მართალია, ორივე ქართული გუნდი მშრალად დამარცხდა, მაგრამ ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი მაინც ვიხილეთ - ლადო დვალიშვილმა ჰაიფას "მაქაბის" მოაგებინა. ლადოს გუნდმა სრულიად მოულოდნელად ბოლო ტურში გაანიავა ლიდერობა და ჩემპიონობა დათმო, ამიტომაც "მაქაბი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში მოხვდა. ებრაულმა გუნდმა გუშინ 1:0 მოუგო მინსკის "დინამოს". 30-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ჩვენმა თანამემამულემ 90 წუთი ითამაშა. ამ წყვილის გამარჯვებული მინსკში გაირკვევა.
გიორგი ადამიას "ყარაბახმა" სტუმრად 1:0 მოუგო კრაკოვის "ვისლას" და საპასუხო
მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა. გიორგიმ სასტარტოში ითამაშა და ის მხოლოდ მატჩის მიწურულს დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს. უკრაინული "დნიპრო" სერბულ ნოვი სადში "სუბოტიცასთან" 1:2 დამარცხდა. უჩა ლობჟანიძე სათადარიგო იყო.
რატი ალექსიძის "დიორი ეტო" შინ 0:1 დამარცხდა ფრანგულ "მონპელიესთან". რატიმ 58-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ის ვერას გახდა. 66-ე წუთიდან მოედანზე თეიმურაზ შარაშენიძე გამოვიდა. ეს შარაშენიძის დებიუტი იყო ევროთასებზე.