თავიდან ყველაფერი ჩინებულად დაიწყო. მატჩი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა. ქართველები ბურთს მეტოქეზე გაცილებით მეტად აკონტროლებდნენ და მომენტსაც მრავლად ქმნიდნენ. მე-6 წუთზე ამან ლოგიკური შედეგიც გამოიღო: კახა მაისაიას გადაცემის შემდეგ ბურთი მეკარისგან ზურგით მდგომმა არჩილ სებისკვერაძემ მიიღო და დაუყოვნებლივ გაგზავნა მიზანში - 1:0.
მალე ანგარიშის გაზრდის მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა მაისაიამ, მერე საგოლე მომენტით ვერც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რონიმ ისარგებლა. მე-12 წუთზე შვეიცარიელთა მეკარე მიშა ფელბერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, როცა ზედიზედ ორი უძლიერესი დარტყმა მოიგერია - ჯერ ალექსანდრე ძაბირაძეს გადაეღობა, დამატებაზე კი - გოგა ალთუნაშვილს.
შემდეგ ამ უკანასკნელმა კიდევ ორი შანსით ვერ ისარგებლა: ვახტანგ ჯვარაშვილის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ძელს მოარტყა, ტაიმის ბოლოს კი მეკარეს ვერ აჯობა.
შვეიცარიელები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. მე-13 წუთზე, ევანგელოს მარკოიანაკისის დარტყმის შემდეგ, მეკარე თორნიკე ბუკიამ აშკარა გოლისგან გვიხსნა. მე-15 წუთზე კი სახიფათოდ დაარტყა მიგელ გონსალესმა.
მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოდგა. შვეიცარიელებმა პრესინგს მიმართეს და ჩვენებს შეტევების ორგანიზება გაუჭირდათ. ხშირად უწევდა საქმეში ჩართვა მეკარე ბუკიას: მან ჯერ სალვატორე პატერას დარტყმის შემდეგ გადაგვარჩინა, მერე მასთან პირისპირ დარჩენილ ფაბიო სანტონას არ გაატანინა, ხოლო შემდეგ ივ მეზგერის უმწვავესი შეტევა შეაჩერა.
ცხადია, ქართველები დაცვაში არ ისხდნენ, უტევდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებს ნაკლებად ქმნიდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში, ძაბირაძის გადაცემის შემდეგ, მშვენიერი შანსი ჰქონდა ზურაბ ლუკავას, მაგრამ მცველი გადაეფარა და ვითარება განიმუხტა. დუბლის შესრულების შანსი ვერც სებისკვერაძემ გამოიყენა.
35-ე წუთიდან შვეიცარია შეტევაში მეხუთე მოთამაშეს იყენებდა, ქართველებიდან კი ლუკავამ შორიდან ორჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ ორივეჯერ ააცილა მიზანს. შვეიცარიელთა შეტევებმა კი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გამოიღო შედეგი - მეზგერის დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.
იქვე, ჩვენებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, რომლის დაგვირგვინება დავით ბობოხიძეს შეეძლო, მაგრამ... მახვილი კუთხიდან მეკარემ აუღო.
ფუტსალი. ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. C ჯგუფი. II ტური
საქართველო-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 სებისკვერაძე (6), 1:1 მეზგერი (38)
საქართველო: ბუკია, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, რონი, ტიკურიშვილი - კეფაშვილი (მ), ჭანუყვაძე, ლუკავა, კობაიძე, თოდუა, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი.
* * *
ჯგუფის მერე მატჩში, მასპინძელმა ლიტვამ 5:2 მოუგო ესტონეთს. ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში კვლავ საქართველო და შვეიცარია ლიდერობენ.ჩვენი ნაკრები გადამწყვეტ მატჩს ხვალ, 17 იანვარს, მასპინძელ ლიტვასთან ჩაატარებს და ჯგუფიდან გასასვლელად არა მხოლოდ მოგება, ბურთების უკეთესი სხვაობაც სჭირდება - შემდეგ ეტაპზე ხომ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
საქართველო 2 1 1 0 7-4 4
შვეიცარია 2 1 1 0 6-4 4
ლიტვა 2 1 0 1 8-7 3
ესტონეთი 2 0 0 2 5-11 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ესტონეთი 6:3 - პირველი მოგებულია! [VIDEO+PHOTO]