დავით ხოჭოლავა: რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ოდესის "ჩერნომორეცის" 24 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავად ჩაატარა აწ უკვე დასრულებული კამპანია. მოგეხსენებათ, ის მომავალ სეზონს უკრაინული გრანდის, დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში დაიწყებს...

არავინ იცის, როგორი იქნება სატრანსფერო ბაზარი ქართველი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხოჭოლავას "შახტარში" გადასვლა, ალბათ, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩვენებურების საახალსეზონო მიდი-მოდიში...

ცოტა ხნის წინ უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ ხოჭოლავამ ხელი მოიტეხა. შესაბამისად, სულაც არ გაგვკვირვებია, მომავალ ორ სანაკრებო მატჩში ის
ეროვნულ გუნდს რომ გამოაკლდა. მაგრამ გასაკვირი ის იყო, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში კიევის "დინამოს" წინააღმდეგ რომ "ჩერნომორეცის" ძირითად შემადგენლობაში იყო.

ცხადია, ამან გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა ვიცით, რომ ხოჭოლავა არ არის ის ტიპაჟი, ნაკრებს იგნორირება რომ გაუკეთოს, მით უმეტეს, ის ეროვნულ გუნდში დამკვიდრების პროცესშია. ნაკრები სჭირდება მას და ნაკრებს სჭირდება ხოჭოლავა - ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, ამას თავად ფეხბურთელი გვიყვება...

- ჯერ უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა უნდა მოგილოცოთ. მართლაც დიდებული სეზონი გამოგივიდათ...
- მოლოცვისთვის დიდი მადლობა! ვფიქრობ, მართლაც კარგი სეზონი იყო, უპირველეს ყოვლისა, გუნდისთვის. თავიდან დავალება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ ჩვენთან თამაშის ყველას ეშინოდა. კინაღამ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით. ჩემთვის კი ორი განსაკუთრებული რამ მოხდა - გამომიძახეს საქართველოს ნაკრებში და კონტრაქტი გავაფორმე "შახტართან", უკრაინული და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან.

- ბოლო დროს "ჩერნომორეცის" აშკარა ლიდერად იქეცით. როგორ შეგელიათ კლუბი?
- მათაც დასწყდათ გული და მეც. ძალიან მივეჩვიე "ჩერნომორეცს", მაგრამ დგება დრო, როცა ახალ საფეხურზე უნდა ახვიდე, უფრო მაღალ დონეზე მოსინჯო ძალა. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.

- ფაქტია, "შახტარში" დიდი კონკურენცია იქნება...
- მაგისთვის მივდივარ სწორედ, რომ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. არ მეშინია კონკურენციის!

- კითხვა, რომელსაც ვერ ავცდებით: უკვე გამოცხადებული იყო, რომ უახლოეს ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებოდით და ამ დროს "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში ითამაშეთ. გვაინტერესებს, რა მოხდა?
- მოგიყვებით დაწვრილებით. სამი კვირის უვარჯიშებელი ვიყავი. ორმაგი მოტეხილობა მაქვს ხელზე და არანაირად არ შეიძლებოდა თამაში. თან ორი დღის წინ ვიყავი ნაკრების ექიმთან და მითხრა, რომ საოპერაციოა...

მოკლედ, ბოლო თამაში იყო კიევის "დინამოსთან". მწვრთნელმა მითხრა, სათადარიგოთა შორის იყავი, გულშემატკივრებს რომ დაემშვიდობოო. ამ ორი წლის განმავლობაში გუნდისთვის თავი არ დამიზოგავს და, ალბათ, დავიმსახურე გაცილება. მეც დავთანხმდი, მაგრამ სანამ გახურება დაიწყებოდა, სიურპრიზად მომიწყვეს - თურმე, სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი, რაც ნამდვილად არ მესიამოვნა, თანაც, საყრდენ ნახევარმცველად. ერთი სიტყვით, ფაქტის წინაშე დამაყენეს და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ვერ ვთქვი უარი. ალალად გეტყვით, რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი.

ნაკრებში თამაშზე უარს ვინ იტყვის?ამისთვის ვთამაშობ ფეხბურთს და...

- ხელი რა ვითარებაში მოიტეხეთ?
- უხერხულად დავეცი ვარჯიშზე. ორ ადგილას მაქვს მოტეხილი, ჯერ კიდევ არ შეხორცებულა.

- რას ფიქრობთ ორ უახლოეს მატჩზე?
- ორივე თამაში უნდა მოვიგოთ! აქცენტი მაინც მოლდოვასთან მატჩზე უნდა გაკეთდეს. მჯერა, მოვიგებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხელმოტეხილ კაცს რომ შემადგენლობაში დააყენებ,თანაც მასთან შეუთანხმებლად,მაგს ჰქვიაჩემი ურგები ქოთანიო.დათოს მხრიდან კი ეს არაპროფესიონალიზმად მიმაჩნია.ძალიან კარგი ბიჭია დათო,მის თავმოყვარეობაზე და ვაჟკაცობაზე ითამაშეს,მაგრამ შესაძლო შედეგებზე იმათ თუ არა თვითონ მაინც ხომ უნდა ეფიქრა?
შესანიშნავ კარიერას,რკინის ჯანმრთელობას და ცოტა მეტ პრაგმატიზმს გისურვებ დათო.
სოსო
10:43 09-06-2017
0
წარმატებები ძალიან მიხარია ყველა ახალაზრდის პატარა გაბრწყინება და კიდე ბევრი ბევრი ფეხბურთელი გვენახოს წარმატებული,რაც ყველაზე მთავარია არ უნდა დაკმაყოFილდნენ დღევანდელი დღით და უფრო ბევრი იმუშაონ და უფრო ძლიერ გუნდებში მოიკიდონ ფეხი
smouk
03:51 07-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული