მათე ვაწაძე: საქართველოს ნაკრები? ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
28 წლის მათე ვაწაძე თბილისის "ლოკომოტივიდან" დანიურ "ვიბორგში" გადავიდა. ვაწაძემ, ვისაც საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ 15 მატჩში 4 გოლი გაუტანია, დანიაში უკვე მოასწრო მეტოქის დამწუხრება, ოღონდ, არაოფიციალურ მატჩში...

იყო დრო, ის "ორჰუსის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. მერე გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და ახალმა დამრიგებელმა ჩვენებურს ნდობა და სათამაშო წუთები მოაკლო. მათე დანიაში კონკრეტული მიზნით დაბრუნდა - "ვიბორგს", რომელიც იქაურ სუპერლიგაში ბოლო ადგილზეა, უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს.

"ლელო" ვაწაძეს დანიაში დაუკავშირდა და ფორვარდთან ინტერვიუ ჩაწერა...

- თავდაპირველად, გვითხარით, როგორ მოხვდით "ვიბორგში"? იყო
თუ არა სხვა ვარიანტები?

- "ვიბორგში" გადასვლა ადრევე იყო დაგეგმილი, მაგრამ რაკი დანიის გუნდი იყო, ჩემმა ყოფილმა კლუბმა, "ორჰუსმა", არ გამიშვა. საუბარი იყო ასევე "სილკებორგზე". შემდეგ "ვიბორგის" ხელმძღვანელობამ ისევ გამოთქვა სურვილი, რომ ამ გუნდში მეთამაშა... რომ იტყვიან, 100-პროცენტიანი შეთავაზება იყო და არ შემეძლო, უარი მეთქვა. თავის დროზე, როცა იყო შეთავაზება სხვადასხვა გუნდებიდან, უარი ვუთხარი მათ და მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ, ჯობია, ყოველთვის იქ წახვიდე, სადაც მართლა იციან შენი შესაძლებლობები და გენდობიან. ეს ჩემს შეცდომებზე ვისწავლე.

- ალბათ, ახსოვდათ თქვენი თამაში... ისე, როგორ დაგხვდნენ კლუბში?
- მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე რთული სიტუაციაა, ეს გუნდის შიდა სამზარეულოზე გავლენას ვერ ახდენს. მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც მაქსიმალურად კარგი ატმოსფერო შემიქმნეს, რომ თავი უცხოდ არ მეგრძნო. დღეს უკვე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ადაპტაცია გავიარე ახალ გუნდში. ეს მწვრთნელისა და თითოეული მოთამაშის დამსახურებაა. უნდა გითხრათ ისიც, რომ "ვიბორგის" სამ ფეხბურთელს ვიცნობდი. ერთი სიტყვით, აქ თავს კარგად ვგრძნობ.

- "ვიბორგში" გადასვლამდე, ალბათ, რჩევა ჰკითხეთ თქვენს მეგობარ გიორგი ფოფხაძეს, ვისაც ამ კლუბში ადრე უთამაშია...
- რა თქმა უნდა, ველაპარაკე და რჩევა ვკითხე. მან მითხრა, რომ "ვიბორგში" ყველას იცნობს, რომ გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რომ უარი არ უნდა მეთქვა ამ შეთავაზებაზე. გიორგი აქ ყველას ძალიან უყვარს. დღესაც ძალიან დიდ პატივს სცემენ.

- როგორი გუნდია "ვიბორგი", როგორ ფეხბურთს ქადაგებს მწვრთნელი, დანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯონი მიოლბიუ?
- "ვიბორგის" მთავარ მწვრთნელს ადრე დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები, ევროპის ჩემპიონია, ძალიან კარგად გრძნობს ფეხბურთს, თითოეული მოთამაშის პლუს-მინუსს. ცდილობს, დადებითი მხარეები მაქსიმალურად გამოიყენოს თამაშში და უარყოფითზე კი ვარჯიშებზე გვამუშაოს. და რაც ძალიან მომწონს, ეს არის ტაქტიკური სქემა - მიოლბიუ 4-4-2 სისტემით თამაშობს. ვფიქრობ, გვაქვს ძალა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. ჩემი და ყველას უპირველესი მიზანიც სწორედ ეს არის.

- ვის დაუმეგობრდით ყველაზე მეტად და რამდენი ლეგიონერია გუნდში?
- თუ არ ვცდები, სულ შვიდნი ვართ. ფეხბურთელებთან მალე გამოვნახე საერთო ენა. ადრეც გითხარით, რამდენიმე მათგანთან ერთად უკვე მითამაშია. მოკლედ, ვიცნობ დანიურ მენტალიტეტს და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება. არც ადრე ყოფილა რამე ისეთი...

- დანიის ჩემპიონატს კარგად იცნობთ. ალბათ, ბევრი არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც სუპერლიგა დატოვეთ და სამშობლოში დაბრუნდით...
- სტილი და თამაშის ხარისხი იგივეა, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ გუნდები ახალი ლეგიონერებით გაძლიერდნენ.

- "ვიბორგის" უმთავრესი მიზანი სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებააო, თქვით. მიზანი ერთია და, რეალურად, რამდენად შესწევს ძალა გუნდს ამ მისიის შესასრულებლად?
- პირადად მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. დანიის ჩემპიონატში გამოვყოფდი სამ გუნდს, რომელიც დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა დგას. დავამატოთ ამას ისიც, რომ ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა. ჩვენ გვაქვს შანსი, მაგრამ კიდევ ბევრი ფაქტორია... მაგალითად, ის, გაგვიმართლებს თუ არა... რომ არ მჯეროდეს სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნების, "ვიბორგში" ნამდვილად არ გადმოვიდოდი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. დანიის ჩემპიონატის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

27 თებერვალს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს - ჩემს ყოფილ გუნდს, "ორჰუსს" ვმასპინძლობთ. აქ ყველა ქულა ძალიან ძვირად ფასობს და ეს თამაში თუ მოვიგეთ, მათთან ჩამორჩენას სულ რაღაც ორ ქულამდე შევამცირებთ.

- ბოლოს ტრავმა გაწუხებდათ. ბევრი გიკლიათ ოპტიმალურ ფორმამდე?
- მუხლის ტრავმამ მართლაც ძალიან შემიშალა ხელი იმაში, რომ მალე შევსულიყავი ფორმაში. პირველი თამაშიც სწორედ ამ მიზეზით გამოვტოვე. არ ვიყავი მზად 90 წუთის სათამაშოდ. მეც ასე ვფიქრობ და მწვრთნელთანაც ვისაუბრე ამ თემაზე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ორჰუსთან" მატჩი სასტარტოში დავიწყო და მაქსიმუმი გავიღო გუნდის წარმატებისთვის.

- დანიის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებში დაბრუნება სულაც არ არის წარმოუდგენელი. ალბათ, სწორედ ესაა თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი...
- ნაკრებს რაც შეეხება, ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. თუ ვაჯობებ სხვას და თავს კარგად წარმოვაჩენ "ვიბორგში", ალბათ კვლავ მექნება სანაკრებო შანსი. ამავე დროს, შექმნილ ვითარებაში ჩემს თავზე ბევრი უნდა ვიმუშაო. ჯერ აქ უნდა დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე ჯობია, ჯერ მანდ დაამტკიცე.
haha
14:03 26-02-2017
0
მინიმ 10 გოლს ველოდებით შენგან მათე.
gverda
13:53 26-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული