თასზე მხოლოდ ჯაბა ლიპარტიამ გაიტანა

AutoSharing Option
რუსეთის თასის მერვედფინალი ქართველებისთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა. იმ კლუბებიდან, რომელთა ღირსებასაც ჩვენი თანამემამულეები იცავენ, მეოთხედფინალში სამი გავიდა, ორი კი გათამაშებას გამოეთიშა. უშუალოდ ქართველი ლეგიონერებისთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერვედფინალების დღემ უფერულად ჩაიარა.

ეს დღე განსაკუთრებით ცუდად გასახსენებელი იქნება ჯანო ანანიძისთვის, რომელმაც წლეულს, ვინ მოთვლის, მერამდენე ტრავმა მიიღო. იგი მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში გაამწესეს, მაგრამ 39-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

წესით, დაზიანება არ უნდა იყოს საგანგაშო, მაგრამ მაინც უსიამოვნოა, ხშირი ტრავმები ჯანოს სტაბილურად თამაშის საშუალებას რომ არ აძლევს.

"ვოლგასთან" საშინაო მატჩში "სპარტაკი"
მე-4 წუთზე ეიდენ მაკგიდიმ დააწინაურა, 86-ეზე კი ანგარიში შოთა ბიბილოვმა გაქვითა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც ნიჟნინოვგოროდელებმა 6:5 გაიმარჯვეს. გია გრიგალავა ერთადერთი ვოლგელია, ვინც მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. "ვოლგას" განაცხადში სხვა ჩვენებური არ შეუყვანიათ.

"რუბინის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა საბა კვერკველია, რომელმაც ბოლო დროს სათადარიგოთა სკამზე ესპანელი სესარ ნავასის გამოჯანმრთელების გამო გადაინაცვლა. ყაზანელთა თავკაცმა ყურბან ბერდიევმა ამჯერად ნავასი დაასვენა, საბა კი 90 წუთით ათამაშა. "რუბინმა" პერმში "ამკარს" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე და 2:0 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ "ამკარის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა აშშ-ის მოქალაქე ზურაბ ცისკარიძე.

გროზნოს "ტერეკმა" შინ 2:0 სძლია ქვედალიგელ ვლადიმირის "ტორპედოს". ლევან გვაზავა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. "ანჟი" მოსკოვში "დინამოს" ძირითად დროში უგოლოდ ეთამაშა, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლი დედაქალაქელებმა გაიტანეს. მახაჩყალელთა კარს, ცხადია, ნუკრი რევიშვილი იცავდა.

სათასო მატჩები გაიმართა უკრაინაში, სადაც მერვედფინალისტები თითო თამაშით გამოვლინდნენ. "ზარიამ" სტუმრად "სლოვჰლებს" 2:0 მოუგო, ანგარიში კი ჯაბა ლიპარტიამ გახსნა.

"კარპატიმ" ასევე გასვლაზე 1:0 აჯობა "პოლტავას". სანდრო გურული ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლამდე მცირე ხნით ადრე, 64-ე წუთზე შეცვალეს.

"კრივბასმა" სტუმრად ბელაია ცერკოვის "არსენალი" 3:2 დაამარცხა. კრივოიროგელთა რიგებში 33-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა კანკავა, ახლად გამოჯანმრთელებულ უჩა ლობჟანიძეს კი არ უთამაშია.

ქართველთა გუნდებიდან გათამაშებას ორი გამოეთიშა - მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლი" დნეპროძერჟინსკის "სტალთან" 1:2 დამარცხდა, ლაშა ჯაკობიას "ზაკარპატიემ" კი ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" 0:1 წააგო. ღვინიანიძემ სრულად ითამაშა, ჯაკობიამ - ბოლო 9 წუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული