- [ლეგიონის უქმეები] ცხრა გოლი, ჯანოს და ჯაბას ტიტულები [VIDEO]
ამ ტურამდე ის მოედანზე 5-ჯერ გამოჩნდა. ჯამში მას ერთ სრულ მატჩზე ნაკლები დრო გამოუვიდა - 71 წუთი. ლობჯანიძე პირველად ძირითადში 1-ელ მაისს, "კრილია სოვეტოვის" წინააღმდეგ გამოჩნდა, 7 მაისს კი შეუცვლელად ითამაშა და მატჩის გმირადაც მოგვევლინა...
- გილოცავთ ახალ გუნდსა და ლიგაში პირველ გოლს! ეს ყოველთვის და ყველგან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით...
- რა თქმა უნდა! როცა გუნდში ლეგიონერი ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება. პირველი გოლი კი გამორჩეულად აღსანიშნავი და სასიამოვნოა. თანაც, ახლა "ორენბურგისთვის" მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- ამ მოგების მიუხედავად, გუნდი ჯერ კიდევ მე-13 ადგილზეა და ბოლო სამ ტურში მძიმე თამაშები გელით...
- ერთი კონკურენტი, "ტომი", უკვე ჩამოვიშორეთ. არადა, დარჩენილ ტურებში შეიძლება ათეულშიც დავწინაურდეთ და პირველ ლიგაშიც გავვარდეთ. ასე რომ, მოდუნების უფლება არ გვაქვს.
მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ გადამწყვეტ მატჩებში სასურველი შედეგები ვაჩვენოთ. რთული მეტოქეები გვეყოლება - "ლოკომოტივი", "უფა" და "როსტოვი". მაგრამ მაინც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, სხვა გზა არ არის.
- ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ძირითადში თამაშობთ. ეტყობა, მწვრთნელის ნდობა დაიმსახურეთ, გარემოსა და მოთხოვნებსაც შეეგუეთ...
- თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ გუნდშიც კი შემთხვევით არავინ გათამაშებს. ჩვენი მწვრთნელის, რობერტ ევდოკიმოვის ნდობა ამიტომაც მახარებს. ყოველდღიურად მელაპარაკება, მამხნევებს და შეცდომებზე მიმანიშნებს. ის უბრალოდ შანსს კი არ მაძლევს, არამედ სამომავლო გეგმებსაც მიკავშირებს, შენიშვნებითა და რჩევებით კი ძალიან მეხმარება...
სხვათა შორის, წარმატება თანაგუნდელებმაც გულით მომილოცეს. იციან, რომ თავის დამკვიდრებას ვცდილობ და ისინიც მამხნევებენ.
- საერთოდ, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ნაკრებში მოხვედრაზეც ფიქრობს. თქვენი აზრით, ახლა ეს რეალურია?
- ეს ჩემი ოცნება და მიზანია, ამბიციაც მიჩნდება... მაგრამ რეალურია თუ არა ეს ამბიცია, მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ასე ვიტყოდი - ამ ოცნებასთან ახლა უფრო ახლოს ვარ, ვიდრე პირველ ტურებში, როცა მხოლოდ შეცვლაზე, თანაც ცოტა ხნით მათამაშებდნენ. მთავარია, დარჩენილ ტურებშიც ასე გავაგრძელო. თუ კარგად ავთამაშდები, მერე რატომ არ გამომიძახებენ?
- გოლის შემდეგ ტრიბუნისკენ რომ გაქანდით, "გული" გულშემატკივრებისთვის გამოსახეთ?
- გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ პირველ რიგში, ეს ჟესტი ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა ფეხმძიმედაა და მინდოდა, გამეხარებინა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"