პოლონეთის ექსტრაკლასაში ლოძის "ვიძევმა" ლუბინის "ზაგლებიეს" უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა ძალამიძე, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. "ვიძევის" ქართველმა ტალანტმა პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში 6 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი გუნდი 16-გუნდიან ექსტრაკლასაში დღეისთვის მესამე ადგილზეა და ლიდერ "კორონას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
თურქული სუპერლიგის მეორე ტურში "ქაისერისფორმა" საკუთარ მოედანზე "ანთალიასფორთან" იწვნია მარცხი 0:1. შოთა არველაძის გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა.
თითქოს "ვოლგას" დუბლებში გადაყვანა არ კმაროდაო, გოგიტა გოგუასა და გოჩა ხოჯავას კიდევ ერთი უსიამოვნება შეემთხვათ. "ვოლგასა" და ნალჩიკის "სპარტაკის" დუბლების შეხვედრისას ხოჯავამ მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა, გოგუა კი 78-ე წუთზე მეორედ გააფრთხილეს და მოედანი დაატოვებინეს.
ასეთი იყო გუშინდელი საღამო ქართველებისთვის და იმედია, ჩვენი ლეგიონერები უქმეებზე უფრო კარგი ამბებით გაგვახარებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"