"მთავარია, სიომინი მენდობა. ის ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ქართველებისადმი"

AutoSharing Option
ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 25 წლის მცველი კლუბის გამოცვლაზე ზაფხულიდან მოყოლებული ფიქრობდა, რაკი ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია საერთოდ აღარ ენდობოდა.

"ლოკომოტივი" კი კვირკველიას გადაბირებას სეზონის დაწყებამდე აპირებდა, ოღონდ, ეგ იყო, ყაზანელები უარს ამბობდნენ. საბედნიეროდ, "რუბინის" ხელმძღვანელობამ ქართველს მწვანე შუქი აუნთო. ასე რომ, კვირკველია ახლა იმუშავებს იური სიომინთან, რომელსაც სხვადასხვა დროს გუნდში არაერთი ქართველი ჰყოლია - ზაზა ჯანაშია, მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ჭელიძე...

გუშინ საბამ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა:

"მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ძალიან მიხარია. დიდი ხანია, ამ კონტრაქტს ველოდი და, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა - ხელშეკრულება გავაფორმე და მოსკოვური გუნდის წევრი გავხდი.

მთავარია, სიომინი მენდობა. ის ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ქართველებისადმი...

რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, გეცოდინებათ, რომ "ლოკომოტივში" იჯარით გადავედი - მხოლოდ 3 თვით, მაგრამ შეთანხმებაში წერია, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მოსკოვურ კლუბს, სურვილის შემთხვევაში, ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვა შეუძლია.

ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საბა წარმატებებს გისურვებ, აბა შნ იცი დედაქალაქმა უფრო მეტი სტიმული უნდა მოგცეს, მეტი დამკვირვებელია. გფარავდეს უფალი.
gizog
21:00 25-02-2017
0
წარმატებას გისურვებ საბა
მერაბი
19:39 25-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული