რას უნდა ნიშნავდეს ეს? ლევან მჭედლიძის უარი "ემპოლის"

AutoSharing Option
კვირას ლევან მჭედლიძემ ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა და... ძალიანაც დაამწუხრა. იტალიის სერია A-ს XXXIII ტურში "ემპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ანგარიში მე-40 წუთზე, თავური დარტყმით გახსნა, თითქმის ისე, როგორც ეს 10 წლის წინათ, შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში (სადუბიუტო გოლი) გააკეთა...

მაგრამ 53-ე წუთზე 27 წლის ქართველს მეტოქემ ორთაბრძოლისას კოჭში ფეხი მოარტყა და მჭედლიძე ისე დაშავდა, მოედნის საკაცით დატოვება მოუწია. მაგრამ არის იმედი, რომ ამჯერად ის მძიმე ტრავმას გადაურჩება.

- [ლეგიონის უქმეები] ლევან მჭედლიძის გოლი და ტრავმა "მილანთან"
[VIDEO]


სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე, მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა:

"ჯერჯერობით, ტრავმა სერიოზული არ ჩანს. სამშაბათს ყველაფერი ზუსტად გაირკვევა. მადლობა ყველას მოლოცვისა და მოკითხვისათვის"!

"ემპოლიპლანეტაც" იმავეს იუწყება, რომ თამაშის შემდეგ სტადიონიდან გასვლისას მჭედლიძემ გულშემატკივრები დაამშვიდა:

"ყველას გული დასწყდა, როცა საკაცეზე ლევანი გატანჯული სახით გამოჩნდა. მარცხენა მუხლის დაზიანების გამო "მილანის" კარში პირველი გოლის ავტორი მოედნიდან სასწრაფოდ გაიყვანეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად ნაკლებად მძიმე ტრავმა უნდა ჰქონდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას, "სასუოლოს" წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც.

მატჩის დასრულების შემდეგ ლევანი სტადიონის შერეულ ზონაში გამოჩნდა და დაგვამშვიდა, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშო არ იყო".

სამწუხარო გამოცდილების გამო ლევანი ტრავმებში ისეთი გაცნობიერებულია, ეს მას არ ესწავლება. ამიტომ იმედოვნებს, რომ მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდება.

იტალიურმა ინტერნეტპორტალმა "სპორტმედიასეტმა" 10-ბალიან სისტემაში ყველაზე მაღალი შეფასება "ემპოლის" პოლონელ მეკარე ლუკაშ სკორუპსკის დაუწერა - 8. მან ეს დაიმსახურა, რადგან 59-ე წუთზე პენალტი მოიგერია და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განმუხტა. პოლონელის შემდეგ ყველაზე მაღალი (7) შეფასება, ორივე გუნდში, მჭედლიძემ დაიმსახურა.

საინტერესო იყო კომენტარი, რომლითაც "სპორტმედიასეტმა" ეს შეფასება დაასაბუთა:

"მშვენიერი თავდამსხმელია! ხშირ შემთხვევაში, როსონიერის დაცვას მარტო აწუხებდა".

ახლა კი ლევანის მომავალზე: ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ლევანმა ზაფხულში "ემპოლი" დატოვოს. საქმე ისაა, რომ მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის მაისამდე აკავშირებს. როგორც შევიტყვეთ, სულ რაღაც ათიოდე დღის წინათ ტოსკანურმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელს ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა და უარი მიიღო. ეს ლევანის ძმამ, გიორგი მჭედლიძემ გვითხრა.

ჯერ ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას "ემპოლის" "ცხრიანი". ფიფას წესებით, ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება მოქმედი ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვით ადრე, ანუ დეკემბერში შეუძლია. ახლა "ემპოლის" მწირი არჩევანი აქვს - ზაფხულში ქართველის ტრანსფერს დათანხმდეს, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ საკომპენსაციო მიზერით (რომელიც 180 ათას ევროს არ გადააჭარბებს) მოუწევს დაკმაყოფილება.

ცხადია, დავინტერესდით, რამდენად რეალურია, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, მჭედლიძე ინგლისურ კლუბში გადავიდეს. ეს ინფორმაცია დეკემბერში იტალიურმა მედიამ გაავრცელა, რომლის მტკიცებით, ბრიტანელები მზად იყვნენ, 2 მილიონი ევრო გადაეხადათ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერში.

- Tuttomercato: ინგლისელებს მჭედლიძეში ორი მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ

მაგრამ ლევანი დაშავდა და ეს მითქმა-მოთქმაც შეწყდა. მაგრამ მსგავსი ინფორმაცია მარტშიც გავრცელდა და კიდევ ერთხელ დავსვით კითხვა - ქართველი ინგლისში როგორ ითამაშებს?

დიდი ბრიტანეთის შრომის კანონმდებლობით, არაევროკავშირელი ფეხბურთელი იქაურ კლუბში რომ ჩაირიცხოს, ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშების 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული. ტრავმების გამო მჭედლიძეს ეს პრობლემა აქვს. მეორე ბარიერი კი ნაკრების დაბალი რეიტინგია.

დიდი ბრიტანეთის სამეფოს შრომის სამინისტრო სამუშაო ვიზას მხოლოდ იმ ქვეყნის მოთამაშეებზე გასცემს, რომლის ეროვნული ნაკრებიც ტრანსფერის დროს ფიფას რეიტინგში 70 საუკეთესოს შორის იმყოფება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამონაკლისებიც დაიშვება. დაინტერესებული კლუბის წარმომადგენლის მიმართვას საგანგებო კომიტეტი განიხილავს. კანონმდებლობა არ ვრცელდება იმ მოთამაშეზე, რომელიც გამორჩეული ტალანტია ან ტოპ-ლიგებში წლების განმავლობაში თამაშობს.

მჭედლიძის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ 10 წელია იტალიის სერია A-ს კლუბში თამაშობს, ხოლო 11 წელია ეროვნული ნაკრების მაისურა მოსავს. ეს კი გამონაკლისის დაშვების საფუძველს იძლევა.

მოკლედ, ინგლისი ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ ჯერ მჭედლიძე უნდა მომჯობინდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, ახალი სეზონიდან სად ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი ალბათობით დარჩება ემპოლი სერია A-ში და აჯობებს ლევანმაც გაახანგრძლივოს. უბრალოდ ძალიან არის მიდრეკილი ტრავმებისკენ და სხვა გუნდში ამდენს ნამდვილად არ აცდიან. ასე რომ ამ გუნდის ვალშიცაა ლევანი თავისებურად
zaza
02:35 26-04-2017
0
ინგლისში სამწუხაროდ შანსი არ აქვს. ისეთ ძალისმიერ ფეხბურთს ეს ვერ გაქაჩავს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული