- დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO+PHOTO]
შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ დონეცკელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
Sportall.ge-მ 23 წლის მცველთან ინტერვიუ ჩაწერა და უკრაინულ გრანდში პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.
- მას მერე, რაც შენი ტრანსფერი "შახტარში" გაოფიციალურდა, ოდესის "ჩერნომორეცში" შენ მიმართ ცუდად განეწყვნენ, არაპროფესიონალობაც კი დაგწამეს. ოდესელები ტრანსფერმა გაანაწყენა?
- მთავარ მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა შემინარჩუნდა, რაც მახარებს, რადგან მგონია,
კლუბის ხელმძღვანელობა კი იმიტომ გამინაწყენდა, რომ "შახტარში" უფასოდ გადავედი და კონტრაქტის ის პუნქტი გამოვიყენე, რომელიც ამის უფლებას მაძლევდა...
- ჩემპიონატის მიწურულს ტრავმა მიიღე, რის გამოც ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშე. ახლა როგორ ხარ?
- ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად. ოპერაციის გაკეთება ვერ მოვასწარი და რენტგენმა აჩვენა, რომ სამი მოტეხილობა მაქვს. მანამ, სანამ "შახტარი" შეკრებებს დაიწყებს, ბოლომდე გამოვკეთდები და ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას სრულად შევძლებ.
- "შახტარში" უკვე ივარჯიშე. როგორი გარემოა? როგორ დაგხვდნენ?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთი სიტყვითაც შემიძლია: იდეალური!
ამაზე უკეთეს სიტუაციას ვერსად წარმოვიდგენ. დამლაგებლით დაწყებული და მწვრთნელით დამთავრებული, ყველა "შახტარზეა" შეყვარებული და ეს ყველაფერი ძალიან ეტყობა გუნდს.
- ალექსანდრ კუჩერმა უკვე ოფიციალურად დატოვა გუნდი. ნიშნავს ეს იმას, რომ სეზონის დასაწყისიდანვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნები?
- ვნახოთ. ორი ცენტრალური მცველიდან ერთი იაროსლავ რაკიცკი იქნება, რომელიც, ვფიქრობ, უკონკურენტოა. აი, მეორე ადგილისთვის კი მე, ივან ორდეცს და სერგეი კრივცოვს ჯანსაღი კონკურენცია გვექნება. მთავარია, აქაურ ფეხბურთს ალღო მალე ავუღო, რომელიც ძალიან განსხვავდება "ჩერნომორეცის" სათამაშო სტილისგან.
- ამ ორი კლუბის საწვრთნელ პროცესში რამდენად დიდია განსხვავება?
- განსხვავება ძალიან დიდია. "შახტარში" სულ პრესინგს, გაცილებით წინ თამაშს ითხოვენ და აქ ორთაბრძოლებიც მეტია, დაზღვევას სხვანაირი ყურადღება ექცევა...
- პაულუ ფონსეკასთან გექნებოდა საუბარი. რა გითხრა?
- დიახ, მქონდა და საკმაოდ ხანგრძლივიც. ამიხსნა თავისი იდეოლოგია დაცვაში და მითხრა, იმედი მაქვს, ყველაფერში მალე გაერკვევი და შეძლებ დაცვის რგოლში ლიდერის თვისებების გამოვლენასო. ასევე მითხრა, რომ თავს უკვე გუნდის ნაწილად უნდა მივიჩნევდე და ვმოქმედებდე ისე, როგორც ამას დანარჩენები აკეთებენ.
- წინ ჩემპიონთა ლიგა გელოდება...
- ფორმის პიკში ვარ და მზად ვარ ჩემპიონთა ლიგისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სექტემბერში უკვე სრულად გამოვჯანმრთელდები და თამაშის დაწყების წინ ყველასთვის ცნობილ ჰიმნსაც მოვუსმენ.