დავიწყოთ გიორგი ფოფხაძით, რომელმაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი "შტურმის" ძირითად შემადგენლობაში და კარგი პრესაც აქვს. გრაცელებმა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში გზიდან "ზესტაფონი" ჩამოიცილეს, სტუმრად 2:1 აჯობეს თბილისის "დინამოს" მძლეველ ათენის აეკ-ს. ფოფხაძემ სრულად ითამაშა. "შტურმი" 3 ქულით ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს მოსკოვის "ლოკომოტივთან".
ჰაიფას "მაქაბი" გელზენკირხენში "შალკესთან" 1:3 დამარცხდა. ლადო დვალიშვილი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, როცა გერმანელები 2:1-ს იგებდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ყვითელი ბარათი მიიღო.
ყაზანის "რუბინი" შინ ბერძნულ პაოკ-თან 2:2-ს დასჯერდა. შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი საბა კვერკველიამ, რომელმაც რეზერვისტებში ესპანელი სესარ ნავასის გამოჯანმრთელების შემდეგ გადაინაცვლა. ქართველთა გუნდებს შორის ევროპის ლიგაზე ყველაზე კარგი სატურნირო მდგომარეობა ჯერჯერობით სწორედ ყაზანელებს აქვთ. "რუბინი" 4 ქულით ჯგუფში პირველობას ინგლისურ "ტოტენჰემთან" ინაწილებს.
ამ კლუბს ქართველებთან კავშირი უკვე აღარ აქვს, მაგრამ მაინც აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ზესტაფონის" კიდევ ერთმა მძლეველმა "ბრიუგემ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა - ბელგიელებმა სტუმრად 2:1 მოუგეს ევროპის ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტს, პორტუგალიურ "ბრაგას". ამ მატჩზე უეფამ მსაჯთა დამკვირვებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების უფროსი ლევან ფანიაშვილი მიავლინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"