მომხდარით აღშფოთებულმა "ინტერის" პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა თავის გუნდს მოედანი დაატოვებინა. აღსანიშნავია, რომ "ინტერის" კარში პენალტი 49-ე წუთზეც დაინიშნა და ლომაიამ დარტყმა მოიგერია. მატჩში გოლი არ გასულა.
ბუნებრივია, ამ სკანდალს აზერბაიჯანულ სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ინტერისა" და განსაკუთრებით მისი ქართველი მთავარი
ცხადია, თამაშის თვითნებურად მიტოვება არ არის კარგი საქციელი და "ინტერი" დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსაჯთა ბრიგადა მთელი მატჩის განმავლობაში "ბაქის" სასარგებლოდ მოქმედებდა.
ნიკოლოვმა ღიად განაცხადა, რომ მსაჯები მოსყიდულები იყვნენ: "მოედნის დატოვების გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე და ამიტომაც ამაზე პასუხისმგებლობასაც მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. ეს არ იყო ემოციურ ნიადაგზე გადადგმული ნაბიჯი, უნამუსო მსაჯობის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოგვეღო და ამიტომაც პროტესტის ეს ფორმა მისაღებად მივიჩნიე. პროტესტი მხოლოდ ლომაიას გაძევების გამო არ გამომითქვამს, მსაჯები მიზანმიმართულად მუშაობდნენ "ინტერის" წინააღმდეგ. რამილ დინიევის ბრიგადას ჩვენი ძაღლის უკანალში შეტენვა ჰქონდა დავალებული და ამ დავალებას ნახევრად პროფესიონალურ დონეზე ასრულებდა. ასეთ ჩემპიონატში თამაშს ის სჯობს, საერთოდ არ ითამაშო", - განაცხადა ნიკოლოვმა.
თავისი პოზიცია დააფიქსირეს "ბაქის" წარმომადგენლებმაც. გუნდის ლატვიელმა დამრიგებელმა ალექსანდრს სტარკოვსმა თქვა, ნურლან ნოვრუზოვს ლომაიას 45-ნომრიანი ბუცის კვალი მკერდზე ახლაც ეტყობა და ამიტომაც პენალტი დასანიშნი იყოო. ცხადაძეს ბრალი სტარკოვსის სიტყვიერ შეურაცხყოფაში დასდეს, რაც ქართველმა სპეციალისტმა კატეგორიულად უარყო.
აზერბაიჯანის პროფესიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტი მომხდარზე დღეს, 23 აგვისტოს იმსჯელებს და სასჯელებსაც ჩამოარიგებს. როგორც ამბობენ, "ინტერი" ქულების დაკლებას გადაურჩება და მხოლოდ ფულადი სანქცია დაეკისრება. ბუნებრივია, "ბაქისთან" მატჩში გუნდს წაგება ჩაეთვლება.
P.S. ბოლო ინფორმაციით, ნიკოლოვმა მოიპოვა ფაქტები, რომ ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში "ბაქის" მოგებაზე დიდძალი თანხა დაიდო. "ინტერის" პრეზიდენტი უეფაში წერილს გზავნის და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"