[ლელოს სტუმარი] "ისე მაგრად ვიდექი კარში, ბურთი თავად მპოულობდა..."

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ "ლელომ" და "ლიდერბეთმა" საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი დაასახელა. რევიშვილი სარანსკის "მორდოვიადან" მივიდა თბილისის "დინამოში" და
7 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ისიც - პლე ოფში, ბათუმის "დინამოსთან".

სეზონის ლაურეატი "ლელომ" რედაქციაში მოიწვია. არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ასეთი რესპონდენტი, თავისი პიროვნული თვისებებით, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში იშვიათია...

იმ ადგილას ცხოვრებაში პირველად მოვხვდი...
- პრობლემებზე საუბრით დავიწყოთ. რომელია ის სირთულე, რომელიც დღეს ყველაზე მწვავედ დგას ქართულ ფეხბურთში?
- ყველაზე წინ მოედნების
პრობლემას დავაყენებ. ისე გამოდის, რომ მომავალი ჩემპიონატის მატჩების 25 პროცენტი ხელოვნურსაფარიან მოედნებზე უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ქობულეთის მოედანი. თითქოს, "დინამო" კლასით უნდა ყოფილიყო "შუქურაზე" მაღლა, ჩვენ კი მხოლოდ ბრძოლით მოვიგეთ.

- ასეთ დროს მთავარი რა არის? რით უნდა მოიგო თამაში?
- მთავარია ბრძოლა! ბრძოლაში უნდა მოიგო! გავედით, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ ის თამაში.

- შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვით, რამაც საუკეთესო მეკარედ თქვენი დასახელება გადაგვაწყვეტინა...
- დიდი მადლობა! მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ეს პრიზი საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს კოლექციაში.

- ისე, შვიდ თამაშში მხოლოდ ერთი გოლის გაშვება მშვენიერი შედეგია...
- ისეთი ჩემპიონატი იყო, ყველაფერი შეიძლებოდა, მომხდარიყო. ერთი ნაბიჯი რჩებოდა გავარდნიდან ევროთასებამდე. გული იმაზე დამწყდა, "დინამო" რომ ვერ გავიდა ევროთასებზე. წელიწადნახევარი ევროტურნირების გარეშე - ასეთი რანგის კლუბისთვის ეს მეტისმეტად დიდი პაუზაა.

- ადრე თუ მიგიღიათ პერსონალური პრიზი?
- კი, "ანჟიში" თამაშისას პირველი წრის საუკეთესო მეკარე გავხდი. "კრასნოდარშიც" მივიღე ერთი ინდივიდუალური პრიზი. ბავშვობაში არაერთი პრიზი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.

Sportall.Ge- "დინამოში" თქვენმა მისვლამ გაამართლა...
- კი, გამართლებული ნაბიჯი იყო. არ არსებობს ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც არ უოცნებია თბილისის "დინამოში" თამაშზე.

მერე რა, რომ ქუთაისელი ვარ?! რამდენი ქუთაისელი თამაშობდა "დინამოში" 1981 წელს?! ლევან სალუქვაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შემომთავაზეს და დავთანხმდი. ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით. სათამაშო პრაქტიკაც მქონდა და კარგი სტატისტიკაც.

არავინ თქვას, რომ სტატისტიკას არ აქცევს ყურადღებას. როგორც თავდამსხმელისთვის გოლი, ისევეა მეკარისთვის ფასეული კარის "მშრალად" შენახვა.

- ბათუმის "დინამოსთან" საპლეიოფო მატჩში დიდებული საგოლე მომენტიც გქონდათ...
- ალბათ, პირველად მოვხვდი ცხოვრებაში იმ ადგილას. დავარტყი და თორნიკე თარხნიშვილმა გამოიტანა კარის ხაზიდან ბურთი... სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე რეალური მომენტი ალბათ ეს იყო. პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ. მეორეში გადავეწყვეთ, შედარებით უკეთესები ვიყავით...

- თქვენი მშობლიური გუნდის, ქუთაისის "ტორპედოს" თაობაზე უნდა გკითხოთ...
- ...სხვათა შორის, საუკეთესო მწვრთნელად გამოკითხვაში კახა ჩხეტიანი დავასახელე. ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ ვამბობდი, რომ მისგან კარგი მწვრთნელი გამოვიდოდა. თასი მოაგებინა "ტორპედოს", უკეთესობისკენ შეცვალა გუნდის თამაში... რაც უნდა ვაქოთ ფეხბურთელები, თუ მწვრთნელის ფაქტორი არ დაემთხვა, ისე შეუძლებელია რამის მიღწევა.

ჩემთვის "ტორპედო" გუნდზე მეტია. მან მომცა ყველაფერი და მინდა, წარმატებები ვუსურვო.

არავინ თქვას, ფეხბურთისთვის თავის დანებება მირჩევნიაო...
- ეს თქვენი მეორე დაბრუნებაა საქართველოს ჩემპიონატში. პირველი იყო "დილაში", 2013 წელს...
- კარგი გუნდი გვყავდა მაშინ. გიორგი დევდარიანი იყო მთავარი მწვრთნელი, ლევან სილაგაძე - სპორტული დირექტორი... ძალიან საიმედო დაცვა გვყავდა, კომპაქტურად ვთამაშობდით, ყველაფერი დაგეგმილი და ორგანიზებული იყო, იდეალური შერწყმა მოხდა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების.

- ეს იყო დაბრუნება რვაწლიანი პაუზის შემდეგ...
- რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი ქვეყნის გუნდი მოხვდეს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე? სამწუხაროდ, "დილასთან" ეს ვერ შეძლო.

რომ ამბობენ, აქ დაბრუნებას და თამაშს ფეხბუთისთვის თავის დანებება მირჩევნიაო, არ ვეთანხმები კატეგორიულად!.. მე ორჯერ დავბრუნდი და წამითაც არ მინანია...

მინდორზე მისთვის მისალმება მოგერიდება...
- თქვენ სულ ახალგაზრდა, 18 წლისა წახვედით საქართველოდან...
- ამაში ძალიან შემიწყო ხელი მამუკა ჯუღელმა. მე არ მინდა, მასზე ვილაპარაკო, როგორც მენეჯერზე. ის ჩემთვის სამაგალითო ადამიანი, უფროსი მეგობარია. იყო შეთავაზება კიევის "დინამოდან", მაგრამ "რუბინში" წავედი. ალბათ, მეც შევუწყვე ხელი საკუთარ თავს. ვშრომობდი, ჯერ ბატე-სთან ვითამაშე ევროთასებზე ქუთაისის "ტორპედოში", მერე საქართველოს ნაკრებშიც დამიძახა გაიოზ დარსაძემ...

- რამ შეგიშალათ ხელი "რუბინში"?
- მე ვერ ვიტყვი, რომ იქ არ მენდობოდნენ ან რაღაც ასეთი, პირიქით. უბრალოდ, სულ ახალგაზრდა ვიყავი... ევროპის დიდ კლუბებში წასვლაზე ვოცნებობდი... ძალიან მეხმარებოდა და მენდობოდა ყურბან ბერდიევი.

- როგორი მწვრთნელია ის?
- ძალიან ძლიერი!

- უფრო კონკრეტულად...
- ყველა წვრილმანს, აბსოლუტურად უმცირეს წვრილმანსაც კი აქცევს ყურადღებას. არის დისციპლინის უზომოდ მოყვარული. მეტოქეს არჩევს ბოლომდე, დაწვრილებით. თავის დროზე, "ბარსელონას" რომ მოვუგეთ, ერთი კვირა სულ მეტოქეს ვუყურებდით. ზეპირად ვიცოდით მათი ყველა მოქმედება. ყველა ფეხბურთელმა იცოდა, მესი რომ ბურთს მიიღებდა, სად უნდა ყოფილიყო...

- გარედან ბერდიევი ძალიან თავისებური, მკაცრი და ჩაკეტილი პიროვნება ჩანს...
- ვერც კი წარმოიდგენთ, როგორია ის მოედანს მიღმა - ძალიან გახსნილი, მეგობრული... შეხვალ სტადიონზე და უცებ გარდაიქმნება. წეღან რომ გახსნილი იყავი ბოლომდე, ახლა მისალმება მოგერიდება.

Sportall.Ge

უბრალო რობერტო კარლოსი და ეტოო...
- "რუბინიდან" "ანჟიში" წახვედით, სადაც შესანიშნავი პერიოდი გაატარეთ...
- მივხვდი, რომ შანსი აღარ მექნებოდა "რუბინში" და სხვაგან უნდა წავსულიყავი. რიჟიკოვი ძალიან მაგრად იდგა. ორი სეზონის განმავლობაში, მგონი, 45 მატჩი ჩავატარე. გამოცდილებაც დამიგროვდა "რუბინში". თან, დაღესტანში ვცხოვრობდით, ვარჯიშის მეტს ვერაფერს გააკეთებდი, ძალიანაც რომ მოგენდომებინა...

მეორე წელს უკვე ვარსკვლავები მოვიდნენ. გაჯი გაჯიევი მაგრად მენდობოდა. თქვა - სანამ მე აქ ვარ, რევიშვილი ითამაშებსო. "ანჟიმ" მეკარის პოზიციის გარდა ყველგან ვარსკვლავები მოიყვანა - ეტოო, რობერტო კარლოსი... შეეძლოთ, მეკარეც ეყიდათ. იყო კიდეც ლაპარაკი მუსლერაზე, მაგრამ არ ქნა გაჯიევმა...

ისე ვიდექი, ბურთი თავად მპოულობდა კარში. მაგარ ფორმაში ვიყავი.

- როგორ დაახასიათებდით გაჯი გაჯიევს?
- ძალიან ძლიერი ფსიქოლოგია. ისე განგაწყობს, 100 პროცენტით და მეტადაც იხარჯები ყველა თამაშზე. ძალიან მაგრად მენდო. ის რომ წავიდა "ანჟიდან", ბევრი რამ შეიცვალა ჩემთვის.

- მაინც, რა იყო ის "ანჟი", ჩვენ წინაშე მეტეორივით რომ გაიელვა?
- ჩემი დაკვირვებით, მაინც მოკლევადიანი პროექტი იყო. სოჭის ოლიმპიადის წინ უნდა ენახა მსოფლიოს, რომ კავკასიაში სიწყნარეა. ჩამოვიდნენ ვარსკვლავები... ანუ, სწრაფ ეფექტზე იყო ყველაფერი გათვლილი. მოსკოვში ვცხოვრობდით და მახაჩყალაში მხოლოდ თამაშებზე დავდიოდით...

- როგორები იყვნენ ვარსკვლავები ახლო ურთიერთობაში?
- ძალიან უბრალოები. მაგალითად, სამუელ ეტოო გვარდიოლაზე ისეთ საინტერესო რამეებს მიყვებოდა... ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი უბრალო ხალხია ეს ყველაფრის მომგები ვარსკვლავები.

- ამის შემდეგ იყო "კრასნოდარი"...
- ძალიან კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს. კლუბის მეპატრონე გალიცკი ძალიან ჭკვიანი კაცია. თანდათან აწყობს გუნდს... ურჩევნია, მოიცადოს და ისე მიიღოს შედეგი. ამბობდა ჯერ კიდევ ადრე - სტადიონს რომ ავაშენებ, რეალურად მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი მერე მეყოლებაო. მაშინაც კარგი გუნდი გვყავდა - ჩემთან ერთად იქ იყვნენ ამისულაშვილი, მარცვალაძე...

- რატომღაც ისე მოხდა, რომ "კრასნოდარის" მაშინდელი მთავარი მწვრთნელი, სლავოლიუბ მუსლინი, არ გწყალობდათ...
- ვერ ვიტყვი, რომ ქართველებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩემთან რომ ყოფილიყო მარტო ასე, ვიფიქრებდი, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო-მეთქი, მაგრამ, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ გიორგი დემეტრაძესთან არ ჰქონდა მთლად იდეალური ურთიერთობა.

Sportall.Ge

უფრო ვერთობოდი, ვიდრე ვთამაშობდი...
- გაიხსენეთ მალტურ "ვალეტაში" გატარებული პერიოდი...
- პირველი ტიტულები მალტაზე მოვიგე. "რუბინი" ჩემს დროს ორჯერ კი გახდა ჩემპიონი, მაგრამ მე ჩემპიონად ვერ ვიგრძენი თავი, სულ სამი თამაში ვითამაშე... მერაბ ჟორდანიამ შემომთავაზა "ვალეტაში" თამაში. "ვიტესიდან" ჩამოიყვანა მწვრთნელი, ლეგიონერებიც იყვნენ. მაგალითად, ოვონიკოკო, რომელიც "გაგრასა" და "ზესტაფონში" თამაშობდა.

- და ისევ რუსეთში დაბრუნდით...
- რეალურად მალტაზე იმიტომ წავედი, რომ რუსეთში დავბრუნებულიყავი. "ტოსნო" პირველი ლიგის გუნდი იყო, მაგრამ ამბიციური პროექტი ჩანდა. სანკტ-პეტერბურგში ვცხოვრობდით, გეგმებიც ამბიციური იყო თავიდან... მერე ბევრი რამ შეიცვალა. სახელის გარდა, საკუთარი არაფერი ჰქონდა კლუბს. ძნელია, როცა არც ბაზა გაქვს და არც სტადიონი...

- და "მორდოვია"...
- რომ არა ფინანსური გაჭირვება, ეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან არ გავარდებოდა - არანაირი ხელშეწყობა ხელმძღვანელობის მხრიდან!

- იყო კოშმარული მატჩიც...
- კი, ცსკა-სთან... 3:0-ს ვიგებდით პირველი ტაიმის შემდეგ. შევდივართ გასახდელში, ვამხნევებთ ერთმანეთს. არ მოვეშვათ-თქო, ვამბობთ. ყველა დარტყმული გავიდა. როგორც ვარჯიშზე, ისე ვიდექით. კიდევ კარგი, მარტო ვიყავი სახლში, ჩავიკეტე და ვიჯექი ასე...

- სხვა დროს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
- 5 გოლი გავუშვი ბულგარეთთან, მაგრამ ის სხვა იყო. რაღაც ავიღე, რაღაც - ვერა, მაგრამ მაშინ ყველაფერი გავუშვი.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად ხშირად იცვლით კლუბებს?
- უნდა დაგეთანხმოთ. ალბათ, სასურველი იყო მეტი სტაბილურობა. იმავე "რუბინში", ალბათ, უფრო მეტად უნდა გამომევლინა თავი. ასე რომ ყოფილიყო, შესაძლოა, დღესაც იქ ვმდგარიყავი...

Sportall.Ge

მე და ლორიას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს...
- თუნდაც, ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, მოლოდინში ვართ, როდის იპოვით ახალ კლუბს...
- კვიპროსიდან არის შეთავაზება, ახნას "ეთნიკოსიდან". იცით, ეს გუნდი, ქართველები თამაშობენ იქ... არის მიმზიდველი ვარიანტები საზღვარგარეთიდან. ვგულისხმობ რუსეთს. ვნახოთ, თუ ამ თვის ბოლომდე რეალურად გამოჩნდა ინტერესი, ალბათ კვიპროსს ავირჩევ.

- ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებში ქართველი მწვრთნელები უფრო გენდობოდნენ, ვიდრე უცხოელები...
- პირველად გაიოზ დარსაძემ დამაყენა ნაკრებში. მეც რომ მწვრთნელი ვიყო, არ ვიცი, ვენდობოდი თუ არა 18 წლის მეკარეს. ამისთვის მას მადლობა მინდა გადავუხადო.

- ტოპმიოლერის დროს ცოტას თამაშობდით...
- კი და ნაკრების ბირთვიც ძალიან ხშირად იცვლებოდა. 6-7 ფეხბურთელი სულ იცვლებოდა შემადგენლობაში. მეც ახალგაზრდა ვიყავი. თურქეთთან და ურუგვაისთან რომ მოვიგეთ, კარში მე ვიყავი, მაგრამ მერე უკრაინასთან აღარ დამაყენა. გავბრაზდი და ვუთხარი კიდეც საყვედური...

- კუპერი...
- ის საერთოდ არ იძახებდა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს... არადა, მაშინ რუსეთში თამაშობდნენ ამისულაშვილი, გოგუა, მარცვალაძე... სხვებიც...

- თემურ ქეცბაიას დროს ყველაზე მეტი ითამაშეთ ნაკრებში...
- სანამ კონფლიქტები დაიწყებოდა, უდიდესი ერთიანობა იყო. შედეგად მივიღეთ ძალიან გრძელი წაუგებელი სერია და ხორვატიასთან თბილისური გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მშვენიერი შანსი გაგვიჩნდა. ისრაელში რომ მოგვეგო, 70 პროცენტით გასულები ვიყავით ჯგუფიდან, მე ასე ვფიქრობ. მესამე დღეს იყო თამაში, ჯანი აღარ შეგვრჩა. არადა, შანსი მაინც იყო...

- რატომ დაიწყო კონფლიქტები?
- უცბად მოხდა ყველაფერი. არ მინდა, ამ თემას მივუბრუნდე...

- გაიხსენეთ კახა ცხადაძის პერიოდი...
- მეც მქონდა შანსი და გიორგი ლორიასაც. მე ბრმა არ ვარ და როცა ძალიან სტაბილურად დაიწყო გიორგიმ თამაში, ის დადგა პირველ ნომრად. საერთოდ, მე და გიორგის შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს...

ცხადაძის დროს დაცვაში მაგრად ვიდექით - რაოდენობით კი არა, ხარისხით. შეტევაში დალაგდა თამაში. გერმანიასთან მატჩი ავიღოთ. რომ არა ნოიერის გიჟური თამაში, იმ მატჩის არწაგებაც შეიძლებოდა თავისუფლად...

სხვათა შორის, "რუბინის" მეკარეების მწვრთნელი იყო 2012 წელს სემინარზე, სადაც ცნობილი მეკარეები იკრიბებიან. ჩამოვიდა და მითხრა - კიოპკეს უთქვამს, არის მეკარე, რომელიც მალე მთლიანად შეცვლის მეკარის თამაშის მანერასო. ნოიერზე ამბობდა თურმე. გამართლდა მისი სიტყვები.

Sportall.Ge

შეიძლება, მოურინიო არ მიეღო გუნდს...
- და ნაკრებში ვლადიმირ ვაისი მოვიდა...
- ძალიან მინდა, რომ წარმატებას მიაღწიოს. ძალიან უშუალო და მეგობრული ადამიანია. სულ ინტერესდება ჩვენით. შეითვისა ჩვენი კულტურა. ცხადაძის დროს ისე იყო აწყობილი ნაკრები, შეიძლებოდა მოურინიო არ მიეღო გუნდს, მაგრამ ვაისი მიიღო...

ჩვენ ახლა შესარჩევში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ქულები, მაგრამ უკეთესია თამაშის ხარისხი და ეს მაიმედებს. კარგი იქნებოდა, მოლდოვასთან მოგვეგო... არადა, როგორი ზღაპრული ატმოსფერო იყო სტადიონზე...

- ესპანეთთან ამხანაგური მატჩი გაიხსენეთ...
- ტრავმა რომ მივიღე, ჩვენს ექიმს სულ ანგარიშს ვეკითხებოდი. გვიტევენ, გვიტევენო და... გავძელით. ზოგს ახლაც არ სჯერა, რომ სუფთად მოვიგეთ... ფეხბურთის ხიბლი სწორედ ამაშია... ისე მოხდა, რომ თავიდან ასაწყობი გახდა ჩემი მარცხენა ყვრიმალი...

Sportall.Ge

- და ბოლოს, სერბეთთან მატჩზეც...
- ძალიან ძლიერი მეტოქეა. სერბეთს არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. ჩემი ძველი ნაცნობი მუსლინიც ძლიერი მწვრთნელია. მე ზემოთ მასზე, როგორც ადამიანზე ვთქვი და არა - როგორც მწვრთნელზე. მჯერა, ქომაგი მოვა სტადიონზე. ერთხელ მუსლინის "ამკარს" მოვუგე რუსეთში და მინდა, მეორედაც მოვუგო.

ალეკო კაკაურიძე
გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი ბიჭი რომ იყო ნუკრი,ადრეც ვიცოდი,ჭკვიანიც ყოფილა და ძალიან მიხარია.უფრო ძლიერ ლიგაში წარმატებულ თამაშს გისურვებ ნუკრი და რა თქმა უნდა ნაკრებში ხშირ,მშრალად თამაშს.
რაც შეეხება სერბიას,ის შეტევაში ძალიან კარგია,მაგრამ დაცვაში აშკარა შეცდომებით თამაშობს და ამის გამოყენება აუცილებელია.
სოსო
11:52 28-01-2017
0
ნუკრი გისურვებ ცარმატებებს! ქალაქში არიან ადამიანები ტორპედოს წარმატებები რომ არ უნდათ.
გივი
12:56 28-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული