ლევან მჭედლიძე: სიამოვნებით გავაგრძელებ კონტრაქტს "ემპოლისთან"

AutoSharing Option
დღეს ლევან მჭედლიძემ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად სრულყოფილად, რისი წყალობითაც დიდია ალბათობა, რომ ქართველი ფორვარდი მოედანს 2 აპრილს "რომასთან" საგარეო მატჩში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე ზურგისა და ფეხის კუნთის პრობლემების გამო თითქმის ორი თვეა, იძულებით უქმობს. ამ ხნის განმავლობაში "ემპოლიმ" ზედიზედ 6 მატჩი წააგო და სახიფათო ზონაშია.

სანამ უქმობდა, ქართველს ინტერვიუ "ილ ტერანომ" ჩამოართვა.

- როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ძალიან ბევრი თამაში გამოვტოვე, თუმცა ხასიათის სიმტკიცე არ დამიკარგავს. "ტორინოსთან" მატჩი რომ მახსენდება, ბურთის შეხებაც არ შემეძლო... ახლა კი
ყველაფერი კარგადაა და "რომასთან" დაბრუნების იმედი მაქვს.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტრავმას იღებთ. ამჯერად რა მოხდა?
- დიახ, ეს ასეა. ამჯერად ტრავმა სრულიად მოულოდნელად მეწვია. ბოლოს ბევრს ვთამაშობდი, გადაბმულად, ძნელი იყო ამის შენარჩუნება.

- თქვენი ტრავმა ძალიან ცუდ დროს მოუწია "ემპოლის", რომელმაც ამის შემდეგ ყველაფერი წააგო...
- ფეხბურთი ინდივიდუალური სპორტის სახეობა არ არის, აქ ყველა ერთად იგებს ან აგებს. თუკი მე მაშინ კარგად ვთამაშობდი, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურება იყო. მარილუნგოს წყალობით "კალიარის" გავუტანე, ვესელის დახმარებით - "უდინეზეს".

- მაგრამ გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი წააგო...
- და ეს ძალიან სამწუხაროა. ფანების გამო ვწუხვარ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს პირველ რიგში, ფეხბურთელებს გვაღელვებს. მაგრამ ჩვენ ვერ გავტყდებით. ნახავთ, რომში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- "ემპოლის" ფანები, როგორც მხსნელს, ისე გელიან...
- მე არ ვარ მხსნელი, ერთად შევძლებთ გუნდის დატოვებას ელიტაში. ხალხს აქ ყოველთვის ვუყვარდი, ვგრძნობ, რომ "ემპოლის" ნაწილი ვარ.

- ამის მიუხედავად, ბევრი დაიწერა თქვენს შესაძლო ტრანსფერებზე...
- სისულელეებია. კიდევ ერთი წლით "ემპოლის" საკუთრება ვარ და თუ კლუბს სურს, სიამოვნებით გავახანგრძლივებ კონტრაქტს. შეთანხმება განხილვის სტადიაშია და ვერაფერს ვხედავ, რაც ამას ხელს შეუშლის. ახლა "ემპოლი" ჩემთვის ოჯახივითაა და აქ მანამ დავრჩები, სანამ კლუბს დავჭირდები.

- გსურთ, მაკარონეს დარად, "ემპოლიში" 100 გოლი გაიტანოთ?
- ის დიდი ფეხბურთელია და ასეთი რამის მიღწევა ერთეულებს შეუძლიათ. კარგი იქნებოდა, მაგრამ ამაზე არც მიოცნებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული