ლეგიონის უქმეები: ლევან მჭედლიძის 11-მეტრიანი დრამა [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე გენუაში ძალიან ახლოს იყო სეზონში მე-4 გოლის გატანასთან, რითაც ის კარიერის რეკორდს გაიმეორებდა, მაგრამ მეკარეს პენალტის ნიშნულიდან დუელი ვერ მოუგო.

ჰოლანდიაში საგოლე პასით თავი "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ გამოიჩინა. "ახნასის" ერთი გოლი ქართული იყო, ოღონდ, ამჯერად, ნიკა კაჭარავა არაფერ შუაშია...

იტალია. სერია A.
"ემპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუზავდა - 0:0. ლევან მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა. მან 31-ე წუთზე საუკეთესო შანსი გაანიავა, როცა თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო). მატჩის მიწურულს ქართველი ფორვარდი გააფრთხილეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პიანეტა ემპოლიმ" ჩვენებურს 5,5
ბალი დაუწერა: "პენალტი ოპტიმალურად ვერ შეასრულა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ბევრი იბრძოლა მეტოქის ცენტრალურ მცველებთან".

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" 3:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ტვენტე". მე-13 წუთზე ბეიკერმა ანგარიში კაშიას საგოლე პასის წყალობით გახსნა. "ვიტესი" 26 ქულით მე-7 ადგილზეა, რომელიც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსს იძლევა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძემ "პორტუსთან" მატჩში სამი გოლი გაუშვა, მისმა "მორეირენშემ" თამაში 10 კაცით დაასრულა და 0:3 დამარცხდა. ქართველი მეკარის გუნდს 14 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.

სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (არ უთამაშია) "ჟილ ვისენტე" სტუმრად "ვარზიმს" დაუზავდა - 1:1.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად "ბურჟ ენ ბრესთან" დამარცხდა - 0:1. ამ წაგებით "რეიმსი" მესამე ადგილამდე დაქვეითდა.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიამ მეორედ ითამაშა "სევილია ატლეტიკოს" რიგებში სასტარტო შემადგენლობაში და პირველად 90 წუთი შეუცვლელად გაატარა მოედანზე. "სევილიას" ახალგაზრდული გუნდი სტუმრად "რაიო ვალეკანოს" 1:1 დაუზავდა. მას გოლის გატანის ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველის დარტყმული კუთხურზე მოიგერიეს.

თურქეთი. I ლიგა.
სანდრო კობახიძის ახალმა გუნდმა "გიოზთეფემ" ჯერ მის გარეშე ითამაშა. "გიოზთეფემ" შინ 2:4 წააგო "დენიზლისთან" და ლიდერობა დაკარგა.

კვიპროსი. I დივიზიონი.

ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" 2:0 დაამარცხა "კარმიოტისა". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ქართველთა "ეთნიკოსმა" (ახნა) სტუმრად მოუგო "ანაგენისის" - 3:2. მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანმა ითამაშა (გოლი გაიტანა, გააფრთხილეს), ნიკა კაჭარავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, გიორგი ილურიძეს არ უთამაშია, ხოლო გია გრიგალავა ტულის "არსენალში" გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული