ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სამი ქართული კლუბიდან ერთმაც ვერ მოიგო და დიდად ვერც ლეგიონერები გამოირჩნენ. ერთადერთი ქართველი, რომლის კლუბმაც გასულ ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე გაიმარჯვა, გიორგი მერებაშვილია. მისმა "ვოივოდინამ" სტუმრად ლიხტენშტაინური "ვადუცი" 2:0 დაამარცხა. სერბთა ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
რუმინულმა "გაზ მეთანმა" ფინეთში "კუოპიოსთან" 0:1 წააგო. "გაზ მეთანის" ქართველმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ თამაში თავიდანვე დაიწყო, მაგრამ 42-ე წუთზე შეცვალეს.
ტირასპოლის "შერიფი" ბოსნიაში "ჟელეზნიჩართან" 0:1 დამარცხდა. ვაჟა თარხნიშვილი მოლდოველების სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაც მისი
ასაკის გათვალისწინებით გასაკვირი არ უნდა იყოს. კიდევ ერთი მოლდოვური კლუბი, "ისკრა-სტალი" შინ ხორვატიულ "ვარაჟდინთან" 1:1-ს დასჯერდა. მასპინძლების სათადარიგოთა სკამზე იჯდა სანდრო შუღლაძე.
აგდამის "ყარაბახმა" ფარერებზე "სტრეიმურს" ვერ სძლია - 1:1. აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში გიორგი ადამიამ შეუცვლელად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"