SBM LEAGUE 2015/16: მეორე ტურის შემდეგ უდანაკარგო მხოლოდ ორია

AutoSharing Option
8 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. სუპერლიგის მეორე ტურის შეხვედრებს, ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

სათამაშო დღე სუპერლიგა A-ს ცენტრალური შეხვედრით დაიწყო, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, სკ პსპ და მფკ "ტატიშვილი" დაუპირისპირდნენ. უაღრესად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა. "ფარმაცევტებმა" მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლეს და გეკა მელანიშვილმა თავისიანები დააწინაურა, თუმცა ტაიმის მიწურულს გიორგი სილაგავამ სწრაფი შეტევა შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

კიდევ
ერთი საინტერესო დაპირისპირება შედგა ტრადიციულ მეტოქეებს, მფკ "ნატახტარსა" და სკ "ჯვაროსნები-ევექსს" შორის. სწრაფ ტემპში მიმდინარე შეხვედრა "ნატახტარის" ზედიზედ მეორე და დამაჯერებელი გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. გამარჯვებულს მათმა კაპიტანმა, გიორგი სეფერთელაძემ ულიდერა, რომლის ანგარიშზეც ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ "ნატახტარის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა სომხეთის ფუტსალის ნაკრების გოლკიპერს, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონს, ეროს აკოპოვს.

საკმაოდ დრამატული და საინტერესო გამოდგა ბათუმის "დინამოსა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის დაპირისპირებაც. აჭარლები მათმა ქარიზმატულმა ლიდერმა ლევან ნადარაიამ მე-9 წუთზე დააწინაურა. ამის შემდეგ "დინამოელებმა" არაერთი საგოლე ეპიზოდი გააცუდეს, რისთვისაც ტაიმის ბოლო წამებზე დაისაჯნენ კიდეც, ლევან კოპალიანმა სტატუს-კვო აღადგინა. შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები. ამ მხრივ, განსაკუთრებით კვლავ ბათუმელები გამოირჩეოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მატჩის ბოლო წამზე, მეტოქემ მათი უყურადღებობით და უდისციპლინობით ისარგებლა, მეექვსე ჯარიმისთვის დანიშნული 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა შალვა ფიცხალავამ გოლად გარდასახა და თავის გუნდს პირველი სამი ქულაც მოუტანა - 1-2.

კიდევ ერთი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა მცხეთის სახელით მოასპარეზე "გრანდ გრუპ ჯორჯიასა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდებს შორის. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა 3-3 დასრულდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორ-ორი გატანილი გოლით გამოირჩნენ გიორგი დვალი (ტტც) და ლადო ასათიანი (გრანდ გრუპი).

08.11.2015. სუპერლიგა A. II ტური
მფკ ტატიშვილი vs სკ პსპ 1-1
მფკ ნატახტარი vs სკ ჯვაროსნები-ევექსი 4-1
მფკ დინამო (ბთ) vs სდსს 1-2
გრანდ გრუპ (მცხეთა) vs სკ ტტც 3-3

ბომბარდირები: დიტო ანდღულაძე (სკ ჯვაროსნები-ევექსი) - 4 , გიორგი სეფერთელაძე (მფკ ნატახტარი), კახა კალაძე (ვეტერანები) - 3.

გაცილებით უხვგოლიანი გამოდგა სუპერლიგა B-ს მეორე ტური.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა. სტუდენტებმა ამჯერად UNICREDIT.GE დაამარცხეს 4-1.

ტურის და ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და კასპის "გენერალს" შორის შედგა. ანგარიში პრევენციის ცენტრმა გახსნა, გიორგი ჩივაძემ მეტოქის მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა. მანვე ამავე მიზეზით მალე მეორე გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა მანამდე კასპელებმა გათანაბრებაც მოასწრეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა. მეორე ნახევარში, მიუხედავად კასპელთა არაერთი 100%-იანი საგოლე მომენტისა, ანგარიშში სხვაობის გაზრდა მათმა მეტოქემ მოახერხა. "გენერლებმა" კი მიზანში მორტყმა დაგვიანებით დაიწყეს. მაშინ, როცა ანგარიში 6-2 იყო, კასპელებმა ზედიზედ სამი სწრაფი გოლის გატანა შეძლეს, თუმცა დანარჩენისთვის დრო არ ეყოთ და დასანანი მარცხიც იწვნიეს - 6-5.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა ე.წ. იმერული დერბი "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურასა" და ზესტაფონის "ფეროს" შორის. ზესტაფონელები მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ იყვნენ წინ ორბურთიანი უპირატესობით, თუმცა ჭიათურელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს მცირე მოდუნება არ აპატიეს და დამსახურებული ქულაც მოიპოვეს - 4-4. ზესტაფონელთა რიგებში კვლავ გამორჩეული იყო მათი შემტევი დავით ხუჯაძე, რომელიც ამ შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა და ორი ტურის შემდეგ, 5 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ჭიათურელთა მხრიდან კი ორი გატანილი გოლით გიგა კიკვიძე გამოირჩა.

საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა აჭარის სომეხთა კავშირის გუნდის, "ახპიურისა" და "პალერმოს" შეხვედრაშიც - 3-3.

08.11.2015.სუპერლიგა B. II ტური
საქართველოს უნივერსიტეტი vs UNICREDIT.GE 4-1
CFCP vs მფკ გენერალი (კასპი) 6-5
GM ჭიათურა vs სკ ფერო (ზეს) 4-4
ახპიური vs პალერმო 3-3

ბომბარდირები: დავით ხუჯაძე (სკ ფერო) - 5, რასიმ კურბანოვი (UG), ლაშა თურმანიძე (პალერმო) - 4.

გუშინვე სუპერლიგის პირველი ტურის გამორჩეული ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელად სკ "ჯვაროსნები-ევექსის" შემტევი დიტო ანდღულაძე დასახელდა, რომელმაც ჩემპიონატის პარტნიორისგან, დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისგან, ფიტნესცენტრის 1-თვიანი აბონემენტი მიიღო.

ტურის საუკეთესო გოლის ავტორად კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეხბურთელი გიორგი კელენჯერიძე დასახელდა, რომლის ეფექტურმა გოლმაც მის გუნდს სამი ქულა მოუტანა. გიორგის APPLE CITY-ს სპეციალური საჩუქარი გადაეცა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.geდა ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული