მწვრთნელი მათესგან გოლებს ელის

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მათე ვაწაძეს 23 წელი შეუსრულდა და ეს თარიღი მისი კლუბის, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ.

კლუბის შეფებმა, ფეხბურთელებმა და ფანკლუბის წევრებმა მათეს დაბადების დღე "ვოლგას" ვებგვერდის მეშვეობით მიულოცეს. მის მიმართ თბილი სიტყვები არც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ჩერიშევმა დაიშურა.

"მათე ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, რადგან ვაწაძე საკუთარ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და მთელი საწვრთნელი პროცესის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს.

ვულოცავ მას დაბადების დღეს და
ბედნიერებას, ჯანმრთელობას და რაც შეიძლება ნაკლებ ტრავმას ვუსურვებ. მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათეს საგოლე მადა გაეხსნება და შეუჩერებელი გახდება", - განაცხადა "ვოლგას" თავკაცმა.

იმედია, მისი სიტყვები გულწრფელია და მომავალშიც ენდობა ვაწაძეს. ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს იმის იმედი, რომ მათე ჯანმრთელადაც იქნება და გაისად რუსული პრემიერლიგის ბომბარდირებშიც გაერევა.

რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში მათეს ანგარიშზე 20 მატჩი და 1 გოლია, რაც თავდამსხმელისთვის ნამდვილად არ არის შთამბეჭდავი მონაგარი, მაგრამ ფაქტია, რომ "ვოლგას" სამწვრთნელო შტაბს მისი სჯერა - სხვაგვარად, დანარჩენი ქართველებისგან განსხვავებით, გუნდში არ დაიტოვებდნენ.

"ვოლგა" პრემიერლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა და გაზაფხულზე უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოლებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვაწაძემ და კიდევ ერთმა ყოფილმა თბილისის დინამოელმა, ამჟამად არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ "დინამოს" განახლებული საწვრთნელი ბაზა მოინახულეს და ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული