დღეს საქართველოს ფუტსალის ლიგა იწყება

AutoSharing Option
11 მარტს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის - საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების პრეზენტაცია გაიმართა.

ჩემპიონატის ორგანიზებას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სპორტული სააგენტო SBM განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის 10 თებერვალს გაფორმდა.

საქართველოს ფუტსალის ლიგა სტარტს 14 მარტს აიღებს და იგი რვაგუნდიანი ფორმატით, ერთ წრედ წარიმართება.

წლევანდელ გათამაშებაში, მოქმედი ჩემპიონის,  "სტუ-თელასის" გარდა, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი "თსუ", თბილისის "სპარტაკი", "თბილისი", "დინამო" ბათუმი, "აფხაზეთი", შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი "IBSU" და გორის რ-ნის გუნდი
"უფლისციხე".

ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული ორრაუნდიან პლეი ოფში განაგრძობს. ჩემპიონის ვინაობა კი ერთმატჩიან ფინალურ შეხვედრაში, 10 ივნისს გაირკვევა. სიახლე იქნება საპრიზო ფონდთან დაკავშირებითაც - თითო მოპოვებულ ქულაზე გუნდს ფულადი პრემია დაერიცხება. დამატებით ბონუსებს მიიღებენ ფინალში გასული და ჩემპიონი გუნდები. საქართველოს ფუტსალის ლიგის თამაშებს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

კვირას გამართულ პრეზენტაციაზე პროექტის შესახებ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ და SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ ისაუბრეს.

ზაალ ჩიტალაძე: "მინი-ფეხბურთი საქართველოში ყველაზე მასობრივი და პოპულარული სპორტის სახეობაა. სფფ-სთან ერთად ჩვენი მიზანია, იგი გულშემატკივრისთვის და კომერციული სტრუქტურებისთვის მიმზიდველ პროექტად ვაქციოთ.

წლევანდელი ჩემპიონატი ერთგვარად გარდამავალი ნაბიჯია იმ განვითარების გზაზე, რომელზეც ქართული ფუტსალის წინსვლა უნდა მოხდეს. ეს არაა ერთწლიანი პროექტი. ყოველი მომავალი სეზონი უნდა იყოს განსხვავებული და ეს ეხება, პირველ რიგში, ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხს და სათამაშო დონეს, რაც განსაზღვრავს კიდეც ღონისძიების განვითარების მაჩვენებლებს".

ნიკა ჯღარკავა: "მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია SBM-ს იმისათვის, რომ ითავა ამ პროექტის განხორციელება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდეს მაღალ დონეზე. ფუტსალი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა საქართველოში და ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად ხელს შეუწყობს მის განვითარებას და მასობრიობას. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, ჩემპიონატი ჩატარდეს მაღალ დონეზე, გახდეს საინტერესო როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწოს ორგანიზების კუთხით".

I ტურში შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს:

13:00 სპარტაკი VS თბილისი
15:00 აფხაზეთი VS IBSU
17:00 უფლისციხე VS სტუ-თელასი
19:00 დინამო (ბთ) VS თსუ

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან: გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City.

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი"; ვებპორტალები: mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული