ირაკლი გასულ სეზონს "ლელოსთან" ერთად აჯამებს.
- "ინტერის" მთავარ მწვრთნელს ჯერ კიდევ პირველ ლიგაში თამაშისას მოვეწონე. მაშინ კპვ "ინტერს" თასზე დაუპირისპირდა. ტურკუელთა ხელმძღვანელობას ჩემი შეძენა სურდა, მაგრამ გუნდმა არ გამიშვა, რადგან კონტრაქტი მქონდა, შემდეგ კი "იაროში" გამანათხოვრეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "იაროში" მოუმზადებელი გადავედი, მათთან ერთად შეკრებაც არ გამივლია,
- მაინცდამაინც ფინეთზე რატომ შეაჩერე არჩევანი, საქართველოში თავის დამკვიდრება გაგიჭირდა?
- საქართველოში თამაში აღარ მინდოდა, ევროპულ კლუბში მსურდა გადასვლა. აქ რომელიმე გუნდში კი მოვეწყობოდი, მაგრამ ყველა შემთხვევაში წავიდოდი აქედან. საქართველოს ჩემპიონატი უკან მიდის და არა - წინ. ვერ უმატებ როგორც ფეხბურთელი, ერთ ადგილს ტკეპნი, წინსვლის არაფერი გეტყობა.
- ისე, არც ფინეთის ჩემპიონატია დიდად გამორჩეული.
- ფინეთის ჩემპიონატი ბევრით აღემატება საქართველოსას. ჩვენში რამდენიმე გუნდია ფინანსურად სტაბილური და ძლიერი ფეხბურთელებიც მათ ჰყავთ. როცა სათამაშოდ გადიან, იციან, ვის მოუგებენ და ვის - არა, ანუ არიან გუნდები, რომლებსაც, იცი, რომ აუცილებლად მოუგებ.
- შეგედავები: ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოადგილოსან "სიონს" "მეტალურგმა" ქულა ძლივს აართვა, გორმა ზესტაფონში 4:0 მოიგო, "დინამომ" კი "ბაიასთან" წააგო.
- "სიონს" ფული არ აქვს, ზუგდიდიც გაჭირვებულია, ასეთი გუნდი რომ "დინამოს" მოუგებს, ჩემპიონატი წინ მიდის? "დინამოში" ისეთი პირობებია, თამაშს არ უნდა აგებდნენ, გორის "დილასთან" რომ თასზე გამოვარდები, რა უნდა თქვა ამაზე? იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და არ მინდა, ეწყინოთ, მაგრამ რომელ წინსვლაზე ვილაპარაკოთ? ფინეთში მესამე ლიგის გუნდებსაც კი ისეთი მინდვრები და სტადიონები აქვთ, საქართველოში უმაღლესი ლიგის კლუბებს ენატრებათ. მით უმეტეს, ფინეთი ძალიან ცივი ქვეყანაა, ორი თვეა ზაფხული და ისიც ძალიანაც არ ცხელა. ვერ ნახავ გუნდს, ხარისხიანი მოედანი არ ჰქონდეს. ყველა პირობაა, ფეხბურთი ნორმალურად რომ ითამაშო.
- ცივ ქვეყანასთან ადაპტირება არ გაგიჭირდა?
- საერთოდ, სიცივის არ მეშინია, შეჩვეული ვარ და არც გამჭირვებია. აქ ყინვები მინუს 30-35 გრადუსამდეა. შარშან, მაისში, პირველად რომ ვითამაშე ფინეთში, თოვლი წამოვიდა.
- "ინტერში" როგორ შეგხვდნენ, რა ნომრით ითამაშებ?
- ძალიან კარგად შემხვდნენ, რამდენჯერმე ვივარჯიშე კიდეც. აქამდე 16 ნომრით ვთამაშობდი, ახლა კი 10 ნომერი მსურს და, მგონი, ასეც იქნება.
- პირველ ლიგაში 25 გოლი გაიტანე და ბომბარდირი გახდი, შემდეგ "იაროშიც" გამოიჩინე თავი, თუმცა ნაკრებში... ფინეთის ჩემპიონატი სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებს?
- რთული კითხვაა. ეტყობა, არ ვიმსახურებ გამოძახებას. ფინეთში რომ წავედი, აქ ამბობდნენ, ვერ ითამაშებსო. პირველი ლიგის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი რომ გავხდი, პირველი ლიგა რა არისო. გადავედი უმაღლესში, იქაც გავიტანე და, ახლა ფინეთის უმაღლესი ლიგა რაღააო.
მოკლედ, სადაც თამაში დავიწყე, ის ლიგა არ ვარგებულა, იტალიაში რომ წავიდე და იქ გავიტანო, მაშინაც იტყვიან, იტალია არ ვარგაო.
- 29 წლის ხარ, რა პერსპექტივას ხედავ, დარჩები ფინეთში?
- 30-ს რომ გადავაბიჯებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაში აღარ შემეძლება. მთავარია, რეჟიმში იყო და სპორტულად იცხოვრო, ასე 35 წლისაც კი ითამაშებ. ფინეთიდან წამოსვლას არ ვაპირებ, თავს კარგად ვგრძნობ და ვითამაშებ, სანამ შემეძლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩემპიონატების დონეების შესადარებლად რეიტინგს ჩახედეთ.
წელს პუკი ფინეთიდან პირდაპირ შალკეში გადავიდა და დუბლიც ხია ბოლო ტურში. ბუნდესლიგაში და სხვა (ჰოლანდია...)ლიგებში რეგულარულად გადადიან ფინური ლიგიდან. ანუ, ფეხბურთელისთვის იქ თამაში ჯობია.