წლის ქართული ტრანსფერი და სხვები... სად ითამაშებენ ნაკრების წევრები

AutoSharing Option
ყველა ცხელი სატრანსფერო ზაფხულის მოლოდინშია. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე იპოვა ახალი კლუბი, რამდენიმე კი ისევ მოლოდინშია.

რა ხდება დღეს ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა საკლუბო მომავალთან დაკავშირებით? ზოგიერთი ჩვენი მოთამაშის ტრანსფერი შეიძლება უკვე შეფასდეს დადებითად, ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად უკეთესს ველოდით, თუმცა, რას ვიზამთ... ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის საერთაშორისო ავტორიტეტი ძალიან დაეცა და ჭირს ნორმალურ გუნდში არათუ დამკვიდრება, არამედ წასვლაც კი.

საგანგაშო
ის არის, რომ საქართველოს ნაკრების რამდენიმე ლიდერს ჯერაც მოსაძებნი აქვს ახალი კლუბი...

გიორგი მაკარიძე
ცალკე წერილშიც ვწერთ: ის ან დარჩება "მორეირენშეში" და კონტრაქტით დარჩენილ ერთ წელიწადსაც გაატარებს ამ კლუბში, ან სხვა, უფრო სახელიან გუნდში წავა. ბოლოს ესპანური "დეპორტივოს" ვარიანტიც გამოჩნდა. ვფიქრობთ, მაკარიძე უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს, ვიდრე "მორეირენშეა".

Sportall.Ge

გიორგი ლორია
მას შემდეგ, რაც "კრილია სოვეტოვი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა, ველოდით, რომ ლორია ახალ, მისი საფეხბურთო ამბიციების შესაბამის კლუბს იპოვიდა, მაგრამ ის ჯერაც სამარული კლუბის მეკარეა და, ისე ჩანს, ახალ სეზონს სწორედ ამ გუნდში ჩაატარებს. ჯერ ერთი, რომ მას დღემდე კონტრაქტი აკავშირებს სამარულ კლუბთან და მეორეც - ბოლო დრომდე ტრავმა აწუხებდა და ასეთ ვითარებაში ტრანსფერზე ფიქრი ძნელია.

საბა კვირკველია
ამ შემთხვევაში შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ - კვირკველიამ უკვე გააფორმა კონტრაქტი მოსკოვის "ლოკომოტივთან" და იმედია, იური სიომინის ხელში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ოთარ კაკაბაძე
უკვე დატოვა დაბალ დივიზიონში დაქვეითებული "ესბიერგი" და კარიერას ისევ ყოფილ კლუბ "ხიმნასტიკში" გააგრძელებს, იქ კი დიდი ბრძოლა მოუწევს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

ჯიმი ტაბიძე
ახლახან გუნდი შეიცვალა - "ურალიდან" "უფაში" გადაბარგდა. ქაღალდზე მისი ახალი კლუბი ძველზე უკეთესად მოჩანს და ვნახოთ, ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ისე კი, უნდა ითქვას, რომ ტაბიძემ კარგად აუღო ალღო რუსულ პრემიერლიგას.

დავით ხოჭოლავა
გავრისკავთ და "შახტარში" მის გადასვლას წლის ქართულ ტრანსფერად შევრაცხავთ. თანაც, ისე ჩანს, მომავალ სეზონში ის დონეცკელთა ძირითადი შემადგენლობის მცველი იქნება და მისი ქომაგობა ჩემპიონთა ლიგაშიც მოგვიწევს.

ლაშა დვალი
ყაზახური "ირტიშიდან" პოლონურ "შლიონსკში" დაბრუნდა და ძალიანაც კარგი! აქ სხვა პოზიტიური მომენტიცაა - პოლონელები კატეგორიულ უარზე იყვნენ, რომ დვალს "ირტიშში" იჯარა კიდევ გაეგრძელებინა... და კიდევ ერთი - რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ყაზახური ფეხბურთის პროგრესზე, იქ თამაშს შუა ევროპაში რომ სჯობს ბურთის გორება, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს.

ბუბა დაუშვილი
დიდი ალბათობით, ისიც დატოვებს უნგრულ "დიოშდიორს", იმ იმედით, რომ უფრო კარგ გუნდში და ძლიერ ლიგაში გადავა.

ჯაბა კანკავა
ჯერ არ არის გარკვეული, წავა თუ არა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფრანგული "რეიმსიდან". ზუსტად ვიცით, რომ ამ დროისთვის კანკავა ფიქრობს და საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შეთავაზებები ექნება 31 წლის საყრდენ ნახევარმცველს.

Sportall.Ge

ვაკო ყაზაიშვილი
ყაზაიშვილი MLS-ში ითამაშებს, სადაც "სან ხოსეს" ღირსებას დაიცავს. ამერიკულ უმაღლეს ლიგაში ადრე არასოდეს უთამაშია ქართველ ფეხბურთელს და ამ კუთხით, ეს საინტერესო გამოწვევაა. ყაზაიშვილი იმ ასაკშია, რომ არც ევროპაში დაბრუნების იმედი უნდა გადაიწუროს. "ლეგიაში" მას არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და ამან მის სანაკრებო გამოსვლებსაც დაასვა დაღი. ამდენად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ყაზაიშვილს "სან ხოსეში" სტაბილურად ჰქონდეს პრაქტიკა.

ნიკა კვეკვესკირი
ყაზახურ "ტობოლში" მისი გადასვლა არაერთგვაროვნად შეფასდა. რა თქმა უნდა, კვეკვესკირისთვის მეტი გვინდა (უკეთესი გუნდიც და უკეთესი ლიგაც), მაგრამ ისიცაა, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთელს არ ჰქონდა სხვა რეალური შეთავაზება.

გიორგი არაბიძე
დიდი ალბათობით, ის "შახტარს" დატოვებს. მან ისიც თქვა, რომ არ აპირებს რუსეთში თამაშს. ჩვენც მანდ ვართ - არაბიძის ნიჭის მქონე ფეხბურთელს კარგ ევროპულ კლუბში გარჯა ძალიან მოუხდებოდა პროგრესისთვის.

ჯაბა ლიპარტია
მახაჭყალის "ანჟიში" გადასვლა ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იყო 30 წლის შემტევისთვის. ახლა ლიპარტიას საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ჯანსაღი ამბიცია ექნება.

ნიკა კაჭარავა
პოლონურ "კორონაში" მისგან ბევრ გოლსა და კარგ თამაშს ველით. "კორონა" უნდა იყოს ის კლუბი, რომელიც ნიკას უფრო უკეთესი გუნდისკენ გაუკვალავს გზას.

ლევან მჭედლიძე
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მჭედლიძე დატოვებს სერია B-ში დაქვეითებულ "ემპოლის". ამ დროისთვის, ყველაზე რეალური "ბოლონიას" ვარიანტია. ქართველი ფეხბურთელის გადაბირება "ტრაბზონსფორსაც" უნდა.

Sportall.Ge

ბაჩანა არაბული
არაბული უნგრულ უმაღლეს ლიგაში ახლახან აღზევებულ "ბალმაზუივაროშში" გააგრძელებს კარიერას. რა თქმა უნდა, უკეთესი კლუბი მისთვისაც გვემეტებოდა, თუმცა ფაქტია, საქართველოს ჩემპიონატის თუნდაც გამორჩეულ ფეხბურთელებს თავზე საყრელად არ აქვთ შეთავაზებები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველა ქართველ ფეხბურთელს ვუსურვებ მარალი დონის ლიგაში და მაღალი დონის გუნდში თამაშს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რონ ეს პირობა თვიღონ უნდა შექმნან, როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად.მეტი მონდომება და მეტი შესაწირი ფეხბურთს. დიდი ფეხბურთი ასეთი ბომონია, გაიხარეთ ბიჭებო სულ წინ გევლოთ.
gizog
20:32 11-07-2017
0
კაჭარავა რომ ხორვატი ყოფილიყო ან სერბი ტოპ ლიგების გუნდები ერთმანეთს შეეცილებოდნენ მისთვის.
კიკა
16:34 11-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული