ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძის თქმით, ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელებს 1-ელ დეკემბრამდე მიეცათ ვადა, რათა სამოქმედო გეგმა და განვითარების პროგრამა წარმოადგინონ.
საქართველოს ჩემპიონ "თელასის" მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებს:
"წარმოდგენა არ მაქვს, ეროვნული ჩემპიონატი რატომ არ ტარდება. 30 სექტემბერს დამიკავშირდნენ ასოციაციიდან და მეუბნებიან, რომ 1-ელ ოქტომბერს "არენაში" მოდით, 2 ოქტომბერს ჩემპიონატი იწყებაო. ეს
2 ოქტომბერს პირველი ტური ჩატარდა და მას მერე ისიც არ ვიცი, ტურნირში რამდენი გუნდი ითამაშებს ან როდის განახლდება. ამას საქართველოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი ვამბობ და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა?!" - ამბობს ასათიანი.
"თელასის" მთავარი მწვრთნელის აზრით, ასოციაციის ხელმძღვანელობა სასწრაფოდ შესაცვლელია:
"უნდა მოვიდეს ახალი ხელმძღვანელობა, რადგან დღევანდელი მმართველები უუნაროები არიან და საქმეს ვერ აკეთებენ. დღეს ფუტსალი მკვდარია.
იმედია, სფფ-ის ახალი მესვეურები სახეობას დაეხმარებიან და მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ. ამავე დროს, ასოციაციას ისეთმა ხალხმა უნდა უხელმძღვანელოს, ელემენტარულად, ჩემპიონატის ჩატარებას მაინც რომ მოახერხებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"