ივანე კანდელაკმა "სკონტოსთან" 3-წლიანი გააფორმა

AutoSharing Option
21 წლის ივანე კანდელაკი, რომელმაც გასული სეზონი რუსთავის "ოლიმპში" ჩაამთავრა, კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. მან რიგის "სკონტოს" შემადგენლობაში ერთი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ლატვიის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.

კლუბი მას მალე განაცხადში შეიყვანს და მიმდინარე კვირაში მის დებიუტსაც უნდა ველოდოთ. სატელეფონო საუბარში ეს თავად ფეხბურთელმა გვითხრა.

"კალინინგრადის "ბალტიკას" 2:0 მოვუგეთ. ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და 70 წუთის განმავლობაში ვითამაშე. "სკონტოს" მთავარ მწვრთნელ მარიან პახარსს ჩემი თამაში მოეწონა და ეს არც დამიმალა.

"სკონტოსთან" 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და 17 აგვისტოს "ელგავას"
წინააღმდეგ თუ არა, 21-ში ლიეპაიას "მეტალურგსთან" მაინც ვითამაშებ. 13-ში "იურმალას" წინააღმდეგაც შეიძლებოდა მეთამაშა, მაგრამ კლუბის განაცხადში შესაყვანად გარკვეული ფორმალობებია მოსაგვარებელი. ამასთან, ცოტა წელიც მტკიოდა და პახარსმა მითხრა, ნუ იჩქარებ, ტკივილგამაყუჩებელი ნემსითაც არ ითამაშო, ტკივილი მოირჩინე და უკეთესი დებიუტი გექნებაო".

ერთი სიტყვით, "სკონტოში" კარგად მიმიღეს, ჩემზე დიდ იმედს ამყარებენ, მწვრთნელებისგან და კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. ეს კი ფეხბურთელისთვის ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს. "სკონტოში" კარგად უნდა მოვემზადო. ჩემი მიზანი ახალგზრდულ ნაკრებში თამაშია და მჯერა, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებ", - გვითხრა კანდელაკმა.

რიგელებმა მარჯვენა მცველი იურის ლაიზანსი ვორონეჟის "ფაკელში" გაასხვისეს და კანდელაკს სწორედ ლაიზანსის შემცვლელად მოიაზრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული