ქართული ლეგიონის მონაგარი - გაგვაქვს მხოლოდ "ჰიროშიმაში"

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ და თხრობაც გიორგი ფოფხაძის "შტურმით" დავიწყოთ. მიზეზს ბევრი ახსნა არ სჭირდება - ავსტრიის ჩემპიონი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონს" უმასპინძლებს და საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდნენ გრაცელები ბუნდესლიგის გასულ ტურში.

"შტურმი" სტუმრად "კაპფენბერგთან" 0:3 განადგურდა, თბილისური შეხვედრის შემდეგ კი გუნდს იმრე ჟაბიში და დომინიკ პიურხერი დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, პიურხერმა თბილისში დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა და "შტურმის" დაცვის მარცხენა ფლანგზე მისი ადგილი ფოფხაძემ დაიკავა, ამჯერად კი ყველაფერი პირიქით მოხდა: პიურხერი ძირითადში იყო, ფოფხაძემ კი ბუნდესლიგის წინა ტურში
მიღებული წითელი ბარათის გამო დაისვენა.

"შტურმმა" "კაპფენბერგთან" ამ შემადგენლობით ითამაშა: გრატცაი, ერენრაიხი, ნოიჰოლდი, ბურგშტალერი, პიურხერი, ვოლფი, ვებერი, კოხი (13. ფოდა), კაინცი (62. ჰაასი), კინასტი, ჟაბიში (69. მურატოვიჩი).

სამი ტურის შემდეგ "შტურმი" ათგუნდიან ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.

გადავინაცვლოთ გერმანიაში, სადაც თასის მატჩები გაიმართა. "შალკემ" სტუმრად 11:1 გაანადგურა "ტენინგენი", თუმცა, სამწუხაროდ, უკვე ძალიან დიდი ხანია, ლევან ყენიაზე ახალს ვერაფერს გეუბნებით და იმედია, მალე ვითარება შეიცვლება.

გერმანიაში მოთამაშე ორმა ქართველმა ვეტერანმა კი სათასო ეტაპი წარმატებით დაძლია. ლევან კობიაშვილმა და "ჰერტამ" სტუმრად "მოიზელვიტცს" იოლად აჯობეს, "კარლსრუესა" და მის კაპიტან ალექსანდრე იაშვილს კი "ალემანიასთან" შედარებით მძიმე ბრძოლა გადახდათ.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ამირან სანაიას კვლავ არ უთამაშია, "ლე მანის" სამწვრთნელო შტაბი კი გადაწყვეტილებას არ ცვლის და გიორგი მაკარიძეს მხოლოდ სათასო მატჩებში ათამაშებს, ჩემპიონატში კი თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე დიდიე ოვონო შეუცვლელია.

რუსეთში ქართველები მრავლად კი არიან, მაგრამ ამ უქმეებზე იქაურ პრემიერლიგაში ჩვენებურები მოედანზე ნაკლებად იყვნენ. 90-90 წუთი იმათ ითამაშეს, ვისაც საკუთარი გუნდის ძირითადში ადგილი დაუმკვიდრებია - ბუნებრივია, ნუკრი რევიშვილსა და ალექსანდრე ამისულაშვილს ვგულისხმობთ. სასიამოვნოა, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც მოხვდა "სპარტაკის" სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ ამჯერად სხვებისგან ვერ გამოირჩა. ყველაზე შთამბეჭდავი "ანჟის" მიერ "რუბინის" სტუმრად განადგურება იყო, აღსანიშნავია ლევან გვაზავას "ტერეკის" საგარეო გამარჯვება, სხვა ჩვენებურებს კი არ მოუგიათ.

განსაკუთრებით საგანგაშოდ ის ამბავი გვეჩვენება, რომ ტურიდან ტურამდე "ვოლგას" 18-კაციან განაცხადში ქართველთა რაოდენობა მცირდება.

ბევრს ვერც უკრაინაზე შევჩერდებით. სასიამოვნო ისაა, რომ იქ მოთამაშე რამდენიმე ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

ქართველი ლეგიონერის ერთადერთი გოლი კი არა ევროპაში, არამედ აზიაში გავიდა. როგორც ჩანს, "ჰიროშიმას" ვეტერანი დავით მუჯირი ჩინებულ ფორმაშია, შვეიცარიულ სუპერლიგაში კი ირაკლი ჩირიკაშვილის დებიუტი შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული