია
, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი:
"სფა-სა და კლუბებს შორის ურთიერთობა რეგულირდება ჩემპიონატის რეგლამენტით. ჩემპიონატის მატჩზე გუნდის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეგლამენტი ითვალისწინებს ჩემპიონატიდან მისი მოხსნის საკითხის განხილვას.

ერთ-ერთი გუნდის მიმართ, რომელმაც თვითნებურად გააცდინა 2 მატჩი, ჩვენ რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება უკვე შევასრულეთ. მომავალშიც სფა იხელმძღვანელებს მხოლოდ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებებით და მოვალეობებით. იმავეს მოვითხოვთ გუნდებისგანაც.

რაც შეეხება ჩემპიონატიდან 8 გუნდის გასვლას, ამ დროისთვის ამის შესახებ ოფიციალურად არავის მოუმართავს და ეს თქვენგან შევიტყვე.

ამასთანავე, თუ "ლელოს" რედაქციას აქვს სურვილი, გაეცნოს სფა-ს პრეზიდენტის, ვახტანგ წერეთლის არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს, მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვუპასუხოთ კითხვებს ჩვენი საარჩევნო დაპირებების შესრულების შესახებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული