გზა ბუნდესლიგისკენ - რატომ ამჯობინა ლუკა ზარანდიამ პოლონეთი დანიას?

AutoSharing Option
ლუკა ზარანდია "გენკმა" შარშან თბილისის "ლოკომოტივში" იჯარით გამოუშვა, ხოლო ზამთარში 20 წლის ფორვარდმა ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი არ გააგრძელა, გუნდს დაემშვიდობა და გდინიას "არკაში" ჩაირიცხა. პოლონური ექსტრაკლასას კლუბთან ზარანდიამ 2,5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ლელომ" თბილისში, 21-წლამდელთა შეკრებაზე ჩამოსულ ფორვარდს ინტერვიუ ჩამოართვა...

- პოლონეთში გადასვლას იმედიანად უყურებდით, მაგრამ უცნობია, რატომ არ თამაშობთ "არკაში"?
- ტრავმა მქონდა და ახლახან მოვმჯობინდი.

- როდის დაშავდით?
- კონტრაქტის გაფორმებისთანავე. პირველი შეხვედრა ვარშავის "ლეგიასთან" გვქონდა, მაგრამ იურიდიული საკითხები მოსაგვარებელი იყო და ის თამაში გამოვტოვე. მეორე დღეს კი მწვრთნელმა
ქვედალიგელ "ვიეჰეროვოსთან" საკონტროლო შეხვედრა დანიშნა და მოედანზე შეგვიშვა ის ფეხბურთელები, რომლებიც უთამაშებლები იყვნენ. კოჭზე მყესები დამიზიანდა. სამი კვირა დასვენება და რეაბილიტაცია მომიხდა.

- ვარჯიში როდის განაახლეთ?
- ახალგაზრდულ ნაკრებში ჩამოსვლამდე 10 დღით ადრე, ამას ნაკრების შეკრებაზე სამი ვარჯიშიც დაემატა... ეს არის და ეს. ჯერ ფორმაში არ ვარ, მაგრამ მთავარია, გამოვჯანმრთელდი და მოედანს დავუბრუნდი.

- ბოლო დროს, პოლონური ფეხბურთისა და ჩემპიონატის დონე საგრძნობლად გაიზარდა. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა იოლი არ იქნება...
- მართალი ხართ, არ იქნება იოლი. თან "არკა" ამბიციური გუნდია, ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს და ძირითადში მოსახვედრად საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მაგრამ მე ამას შეგუებული ვიყავი, თავისით ადგილს არავინ დამითმობს, კონკურენციის კი არ მეშინია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავის გამოჩენის შანსი მექნება.

- თქვენს ტრანსფერამდე "არკას" თითქმის არ ვიცნობდით. არადა, აღმოჩნდა, რომ კლუბს მშვენიერი საფეხბურთო სტადიონი და ბაზა ჰქონია...
- ინფრასტრუქტურა პოლონეთში პრობლემა არ არის, მაგრამ "არკას" სტადიონი ევროპის ჩემპიონატისთვის ააშენეს. მართლაც ძალიან ლამაზია და იქ თამაშიც გსიამოვნებს. მაგრამ ყველაზე მეტად ფანებმა გამაოცეს - ასეთ გულშემატკივარს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა! წარმოიდგინეთ, თამაშამდე დაახლოებით 1000 ქომაგი ქალაქგარეთ გადის და როგორც თეატრში, მატჩისთვის რეპეტიციას გადის. გასვლით თამაშებზე 2 ათასამდე გულშემატკივარი დაგვყვება. მოკლედ, უმაგრესი ფანები გვყავს.

- დღევანდელ პოლონურ ფეხბურთს როგორ დაახასიათებდით?
- ფიზიკურად ძლიერები არიან, ძალისმიერ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ბევრს მოძრაობენ... ყველა გუნდში შეიძლება მოძებნო ლიდერი, რომელსაც თამაში მიჰყავს. გამორჩეული გუნდებია "იაგელონია", "ლეგია", "ლეხი"... ისინი აშკარა ფავორიტები არიან, დანარჩენების დონე კი დაახლოებით თანაბარია, ერთმანეთს თავს აკლავენ და წინასწარ ვერ იტყვი, ვინ ვის მოუგებს. ანუ, შანსი ყველასთან გაქვს და ეს დიდი სტიმულია.

რაც მთავარია, თავს თუ გამოიჩენ, გერმანელი მენეჯერები ყველა შეხვედრას ესწრებიან და ბუნდესლიგაში გზა ხსნილი გაქვს.

- დანიაში ამის გამო არ წახვედით?
- ესეც იყო და კიდევ სხვა მიზეზებიც. ბოლო წლებში, პოლონური ფეხბურთისა და მათი ჩემპიონატის დონე აშკარად გაიზარდა, რაც ნაკრების თამაშებიდანაც ჩანს. ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გაზარდეს, თამაშებზე ბევრი მაყურებელი დადის... მოკლედ, ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. პირობებიც კარგია - სავარჯიშოც და სათამაშოც.

ეს ვარიანტი რომ შემომთავაზეს, ცნობების მოძიება დავიწყე და ბევრი საინტერესო გავიგე, მერე პოლონური ფეხბურთის წინსვლის მიზეზებზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ დანიას ეს ვარიანტი სჯობდა. პოლონეთი საფეხბურთო ქვეყანაა და, რაც მთავარია, მეტი პერსპექტივაა. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი.

- გუნდში როგორ მიგიღეს?
- ძალიან კარგად. საერთოდ, პოლონელები თბილი, მეგობრული ხალხია და ადაპტაცია არ გამჭირვებია. მთავარია, ფორმა დროულად აღვიდგინო. თავად გუნდიც პერსპექტიული და ამბიციურია.

სხვათა შორის, ევროპის ლიგაზე მოხვედრის კარგი პერსპექტივა გვაქვს: თასის ნახევარფინალში გასვლაზე პირველი ლიგის "სუვალკის" 3:0 მოვუგეთ და მეეჭვება, მეტოქემ საპასუხო თამაშში სასწაული მოახდინოს და ოთხბურთიანი სხვაობით მოგვიგოს. პოლონურ კლუბში კი თასის ფინალსა და ევროპის ლიგაში თამაში კარგი პერსპექტივაა.

- ისლანდიასთან ახალგაზრდული ნაკრების მატჩებზეც ვილაპარაკოთ. მართალია, გოლები გავიტანეთ, მაგრამ დაცვა რამდენჯერმე ჩავარდა. საბოლოო ჯამში, გამოჩნდა, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს...
- გეთანხმებით, მეც იგივე აზრი დამრჩა. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა და გუნდს ნამდვილად ეტყობა დიდი პოტენციალი. თუმცა, შეუთამაშებლობის პრობლემაც გვაქვს თუ უფრო მეტი ხნით ვიქნებით ერთად, მეტ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ, ახალგაზრდული ნაკრები უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს.

სხვათა შორის, ისლანდიასთან სრული შემადგენლობით არც გვითამაშია, მეკარე გოშაძე და ფლანგის მცველები - ჩაბრაძე და თევზაძე გვაკლდნენ. ეს ბიჭებიც რომ დაგვემატებიან, წესით, ცუდი გუნდი არ უნდა გამოვიდეს და საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაც რეალური მგონია.

გეგუჩაძე ნამდვილ ფეხბურთზეა ორიენტირებული და გუნდს გამიზნულ, შემტევ თამაშს აჩვევს.

- ბევრჯერ გვსმენია, რომ გულშემატკივარი უახლოეს პერსპექტივაში ეროვნულ ნაკრებში გხედავთ. თავადაც ამბიციური ხართ და ბუნებრივია, ასეთი მიზანიც გექნებათ...
- რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში თამაში მსურს და ეს ყველა ფეხბურთელის მიზანია. მაგრამ მწვრთნელმა უკეთ იცის, ვინ და როდის გამოიძახოს. იმედია, ამას ჩემი თამაშით დავიმსახურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გვანახე ძმაო მაგის კლასი ან გვაყურებინე რამეზე სად ნახე ერთი და კი ბატონო თორემ სანამ ეგ ფორმაში შევა ...
kervala
21:12 01-04-2017
0
უნდა დაფრინავდე ბიზიკო ტორემ ფორმასჰი სჰესვლა გაგიგრზელდააა
bajo
20:24 01-04-2017
0

სიახლეები პოპულარული