ავთანდილ ასათიანი: დღეს ფუტსალი მკვდარია, მმართველები უუნაროები არიან

AutoSharing Option
22 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი აღმასკომის პირველივე სხდომაზე, ფუტსალის ფედერაციაში შექმნილი სერიოზული პრობლემები განიხილეს. სერიოზული იმდენად, რამდენადაც ამ სახეობაში ეროვნული ჩემპიონატი არ ტარდება.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძის თქმით, ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელებს 1-ელ დეკემბრამდე მიეცათ ვადა, რათა სამოქმედო გეგმა და განვითარების პროგრამა წარმოადგინონ.

საქართველოს ჩემპიონ "თელასის" მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებს:

"წარმოდგენა არ მაქვს, ეროვნული ჩემპიონატი რატომ არ ტარდება. 30 სექტემბერს დამიკავშირდნენ ასოციაციიდან და მეუბნებიან, რომ 1-ელ ოქტომბერს "არენაში" მოდით, 2 ოქტომბერს ჩემპიონატი იწყებაო. ეს
იყო დაცინვა.

2 ოქტომბერს პირველი ტური ჩატარდა და მას მერე ისიც არ ვიცი, ტურნირში რამდენი გუნდი ითამაშებს ან როდის განახლდება. ამას საქართველოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი ვამბობ და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა?!" - ამბობს ასათიანი.

"თელასის" მთავარი მწვრთნელის აზრით, ასოციაციის ხელმძღვანელობა სასწრაფოდ შესაცვლელია:

"უნდა მოვიდეს ახალი ხელმძღვანელობა, რადგან დღევანდელი მმართველები უუნაროები არიან და საქმეს ვერ აკეთებენ. დღეს ფუტსალი მკვდარია.

იმედია, სფფ-ის ახალი მესვეურები სახეობას დაეხმარებიან და მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანენ. ამავე დროს, ასოციაციას ისეთმა ხალხმა უნდა უხელმძღვანელოს, ელემენტარულად, ჩემპიონატის ჩატარებას მაინც რომ მოახერხებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული