პირდაპირ ცხადაძის წინააღმდეგ? ინტერვიუ ნიკა კვეკვესკირთან

AutoSharing Option
25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას ყაზახურ "ტობოლში" რომ აგრძელებს, ეს მკითხველისთვის არახალია. ის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და, აქედან გამომდინარე, მისი მომავალი ჩვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება....

"ლელო" კვეკვესკირს ყაზახეთში დაუკავშირდა და "ტობოლში" გადასვლის შემდეგ მასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორია თქვენი პირველი ყაზახური შთაბეჭდილებები?
- შთაბეჭდილებები აშკარად დადებითია. ყაზახეთში რომ ჩამოვედი, კლუბის პრეზიდენტი დამხვდა. გავიცანი ომარ თეთრაძე, "ტობოლის" მთავარი მწვრთნელი. დავათვალიერე საკლუბო ინფრასტრუქტურა, ბაზა და სტადიონი... თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. გუნდის კაპიტნის მეთაურობით პატარა ექსკურსიაც კი მომიწყვეს...

ახლა მთავარია, ჩემთვის ახალ ჩემპიონატში რაც შეიძლება მალე გავიარო ადაპტაცია. საამისოდ, ცდას და მონდომებას არ დავაკლებ.

- რამდენად დიდია კონკურენცია "ტობოლში" საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე? რა თქმა უნდა, თქვენგან ყველა ძირითად შემადგენლობაში თამაშს ველით...
- რა თქმა უნდა, კონკურენცია არის. ყაზახეთის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში "ტობოლი" მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. სიმართლე გითხრათ, სანამ ჩემს საკლუბო მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებდი, უკვე ვიცოდი ამ გუნდში ჩემი როლისა და ფუნქციის თაობაზე. სხვანაირად, ჩემი აზრით, ფეხბურთელმა არც უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში გარანტირებული არავის არაფერი აქვს, მაგრამ თუ იმას გავაკეთებ, რაც ვიცი და შემიძლია, აუცილებლად მექნება უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა. მეც ამის დიდი იმედი მაქვს.

- როდისთვის უნდა ველოდოთ თქვენს დებიუტს "ტობოლში"?
- 13 ივნისიდან შეუძლია გუნდს ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება. სწორედ ამ დროიდან შემიყვანს "ტობოლი" განაცხადში... სხვათა შორის, არის საკმაოდ რეალური შანსი იმისი, რომ ჩემი დაბიუტი კახა ცხადაძის "ქაირათთან" შეხვედრაში შედგეს.

- სანაკრებო თამაშებისთვის როგორ ემზადებით?
- ჩემი კონტრაქტი ძალაში 1 ივნისიდან შედის, მაგრამ მე გუნდს ნაადრევად შევუერთდი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სანაკრებო ფაქტორი იყო - მინდოდა, ამ ორ უახლოეს მატჩს მზადყოფნაში შევხვედროდი. მოკლედ, უკვე ვვარჯიშობ, თავს არ ვზოგავ...

არ ვნანობ, რომ 10 დღით ადრე ჩამოვედი. სეზონის დასრულების შემდეგ ცოტა დავისვენე და საქმეს შევუდექი. სანაკრებოს გარდა, რა თქმა უნდა, ადრე ჩამოსვლის მიზეზი ისიც იყო, რომ "ტობოლთან" ადაპტაცია დროულად გამევლო.

- ალბათ, გუნდს მიზნად ევროასპარეზზე გასვლა აქვს დასახული...
- კი, ნამდვილად ასეა. კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებით ითამაშოს. დიდი თანხები იხარჯება, ახლა ძველი სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ამის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ გუნდმა მოიპოვოს ევროთასების საგზური. ამისთვის კი ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში შესვლაა საჭირო. ჩემი აზრით, "ტობოლს" ნამდვილად შესწევს ამის ძალა.

- საინტერესოა, სანამ "ტობოლში" გადახვიდოდით, თუ გქონდათ სხვა შეთავაზებები? ერთი ის ვიცით, რომ "გაბალას" ძალიან უნდოდა თქვენი დატოვება...
- არაფერი დასამალი არ არის: რეალური შეთავაზება იყო მხოლოდ ორი გუნდიდან - "გაბალადან" და "ტობოლიდან". ჭორის დონეზე მესმოდა, რომ ინტერესი იყო ევროპული გუნდებიდან, მაგრამ რეალური მართლა არაფერი ყოფილა.

ამასწინათ, გითხარით კიდეც, როცა ჩემს მომავალს გადავწყვეტ, პირველად "გაბალასთან" მექნება კონსულტაციები-მეთქი. ასეც მოვიქეცი. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ვერ შევთანხმდით. იყო ძალიან დიდი ინტერესი "ტობოლის" მხრიდან და მე ეს არჩევანი გავაკეთე.

იმედია, შევძლებ გუნდისთვის და საქართველოს ნაკრებისათვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
არც მე მომეწონა მისი ტობოლში წასვლა,მაგრამ რა თქმა უნდა იქაც წარმატებებს ვუსურვებ.
ზოგიერთის საყურადღებოდ;წყალბურთს თამაშობს თურმე ნიკა ნამეტანი კარგად და ეს მოსწონებიათ ტობოლში,ეს ხუმრობით და ახლა წავედი რაგბიზე.წარმატებას ვუსურვებ პატარა ბორჯღალს.
სოსო
13:02 04-06-2017
0
რავა ტყვილა მქონდა მგონი იმედი? კაზახეთის ჩემპიონატს ვუყურე, ნეტა არ მეყურებია ტობოლის თამაში, არაა მაი სამეულის გუნდი და რა მისცეს ასეტი კვეკვეს. ევროპაზე თუარ მოხვდა სად გადავა მაგი, ვერსად.
vaso
12:06 04-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული