Football.ua: რაში სჭირდება "შახტარს" დავით ხოჭოლავა?

AutoSharing Option
უკრაინული Football.ua ჩვენთვის მეტად საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სათაურით "რაში სჭირდება "შახტარს" ხოჭოლავა?"

- [ექსკლუზივი] "შახტართან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც კარგია"

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი დონეცკურ კლუბში გააგრძელებს კარიერას მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონს ოდესის "ჩერნომორეცში" ჩაამთავრებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის უკვე გაფორმდა 5-წლიანი კონტრაქტი.

ახლა კი ჩვენი უკრაინელი კოლეგების ნააზრევსაც გავეცნოთ...

"კრივცოვი, ორდეცი, კუჩერი, რაკიცკი და კიდევ რამდენიმე ამბიციური დუბლიორი საფეხბურთო აკადემიიდან. შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ ყიდულობს "შახტარი" ხოჭოლავას? ეს იმ ვითარებაში, როცა კრივცოვსაც კი აკლია
სათამაშო პრაქტიკა.

აქ არ არის არანაირი რებუსი. "შახტარი" კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოახდინო რეაგირება სიტუაციის ცვალებადობაზე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ოლიგარქიული ფული, ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრდება. ამ ტენდენციას კი რეაგირება სჭირდება.

ხოჭოლავას ყიდვა ორმაგად სარფიანია - ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც...

სტრატეგიული ასპექტი
გავიხსენოთ, რა მოხდა "კარპატიში", როცა ამ კლუბმა ფეხბურთელები 40-50-ათასიანი ხელფასიდან 10-ათასიან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ეს იყო შედეგი იმ რეფორმისა, რომლის მიზანიც საგადასახადო ბალანსის დაცვა გახლდათ. დღეს ლვოველებს ყველა აქებს წარმატებული მენეჯმენტის გამო.

იგივე ხდება "შახტარშიც". მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები უკვე აღარ არიან მზად, ბოლომდე დაიხარჯონ უკრაინის ჩემპიონატის მატჩებში. ევროთასებზე კი არ არის თამაშების ის რაოდენობა, რომლის გამოც ამხელა შტატის შენახვა ღირს. თანაც, დრო გვიჩვენებს, რომ შესაბამისი მოტივაციის გარეშე თვით მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც კი ვერ იძლევა ხანდახან შედეგს უკრაინულ ფეხბურთში. იქ მეფობს ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა!

თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ხოჭოლავას ტრანსფერით "შახტარისთვის" ახალი ერა იწყება. დონეცკელები უარს ამბობენ ძვირად ღირებული ლეგიონერების შეძენაზე. აქცენტი გაკეთდება საკლუბო აკადემიის აღსაზრდელებზე, უკრაინის ჩემპიონატში გაბრწყინებულ ფეხბურთელებზე (როგორც მოხდა ხოჭოლავასა და ბლანკო-ლეშჩუკის შემთხვევაში), ასევე, არცთუ ძვირ ლეგიონერებზე არცთუ წამყვანი ჩემპიონატებიდან, რომელთაც 2-3 წლის განმავლობაში ათამაშებენ ევროთასებზე, გაუკეთებენ რეკლამას და ამის შემდეგ ძვირად გაყიდიან.

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ წელიწად-წელიწადნახევრის შემდეგ "შახტარის" შემადგენლობაში ყველა ამჟამინდელ ბრაზილიელს ვერ ვნახავთ. ეს ნორმალური სამუშაო პროცესია, თუნდაც ხარჯების შემცირების კუთხით.

ტაქტიკური ასპექტი
ალექსანდრ კუჩერმა სათამაშო თვალსაზრისით ძალიან მოუკლო. თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ, აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესის ალბათობა ძალიან მცირეა. რაც შეეხება რაკიცკის, ის უკვე მზადაა, გადავიდეს ისეთ კლუბში, რომელიც გაცილებით სერიოზულ ჩემპიონატში თამაშობს.

აქ უკვე ადამიანური ფაქტორი ერთვება საქმეში. რაკიცკი კარგად ხვდება, რომ უკრაინის ჩემპიონატისთვის უკვე გადაიზარდა. არადა, ფეხბურთელისთვის ვერაფრით იქნება მართებული კლუბში რამდენიმე წლით დარჩენა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროთასებზე ითამაშოს. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ თავი უფრო დიდი დატვირთვების ფონზე გამოსცადოს. ასე რომ, გუნდიდან მისი წასვლა მაქსიმუმ ერთი წლის საკითხია.

რჩებიან კუჩერი და ორდეცი. "შახტარის" მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა მათ ბოლომდე ენდობოდა მისი დონეცკური კარიერის დასაწყისში. ასევე არის შანსი, რომ "შახტარში" გამოჩნდეს საკლუბო აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი კადრი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში შეძლებს ადგილის დამკვიდრებას ძირითად შემადგენლობაში.

ხოჭოლავა ულაპარაკოდ მიეკუთვნება ასეთი ფეხბურთელების კატეგორიას.

P.S.
ამავე კონტექსტში, როგორც "შახტარის" პოტენციურ ახალწვეულზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ რაფაელ ფორსტერზეც. საქმე ისაა, რომ კრივცოვი, ორდეცი და ხოჭოლავა არ ფლობენ ისეთ გრძელ პასს, როგორსაც - რაკიცკი. გუნდიდან მისი წასვლის შემთხვევაში (ლაპარაკია ორ უახლოეს სატრანსფერო პერიოდზე), "შახტარს" აუცილებლად დასჭირდება ისეთი ფეხბურთელი, ვინც მიახლოებით მაინც გააკეთებს იმას, რასაც დღეს რაკიცკი აკეთებს. უკრაინის ჩემპიონატში ერთადერთი ასეთი ფეხბურთელი ფორსტერია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოდის რომ შახტარი უახლოეს მომავალში დასუსტდება ევროპაში.უკრაინაში რაც ეყოფა მოსაგებად იმ დონის ფეხბურთელებს დაიტოვებს ან იყიდის.
გოდე
15:22 13-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული