"გრონინგენში" ქართველი ფორვარდი გამოჩნდა, "ვალვაიკი" და "ზვოლე" რეალურია...

AutoSharing Option
ფოტოზე: მარჯვნივ ნიკა გოგუაძე
გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანაში არსებულმა მძიმე ფონმა ბევრი ქართველი აიძულა, უცხოეთში გახიზნულიყო. ამას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა - ევროპის ბევრ ქვეყანაში ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა, გაძლიერდა, გამრავლდა და ახლა ლამის ყოველდღე გვესმის, აქამდე უცნობი ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელის ამბავი...

ერთ-ერთ მათგანზე "ლელოს" ახლახან შეატყობინეს: ბელგიაში 18 წლის ნიკა გოგუაძე თამაშობს. ჩვენ მის მამას, კახა გოგუაძეს დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა მან:

"ნიკა 1998 წლის 15 ივლისს დაიბადა. მას საქართველოსთან ფესვები და წარმომავლობა აკავშირებს, მაგრამ ჰოლანდიაშია დაბადებული და
გაზრდილი. ჩემი ოჯახი საქართველოდან 1997 წელს წამოვიდა და უკვე 20 წელია, აქ ვცხოვრობთ.

ჩვენი შვილები - დათო და ნიკა აქ დაიბადნენ. უკვე ორივე სტუდენტია: ნიკა სპორტის განხრით სწავლობს, დათო - კომერციულზე. დათო 19 წლისაა. ისიც ფეხბურთელია, მარჯვენა მცველად თამაშობს.

რაც შეეხება ნიკას, თავიდან ის ქალაქ ვინსუმის საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. ცნობილი კლუბის, "გრონინგენის" საფეხბურთო აკადემიის სელექციონერებმა შენიშნეს. იცით, რომ ეს ჰოლანდიაში ცნობილი კლუბია, ერედივიზიონში თამაშობს და, რა თქმა უნდა, გადასვლა ამჯობინა. იქ ტესტირება გაიარა და გუნდში ჩაირიცხა. ბოლო ორი სეზონია "გრონინგენის" ასაკობრივ გუნდში თამაშობს და ბომბარდირობითაც გამოირჩევა", - ამბობს კახა გოგუაძე.

ქართველი ემიგრანტი შვილის მიწვევებზეც გველაპარაკა:

"ახლა ნიკას საინტერესო წინადადებები აქვს. სხვათა შორის, მცირე ხნით "ზვოლეს" დუბლებში იყო, სადაც 2 თამაში ჩაატარა. კლუბის ხელმძღვანელობამ გვითხრა - ზაფხულში კიდევ გამოვიძახებთო...

ამას გარდა, "გრონინგენში" თამაშის დროს ინგლისის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრები რომ ჩაატარეს, სხვა კლუბების სელექციონერებმაც შენიშნეს და დაინტერესდნენ. მენეჯერმა გვითხრა, რომ მათ შორის 2 კლუბი ერედივიზიონიდანაა, ოღონდ, ჯერ არ გვიკონკრეტებენ...

ცალკე სხვა გუნდიც დაგვიკავშირდა. ნიკა პირველი დივიზიონის კლუბ "ვალვაიკის" სკაუტებმაც შენიშნეს და საკონტროლო თამაშზე გასასინჯად დაიბარეს. ეს სპარინგი უახლოეს პერიოდში ჩატარდება და გავიგებთ, გადავა თუ არა პროფესიულ დონეზე.

"ვალვაიკი" სწორედ პროფესიული კლუბია და, ცხადია, აქ მეტი პერსპექტივაცაა. აქედან გამომდინარე, წასვლას და ძალების მოსინჯვას აპირებს. ერთი სიტყვით, 2 თვეც გავა და მერე გამოჩნდება, რომელ გუნდში ითამაშებს. დღევანდელი გადასახედიდან, უფრო "ზვოლესა" და "ვალვაიკის" იმედი მაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული