ბიჭები უნდა დავქოქოთ!.. ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
26 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე ერთი ისეთი საკითხიც განიხილეს, რომელზეც ინფორმაცია არ გავრცელებულა. არადა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დაინიშნა - ფუტსალის ნაკრებს კვლავ ავთანდილ ასათიანი ჩაიბარებს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ფუტსალის ასოციაციას საქმიანობა დროებით შეუჩერა და მთავარი მწვრთნელი აღმასკომზე ამიტომაც დანიშნეს.

ასათიანის ხელმძღვანელობის პერიოდში გუნდი ორჯერ გავიდა ელიტრაუნდში და ორჯერვე 3-3 ქულა მოიპოვა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ნაკრები ამ ეტაპამდე ვეღარ გავიდა. გარდა ამისა, ასათიანის გუნდმა საგარეო ამხანაგურ მატჩებში ძლიერი გუნდების დამარცხება მოახერხა - პორტუგალიას 4:2 მოუგო, აზერბაიჯანს 2:1, ხოლო ელიტრაუნდში
ბელორუსს - 5:4.

ისიც აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მალტის ჩემპიონი "ჰიბერნიანსი" შესარჩევ ეტაპზე გაიყვანა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა შესარჩევ ეტაპზე გამარჯვება იზეიმა.

"ფედერაციამ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და ნდობაც. ამან ძალიან გამახარა და ამისთვის მადლობელი ვარ. ნაკრებს 2013 წელს ჩამომაშორეს. არადა, მიმაჩნია, რომ იმ სიტუაციაში მაქსიმუმი გავაკეთეთ", - ამბობს ასათიანი.

მას ნაკრების მომზადების გეგმებზეც ვკითხეთ:

"ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები 11 თვეში გველის. მანამდე დიდი დრო კი არის, მაგრამ მომზადების გეგმა შესადგენია. მე უკვე მაქვს სამოქმედო პროგრამა, ფედერაცია კი თანადგომას და თამაშების ორგანიზებასაც გვპირდება. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელიც იქნება, ვარჯიშებით გუნდი ვერ გაიზრდება.

შევეცდები, სპარინგები საკუთარ მოედანზეც დავგეგმოთ და გასვლაზეც. ბიჭები უნდა "დავქოქოთ", რადგან ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.

დანიშვნისთანავე მოლაპარაკება დავიწყე რამდენიმე ფედერაციასთან, თებერვლის ბოლოს თბილისში რომ ვითამაშოთ".

ასათიანის თქმით, დიდი სურვილი აქვს, ვახტანგ ჯვარაშვილი ფუტსალში დააბრუნოს:

"თქვენს გაზეთში ეწერა, რომ ფუტსალის ნაკრების წევრმა ვახტანგ ჯვარაშვილმა თამაშს თავი დაანება და გულაცრუებული დიდ ფეხბურთში წავიდა. მას აუცილებლად დავუკავშირდები, რადგან პერსპექტიული ბიჭია, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა და დასაკარგი ნამდვილად არ არის.

უნდა მოვიწვიო აზერბაიჯანში მოთამაშე აჩიკო სებისკვერაძეც, რომელიც ბოლოს ნაკრებში არ ათამაშეს. არადა, ის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. ჩვენ ისეთი მდიდრები არ ვართ, ასეთი ფეხბურთელი რომ დავკარგოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აგე! ვაცალოთ, ვაცალოთ ფედერაციას და შემდეგ შედეგებით ვილაპარაკოთ, თორემ ვინ ტყუის, ამას არავინ გაგვაგებინებს.
zurab
19:06 28-01-2016
0
ნამდვილად ღირსეული კაცი და ღირსეული მწვრთნელი, წარმატებები ავთუკა
გელა
20:27 28-01-2016
0

სიახლეები პოპულარული