გზაგასაყარზე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ახალი გუნდების ძიებაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთ ფეხბურთელს მოუწევს ახალი გუნდის ძიება. სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება და, წესით, საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ...

გიორგი ლორია
31 წლის მეკარემ გასული სეზონი სამარის "კრილია სოვეტოვში" გაატარა. სამწუხაროდ, სამარული კლუბი რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა. რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას გეგმებში არ შედის რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობა. ის ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ეგაა, ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო, ბოლო დროს ის ყოველთვის ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.

საბა
კვირკველია

ყაზანის "რუბინში" უთამაშებლობის შემდეგ შესანიშნავად ჩაეწერა მოსკოვის "ლოკომოტივში" 25 წლის საბა კვირკველია და ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ხავი გრასიას დაუმტკიცა, რომ მასზე უარს ტყუილად ამბობდა. კვირკველიას საკლუბო მომავალი გაურკვეველია. ის ან "ლოკომოტივში" უნდა დარჩეს, ან "რუბინს" დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის უფრო სასურველი პირველი ვარიანტია, მაგრამ საკითხავია, შეძლებენ კი "რკინიგზელები" კვირკველიას გამოსყიდვას?

დავით ხოჭოლავა
24 წლის ცენტრალური მცველი დღითიდღე პროგრესირებს. გადაწყვეტილი ამბავია - ის დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს კარიერას. რა თქმა უნდა, უკრაინულ ტოპკლუბში სერიოზული კონკურენციაა, მაგრამ დავით ხოჭოლავას აქვს ყველანაირი შანსი საიმისოდ, რომ "შახტარის" ძირითადში დამკვიდრდეს.

ლაშა დვალი
22 წლის მცველი ამ დროისთვის იჯარით თამაშობს ყაზახურ "ირტიშში". ლაშა დვალი მშვენივრად შეეწყო პავლოდარულ კლუბს და სისტემატურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. მისი იჯარის ვადა მალე სრულდება და, დიდი ალბათობით, პოლონურ "შლიონსკს" დაუბრუნდება. სწორედ ამ კლუბს ეკუთვნის ჩვენებურის კონტრაქტი.

ჯაბა კანკავა
თუ სასწაული არ მოხდა, საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი აუცილებლად დატოვებს ფრანგულ "რეიმსს". ჯაბა კანკავა ბოლომდე ვერაფრით შეეწყო "რეიმსს" და მისთვის უკეთესი იქნება, თუ გარემოს შეიცვლის. ფრანგები ღიად აცხადებენ, რომ ქართველის ტრანსფერს ხელს არ შეუშლიან, ოღონდ, მისმა მსურველმა კლუბმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს, რადგან კანკავას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "რეიმსთან".

ბუბა დაუშვილი
შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ბუბა დაუშვილიც აუცილებლად დატოვებს უნგრულ "დიოშდიორს", რომელიც ჯერაც იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. როცა ჯანმრთელი იყო, 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი სისტემატურად თამაშობდა. მისი მისწრაფება გასაგებია - უნდა, უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოს.

ვალერი ყაზაიშვილი
24 წლის შემტევი ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, დატოვებს ვარშავის "ლეგიას" და დაუბრუნდება "ვიტესს". სწორედ იქედანაა ვაკო ყაზაიშვილი განათხოვრებული პოლონურ გრანდში. ის ვერ შეეწყო "ლეგიას" და პოლონური კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებაში, არ გამოისყიდონ ქართველის კონტრაქტი, გასაკვირი არაფერია.

გიორგი არაბიძე
იმ შემთხვევაში, თუ 19 წლის შემტევი "შახტარის" პირველ გუნდში არ დაწინაურდა, არ არის გამორიცხული, კარიერა რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელოს. "შახტარის" დუბლშემადგენლობის მიერ ჩატარებული ბოლო მატჩები ცხადყოფს, რომ გიორგი არაბიძე უკვე გადაიზარდა ამ რანგისთვის და მზადაა, დიდებში სცადოს ბედი.

გიორგი აბურჯანია
ის ძალიან ცოტას თამაშობს "სევილიას" მეორე გუნდში და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ზაფხულში ამ გუნდს დატოვებს. 22 წლის გიორგი აბურჯანიას მსურველები საკმარისად ჰყავს. ისინი არიან თუნდაც კვიპროსზე, სადაც ის ესპანეთში გადაბარგებამდე თამაშობდა.

ნიკა კაჭარავა
მას შესანიშნავი სეზონი აქვს კვიპროსზე. ამის გათვალისწინებით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მსურველები არ აკლია. ეგაა, 21 წლის ნიკა კაჭარავას ჯერაც კონტრაქტი აკავშირებს რუსული პრემიერლიგის ბინადარ "როსტოვთან". არ არის გამორიცხული, ნიკას მომავალი კლუბი თბილისის "დინამოც" იყოს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქურ გრანდს ნიკას მამა, კახა კაჭარავა ავარჯიშებს.

ბუდუ ზივზივაძე
23 წლის ბუდუ ზივზივაძეს დანიურ "ესბიერგში" საქმეები ჯერ ისე ვერ მისდის, როგორც თავად ისურვებდა და ჩვენც გაგვიხარდებოდა. ის აგრძელებს ბრძოლას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. მაგრამ, თუ ეს ბრძოლა გაიწელა, ალბათ, ფეხბურთელისთვის უმჯობესი იქნება, ისეთ გუნდში მოსინჯოს ძალა, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართველ ბიჭებს ყიდულობენ და შემდეგ ანათხოვრებენ რომ შემოსავალი მიიგონ. ამიტომ ჯობს ქართულმა კლუბებმა იჯარით გაუშვან და თუ კლუბები მინიმუმ 50 პროცენტს არ ათამაშებს დაიბრუნონ და უკეთესი ვარიანტის შემთხვევაში გაანათხოვრონ და არავითარ შემთხვევაში არ გაყიდონ.ამით დავიცავთ ჩვენს ბიჭებს პრობლემებისგან.
vako
21:43 27-05-2017
0
ბუდუ დაბრუნდი სამტრედიაში
დიტო
21:02 27-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული