21 წლის ფეხბურთელმა სეზონი სწორედ "ხიმნასტიკში" დაიწყო, თუმცა სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით დანიაში გადაბარგება ამჯობინა. იქ კი კაკაბაძეს სათამაშო დრო ნამდვილად არ აკლდა.
საქმეები მთლად კარგად ვერ წაუვიდა "ხიმნასტიკს". ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ტარაგონულ კლუბს 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, რაც, მართალია, ჩემპიონატში ადგილს უნარჩუნებს, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი ბოლო ტურში შეიცვალოს, ვინაიდან გასავარდნ ზონაში მყოფ
ფეხბურთელის თქმით, რომელიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, მისი მომავალი იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "ხიმნასტიკი" ადგილს სეგუნდადივიზიონში.
- როგორ შეაფასებდი შენს პირველ ევროპულ სეზონს?
- დაწყებული თამაშით და დამთავრებული გარემოთი, პირველივე წელს ევროპაში დამკვიდრება ნამდვილად არაა იოლი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია, ჩემი პირველი ევროპული სეზონი დადებითად შევაფასო.
- დღევანდელი გადმოსახედიდან, "ესბიერგში" ტრანსფერს გამართლებულად მიიჩნევ?
- კი, რა თქმა უნდა. დანიურმა ფეხბურთმა დიდი გამოცდილება შემძინა. თამაში ყოველ კვირას მიწევდა და ეს სულ სხვა საქმეა.
- დანიურ კლუბთან იჯარა დასრულდა და ახლა ესპანეთში გიწევს დაბრუნება. "ხიმნასტიკის" ხელმძღვანელობას უკვე ესაუბრე შენს მომავალზე?
- "ხიმნასტიკის" ხელმძღვანელობასთან კონტაქტი იქიდან წამოსვლის დღიდანვე მაქვს და მათ ძალიან სურთ ჩემი დაბრუნება, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით მაინც ვერაფერს გეტყვით. "ხიმნასტიკს" ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი, რომელიც გადაწყვეტს, გუნდი სეგუნდადივიზიონში დარჩება თუ გავარდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ჩემი მომავალიც.
- თუ გავარდა, იქ არ დაბრუნდები?
- ასეთ შემთხვევაში კლუბთან შეთანხმება მაქვს, რომ კიდევ ერთი წლით გამანათხოვრებენ. ჯერ არ ვიცი, სად. ამაზე ფიქრს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიწყებ, თუ "ხიმნასტიკი" სეგუნდადივიზიონს დატოვებს. ამჟამად, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს და ჯერ სხვა კლუბების ვარიანტები არ მაქვს.
- დანიაში ორ ქართველთან, ბუდუ ზივზივაძესთან და ლაშა პარუნაშვილთან ერთად იყავი. შენგან განსხვავებით, ისინი ახალ კლუბს პირველ სეზონში ვერ მოერგნენ. თუ იცი, აპირებენ კლუბის გამოცვლას?
- უკეთესი იქნება, თავად მათ ჰკითხოთ, კარიერას სად გააგრძელებენ. ორივეს დიდი პერსპექტივა აქვს და ჩემ მსგავსად, მათთვისაც ეს პირველი ევროპული წელი იყო.
ჩემი აზრით, იმაზე მეტ სათამაშო დროს იმსახურებდნენ, ვიდრე მიეცათ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე დალაგდება და სტაბილურად ითამაშებენ.
- საქართველოს ნაკრებს ოთხი დღის ინტერვალში ორი მატჩი ელის...
- მართალია, ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენთვის ნაკრების აბსოლუტურად ყველა მატჩი დიდი მნიშვნელობისაა - არ აქვს მნიშვნელობა, როდის, სად და ვის ვეთამაშებით. ჩვენი თავდაჯერებულობისა და გულშემატკივრისთვის ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ.