გიორგი აბურჯანია: ხორხე სამპაოლისთან უშუალო კონტაქტი მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილიას" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდა. სწორედ წლის მიწურულს შედგა მისი სევილიური დებიუტიც სტუმრად "ხეტაფესთან" გამართულ მატჩში.

მას მერე "სევილია ატლეტიკომ" რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, სადაც ქართველ ნახევარმცველ გუნდის მთავარი მწვრთნელი მხოლოდ რამდენიმე წუთს უთმობდა. სეგუნდადივიზიონის 21-ე ტურში კი "სევილია B" "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა და აბურჯანიამ გუნდში თავისი პირველი სრული მატჩი ჩაატარა.

Sportall.ge აბურჯანიას მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და კლუბში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

- როგორ შეეგუე კლუბს? ა
დაპტაციის პერიოდი როგორ მიმდინარეობს?
- გუნდს და ქალაქს შევეგუე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაციის პერიოდი უკვე გავიარე.

- ტრავმა არც ისე დიდი ხანია მოირჩინე და თავიდან სათამაშოდ მცირე დრო გეძლეოდა, ბოლოს კი 90 წუთი ითამაშე... სრულად გამოკეთდი?
- ტრავმის გამო საკმაო დრო გამიცდა - აგვისტოდან ნოემბრამდე არ მითამაშია. დღეს კარგად ვარ, სრულად გამოვკეთდი და დისკომფორტი არ მაქვს.

- ანუ, ძირითად გუნდში უკვე სისტემატურად ითამაშებ?
- ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.

- შენს პოზიციაზე გუნდში დიდი კონკურენციაა?
- კი, კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ ეს თითოეულ ფეხბურთელს მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება. ფეხბურთელთა მაღალი კვალიფიკაცია აბსოლუტურად ყველა ვარჯიშზე იგრძნობა.

- რა სიახლეები აღმოაჩინე ახალ გუნდში? რით განსხვავდება შენი ყოფილი გუნდებისგან?
- აქ ისეთ უმნიშვნელო დეტალებსა და წვრილმანებზეც კეთდება აქცენტი, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. მაგალითად, ორთაბრძოლებში უფრო მეტად შესვლა, რითმის შეცვლა პრესინგის დროს, თავდაცვისას სტანდარტულების დროს ხელით ბლოკირება და კიდევ უამრავი ნიუანსი.

- ვინაიდან კონტრაქტი "სევილიას" პირველ გუნდთან გაქვს, უნდა გკითხო... პირველი გუნდის წარმომადგენლებთან აქტიური ურთიერთობა გაქვს? მწვრთნელი გაკვირდება?
- კი, უშუალო კონტაქტი მაქვს უკლებლივ ყველასთან - ხორხე სამპაოლისთან, მის ასისტენტთან, ფიზმომზადების მწვრთნელთან... აქ პირველი და მეორე გუნდი ერთ მთლიანობად მოიაზრება.

- ტრავმიანობის პერიოდში ეროვნული ნაკრებიდან გეხმიანებოდნენ?
- ნაკრების ექიმ მერაბ ვარდსუკაშვილთან ყოველ კვირას მქონდა საუბარი და ინფორმაციას ვაწვდიდი ჩემი მკურნალობის შესახებ. ასევე კონტაქტი მქონდა ნაკრების მენეჯერთან და მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან.

- ცოტა ხნის წინ ფიფამ გამოაცხადა, რომ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე 48 გუნდი ითამაშებს. თავად როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ?
- დრო გვიჩვენებს, გახდის თუ არა გუნდების ზრდა მსოფლიო ჩემპიონატს უფრო სანახაობრივსა და დაძაბულს, ჩვენს შანსებს კი იქ მოხვედრაზე ახალი წესი ნამდვილად ზრდის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი მოგვენატრა შენი თამაშის ყურება! აბა შენ იცი აჩვენე კლასი!
გელა
22 იანვარი 2017 20:03
0
გაიხარე გიორგი, სულ წარმატებებს გისურვებ.
gizog
22 იანვარი 2017 14:27
0
ჩემი აზრით ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე კარგი შანსი აქვს აბურჯანიას დიდი ფეხბურთის თამაშის. ძალიან მიზან დასახულად ავითარებს თავის კარიერას... წარმატებებს ვუსურვებ კარგი კაცია.
kika
22 იანვარი 2017 13:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული