პერტიას მძიმე დასაწყისი ლატვიურ "ოლიმპსში"

AutoSharing Option
განვლილ უქმეებზე აზერბაიჯანული პრემიერლიგა დაიწყო და პირველი ტური რამდენიმე ქართველისთვის წარმატებული გამოდგა. ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე წვრთნიან, შინ თოვუზის "თურანს" 1:0 სძლია. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ძირითადში იყო მთავარი მწვრთნელის ვაჟი ბაჩანა ცხადაძეც, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველები "თურანშიც" არიან - ალექსანდრე გოგობერიშვილმა და გიორგი ბერიაშვილმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს, გიორგი ჭედია კი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

ბაქოს აზალ-მა, რომლის ღირსებასაც ნუგზარ კვირტია იცავს, სტუმრად ზაქათალის "სიმურგი" 3:0 გაანადგურა. კვირტიამ შეუცვლელად
ითამაშა. ბაქოს "რავანი" გასვლაზე განჯის "ქიაფაზთან" 2:3 დამარცხდა. "რავანის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი გულორდავა, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს.

გადავინაცვლოთ სომხეთში, სადაც ჩემპიონატი, შეგახსენებთ, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება. "ულისისა" და "პიუნიკის" ერევნული დერბი 1:1 დასრულდა. "ულისის" შემადგენლობაში თენგიზ უგრეხელიძემ, გიორგი კრასოვსკიმ, შოთა ჯიქიამ და ლევან აკობიამ ითამაშეს. ლევან ბუბუტეიშვილის "განძასარი" კი კვლავ ლიდერობს. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი შინ "შირაქი" 4:0 გაანადგურა.

ლატვიური "ოლიმპსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეტისმეტად წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა თამაზ პერტიას, რომლის გუნდიც რიგის "სკონტოსთან" 0:7 განადგურდა. "ოლიმპსი" ჯერჯერობით უიმედო აუტსაიდერია და იმედია, ქართველი სპეციალისტი თავის ხელს დაატყობს.

მოლდოვაში უქართველებოდ დარჩენილი "დაჩია" შინაურ კედლებში "ტირასპოლთან" 1:1-ს დასჯერდა, ტირასპოლის "შერიფმა" კი შინ "ზიმბრუს" 3:1 მოუგო. "შერიფის" უბერებელმა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"ანჟიდან" "ფახთაქორში" გადასული ირაკლი კლიმიაშვილი ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდება. ტაშკენტური კლუბი, რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, სამარყანდის "დინამოს" 0:0-ზე დაუზავდა. კლიმიაშვილმა და კახა მახარაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული