[ოთხშაბათის საკითხავი] სად წავიდეთ?

AutoSharing Option
სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება და მოსალოდნელია ჩვენი ფეხბურთელების მორიგი გადინება საზღვარგარეთ. ევროპული გუნდები ჩვენებს კალთებს რომ არ აგლეჯენ, ეს ცნობილი ამბავია. ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეში თუ უნდათ ქართველი ფეხბურთელები და უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავარი მოთხოვნა კვლავ აზერბაიჯან-ყაზახეთიდან იქნება...

...და უკვე არის კიდეც. ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა დავწერო, რომ არ მემეტება ის არც ყაზახეთისა და არც აზერბაიჯანისთვის, სადაც ჯერ კიდევ "გაბალას" ფეხბურთელად ითვლება... თუმცა საკითხს გლობალურადაც შევხედოთ. ფაქტია - საქართველოს ჩემპიონატის დღევანდელი დონე
მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ან თამაშობს ჩვენს პირველობაზე.

დღეს საქართველოს ჩემპიონატში არ არის მაღალი დონის ბევრი შემსრულებელი. ისინი არც გუშინ იყვნენ, თუმცა მაინც არიან. რა შეხსენება გჭირდებათ - კვეკვესკირი სწორედ საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა აზერბაიჯანში...

მის მაგალითზე მსჯელობა ძალიან კარგად შეიძლება. წლების განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო დონე და ავტორიტეტი ისე დაეცა, რომ წამყვანი ჩემპიონატების თუნდაც საშუალო და დაბალი დონის კლუბები ასე პირდაპირ ჩვენი პირველობიდან ფეხბურთელის აყვანას ერიდებიან.

დამკვიდრდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ნორმალურ ევროპულ კლუბში გადასვლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ევროპული კლუბები დიდწილად არ ცდებიან, მაგრამ ჩვენთან მაინც არიან ფეხბურთელები, რომელთაც ყოველგვარი ტრამპლინის გარეშე შეუძლიათ თავისუფლად თამაში თუნდაც საშუალოევროპულ დონეზე.

არადა, წინადადებები არ არის. საქმე ისეა, რომ ხელაღებით ჩვენი ფეხბურთელების გამტყუნება ჭირს. ჩვენი პირველობა, იქნებ, ახლა ოდნავ უკეთესია, ვიდრე, თუნდაც, ერთი წლის წინ იყო, მაგრამ ზოგადად, ქართველი ფეხბურთელი მაინც ქვეყნიდან გაღწევაზე ფიქრობს...

მან იცის, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ეგრევე "ნაღდ" ევროპაში მოხვედრა ძალიან რთული, ან სულაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ეტაპზე. ამიტომ ის თანხმდება შეთავაზებას თუნდაც აზერბაიჯანული და ყაზახური კლუბებისგან.

...თანხმდება იმიტომ, რომ უკან ოჯახი უდგას. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში იმაზე გაცილებით მეტს იხდიან, ვიდრე საქართველოში. სუფთა სპორტული თვალსაზრისითაც ორივე ამ ქვეყნის ჩემპიონატი და კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა პირველობა საქართველოსაზე მაღლა დგას.

ფეხბურთელის კარიერაში დგება მცირე პროგრესის დრო. დგება, მაგრამ განზე რჩება ყველაზე სასურველი და მისასალმებელი - ევროპული პერსპექტივა. ჩვენები ვერ ხვდებიან იქ, სადაც ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ.

ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ჩემპიონატის სათამაშო დონის აწევაა. ჩვენ იმ დონეს მაინც უნდა მივაღწიოთ, როცა საქართველოდან ფეხბურთელები ისეთი ქვეყნების საშუალო გუნდებში მაინც მოხვდნენ, როგორებიც არიან ჰოლანდია, ბელგია, შვეიცარია... ეს იქნება ბოლოსწინა ეტაპი ევროპის ტოპ-ჩემპიონატში მოხვედრამდე. აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან კი ჩვენებს ევროპის წამყვან ლიგებში არ წაიყვანენ. ეს, უბრალოდ, გამორიცხულია! აი, შუა ევროპიდან კი შანსი გაცილებით იზრდება.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზრდასრული ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი, თუნდაც ჰოლანდიისა და ბელგიის გუნდებში, ძალიან ჭირს, რომ არაფერი ვთქვათ საუკეთესო პირველობებზე. გამონაკლისია გურამ კაშია, ვინც "ვიტესში" მას შემდეგ წავიდა, რაც კვალი დატოვა თბილისის "დინამოში". გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ბავშვობიდანვე გაეცალნენ საქართველოს. ასეთივე სიტუაციაა ბელგიაში მოთამაშე თუ იქიდან ცოტა ხნის წინ აბარგებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც.

ამჟამად, ტოპ-ჩემპიონატების უმაღლეს ლიგებში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს - "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე. არავინ იცის, როგორ აეწყობოდა მისი კარიერა, პატარაობიდანვე რომ არ წასულიყო საქართველოდან. ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება და მეც ვივარაუდებ - დღეს ის ვერ ითამაშებდა იქ, სადაც ახლა თამაშობს.

ასე რომ, ფეხბურთელების ხელაღებით გამტყუნებას თავი უნდა დავანებოთ და ერთად ვცადოთ საქართველოს ჩემპიონატის დონის აწევა. უკეთესობა უნდა გამოჩნდეს არა მხოლოდ ჩვენს ნაწერებსა თუ გულშემატკივრების მსჯელობაში, არამედ ევროთასებზე. სწორედ ამას აქცევენ ყურადღებას ევროპელები. ძლიერ გუნდებს სწორედ ევროთასებზე თავგამოჩენილი კლუბებიდან სჭირდებათ ფეხბურთელები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყაზახეთს და აზერბაიჯანს რუსეთს ნაღდად ვერ შევადარებ ერთმანეთს, რუსეთში თუ გაქაჩა ჩვენმა ლეგიონერმა ცუდი არაა, იქ გაცილებით მაღალი დონეა. ცოტა დავუკვირდეთ რას ვამბობთ.
kika
08:25 25-05-2017
0
MAGARI *** SATAURIA RAT UNDA KITXVA IMITOM MIDIAN ROM PULIA DA DONEC NORMALURIA RIT VER GAIGET:)
!!!!
16:53 24-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული